"უცხო თვალისთვის ბედნიერად ცხოვრობენ, კარგი ცოლ-ქმრის როლებს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება" - კვირის პალიტრა

"უცხო თვალისთვის ბედნიერად ცხოვრობენ, კარგი ცოლ-ქმრის როლებს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება"

ეჭვიანობის გამო მომხდარი როგორი ამბავი არ მსმენია, მაგრამ ნანუკას მონათხრობი განსაკუთრებულია.

ნანუკა: - კარგა ხანს ვიყავი უმუშევარი და როგორც იქნა, ერთ კომპანიაში მოვეწყვე. გასაუბრებაზე ორი ქალი იყო. ერთი კადრების სამსახურის უფროსი ყოფილა, მეორე - ჩვენი შეფის ცოლი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია კომპანიაში, მაგრამ ყველას და ყველაფერს ადევნებს თვალს. თავიდან მეგონა, რომ ეს კომპანია ამ ქალის იყო, რას ვიფიქრებდი, რომ ქალი ავადმყოფური ეჭვიანობის გამო აკონტროლებდა ქმარს.

- რას გეკითხებოდა გასაუბრების დროს?

- მხოლოდ კადრების უფროსი მესაუბრებოდა, უფროსის ცოლი კი უცნაურად მაკვირდებოდა, შემდეგ მკითხა, გათხოვილი თუ ხარო. გავიკვირვე, სამსახურში მიღების დროს ეს რა საკითხავია-მეთქი. ლამაზი გოგო ხარ და ცნობისმოყვარეობის გამო გკითხეო, -  თქვა ნატამ, მერე ჩემს სივს დახედა და უცებ მკითხა, რომელ საათზე დაიბადეო. განცვიფრებულმა მივუგე, - არ ვიცი-მეთქი. დილით დაბადებულს ჰგავხარ, ნათელი სახე გაქვსო, ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. ძალიან უსიამოვნო გრძნობა დამრჩა. აღარც კი მინდოდა იმ სამსახურში მიღება. არადა, სამ დღეში დამირეკეს და მუშაობა დავიწყე.

- სხვა გოგონებსაც ამგვარ დაკითხვებს უწყობდა ის ქალი?

- როგორც მერე გავიგე, კი. დაბადების საათი კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ ქალების ასტროლოგიური რუკები შეედგინა და ენახა, რომელიმეს შეიძლებოდა თუ არა მისი ქმრისკენ გაჰქცეოდა თვალი. ვიღაც ასტროლოგი ჰყავს დაქირავებული და ყველა ჩვენგანზე ამ გზით აგროვებს ინფორმაციას. თუმცა, მას რომ ჰკითხო, კადრების მართვის იაპონურ სისტემაზე მუშაობს და ამ ფორმით ადგენს, რომელი თანამშრომლები უკეთ იმუშავებენ გუნდურად, ვინ ვისთან ერთად უნდა იჯდეს ოთახში, ვისთვის როგორ სჯობს მუშაობა, წყვილად, თუ ცალკე.

როგორც მითხრეს, თავიდან არ ყოფილა ეჭვიანი. მის ქმარს ერთ-ერთ თანამშრომელთან რომანი გაუბამს, იმ ქალს ბავშვიც გაუჩენია და მას შემდეგ შეშლილა ნატა. კაციც ვერ ან არ ეწინააღმდეგება, რადგან ნატას ერთხელ თავის მოკვლაც უცდია.

სამსახურში ყველა მშვიდად ვართ, მხოლოდ ეს  საწყალი ქალი შფოთავს. ახალი თანამშრომლები მასზე რომ ჭორაობენ, ვუბრაზდებით, ვურჩევთ, თავი ნატას ადგილზე წარმოიდგინონ. ნატას ქმრის მეტი თითქოს არავინ აინტერესებს. სამი შვილი ჰყავთ, ბავშვებს ძიძები უვლიან, ნატა კი ქმრის კვალს დასდევს.

ერთხელ რესტორანში შესულა მეგობართან ერთად. იქ დახვედრია ქმარი, უცხოელ პარტნიორთან, რომელსაც თურმე ქართველი თარჯიმანი გოგონა ახლდა. საშინელი ამბები აუტეხია, იმ გოგოსთვის უთქვამს, შენ საჭირო არ ხარ, თარჯიმანი მე ვიქნებიო. თურმე აიძულა, წასულიყო.

ერთხელ ჩვენი უფროსის კაბინეტიდან ისეთი ჩხუბის ხმა გამოდიოდა, რომ კინაღამ პოლიცია გამოვიძახეთ. დაცვაც კი გარეთ, კართან იყო უხერხულად აწურული. მდივანმა ჩუმად შეიხედა ოთახში და დაინახა, ნატა თითის ქნევით როგორ ეჩხუბებოდა  ქმარს.

უცხო თვალისთვის ბედნიერად, შეძლებულად ცხოვრობენ, ბავშვებს საუკეთესო განათლებას აძლევენ, კარგი ცოლ-ქმრის როლებს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ კაცს ცოლი უყვარს. აშკარად ეცოდება და იმიტომ ცხოვრობს მის გვერდით. ნატას მუდმივად გრძელსახელოებიანი კაბები აცვია. ერთხელ სახელოები აწეული ჰქონდა და მაჯაზე ნაკერები შევნიშნე. მერე ძველ თანამშრომელთან ვთქვი, როგორც ჩანს, ნატას ვენებიც გადაუჭრია-მეთქი. ეჰ, რამდენჯერ... ერთხელ სამსახურშიც საკანცელარიო დანით გადაიჭრა ვენებიო.

ამ ოჯახის შემყურე ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ იმ გრძნობას, რომელიც ადამიანს ასე აგიჟებს, სიყვარული ჰქვია?

სოფო გამრეკელი