"როდესაც შვილის დახმარებას მოვი­ნდომებდი, რძალი მეუბნებოდა, ნუ მიშლით­ ხელს თქვენი შვილის მორჯულებაშიო" - კვირის პალიტრა

"როდესაც შვილის დახმარებას მოვი­ნდომებდი, რძალი მეუბნებოდა, ნუ მიშლით­ ხელს თქვენი შვილის მორჯულებაშიო"

"მე გონებადაბინდული დედა ვიყავი, უაზროდ გაბოროტებული"

ლიანა კ. ინსულტის შემდეგ ეტლს მიეჯაჭვა. მიიჩნევს, რომ ავადმყოფობამ დაბინდული გონება გაუნათა - უღირსად მოვექეცი რძალსო.

- ჩემი ირაკლი დედისერთაა. ბავშვობიდან ძალიან განებივრებული მყავდა. ხელს არაფერზე ვანძრევინებდი. ერთ დღეს რომ მითხრა, საცოლე უნდა გაგაცნოო, გახარებულმა ვუთხარი, რახან საცოლედ თვლი, ბარემ მოიყვანე-მეთქი. მოკლედ, შორენა ჩვენი რძალი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი ვიყავი შვილის დაქორწინებით და მაშინ შორენასაც არ ვერჩოდი, მაინც გამკრავდა ხოლმე გულში, ჩემს ბიჭს ამაზე უკეთესი გოგო უნდა შეერთო-მეთქი. ეს უკმაყოფილების ნაპერწკალი თანდათან ალად იქცა.

- შორენამაც შეგიწყოთ ხელი?

- არა. ვერ ავიტანე, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად აღარ მაქცევდა ყურადღებას. თანაც ცოლი ჩემს განებივრებულ შვილს ხან რა საქმეს დაავალებდა, ხან - რას. როდესაც ირაკლის დახმარებას მოვინდომებდი, შორენა მთხოვდა, - ნუ მიშლით ხელს თქვენი შვილის მორჯულებაშიო. საშინლად შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ რძალი ჭკუას მარიგებდა. ბოლოს, ირაკლი გაბრაზდა და გამომლანძღა, ამან უფრო გამაცხარა და რძალს ვეტაკე, - შვილს მაშორებ-მეთქი. ირაკლიმ ცოლს ხელი მოჰკიდა და თავის ოთახში შეიყვანა. ჩემმა ქმარმა მითხრა, - რძალთან პირში წყალი ჩავიგუბე, მაგრამ ახლა კი გეტყვი, შენ ტყუოდი, ცოლ-ქმარს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, იმ გოგოს არაფერი ეშლება, მაგრამ შენ გინდა, ისევ ძველებურად გაზულუქებული შვილი გყავდეს, ასეთი საქციელით კი მას დაკარგავო.

ის ღამე თეთრად გავათენე. ვაითუ, ირაკლი მართლა წავიდეს შინიდან-მეთქი. მხოლოდ ამის გამო ვნერვიულობდი და არა იმიტომ, რომ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, შორენას დილით ბოდიში მოვუხადე. ჩამეხუტა, - საბოდიშო არაფერიაო. მძულდა, მაგრამ ირაკლის გამო ვითმენდი.

ორი ულამაზესი შვილი გაუჩნდათ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მხოლოდ დროდადრო ვიფეთქებდი. დიდხანს ითმინა შორენამ და ერთ დღეს მშობლებთან გადაბარგდა. დაცარიელდა სახლი. ირაკლი ძირითადად ცოლთან იყო, ხანდახან შემოივლიდა, ბავშვებს გამოასეირნებდა, ან როდესაც ნასვამი იყო, ჩვენთან იძინებდა და დილით ისევ ცოლ-შვილთან გარბოდა. ყველგან ვლანძღავდი რძალს, ათას სისაძაგლეს ვაბრალებდი. თანდათან ჩამომცილდნენ მეზობლები, ნათესავები. არავის სურდა შორენაზე ცუდის გაგონება. რამდენჯერაც სცადეს ჩემი დარწმუნება, რომ რაღაც მეშლებოდა, იმდენჯერ ჩემი რისხვა დაატყდათ თავს - ყველას მტრად მივიჩნევდი.

ნერვიულობისგან ინსულტი დამემართა. სანამ საავადმყოფოში ვიწექი, თურმე შორენა სახლს და ჩემს მეუღლეს პატრონობდა, მიგზავნიდა საჭმელს და სუფთა ტანსაცმელს. შინ რომ დავბრუნდი, ისევ განვაგრძე მისი თათხვა. ცალი მხარე პარალიზებული კი მქონდა, მაგრამ ენა ძველებურად მიჭრიდა - ბოღმას ვანთხევდი. ერთხელ ირაკლის შევწუწუნე, უნდა მოგვხედო-მეთქი. მისაყვედურა, დაგავიწყდა, როგორ გამზარდე? ჩემი თავის მოვლაც კი ცოლმა მასწავლაო.

ერთ დღესაც მოვიდა შორენა. რომ დავინახე, ზიზღმა დამრია ხელი. დამიჯდა საწოლთან და მითხრა, - მე თქვენ არ მძულხართ, უფრო მებრალებითო. შენი შესაბრალები რა მჭირს, შე საცოდავო-მეთქი და მოვაღე პირი... იჯდა მშვიდად და მისმენდა. ლანძღვა-გინებას კარგა ხანს არ მოვრჩებოდი, ცუდად რომ არ გავმხდარიყავი. მშვიდად მომიტანა წამალი, მერე წნევა გამიზომა. მიუხედავად იმისა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, უსიტყვოდ ვემორჩილებოდი.

- მოინადირა თქვენი გული?

- მე გონებადაბინდული დედა ვიყავი, უაზროდ გაბოროტებული. შორენა, მართალია, ჩვენთან არ დაბრუნებულა, მაგრამ მშვენივრად ახერხებს ქმარ-შვილსაც მიხედოს და დედამთილ-მამამთილსაც. მინდა ჩემი ამბავი ჭკუისსასწავლებელი იყოს სხვა დედებისთვის. სანამ შვილების ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას დააპირებთ, დაფიქრდით, ამგვარ საქციელს მოითმენდით თქვენი დედამთილისგან? ჩვენ ძალიან ბევრს ვაშავებთ, შვილებს დათვურ სამსახურს ვუწევთ და კარგ დედებად კი მოგვაქვს თავი...

სოფო გამრეკელი