"დედაჩემი და ჩემი და დღემდე­ მონებივით ცხოვრობენ მტარვალი მამაჩემის­ ხელში" - კვირის პალიტრა

"დედაჩემი და ჩემი და დღემდე­ მონებივით ცხოვრობენ მტარვალი მამაჩემის­ ხელში"

"დიდი ხანია ემიგრაციაში ვცხოვრობ. დიდი ხანია მენატრება ჩემი ქვეყანა, ის ადამიანები, ვის გვერდითაც გავატარე ბავშვობა, მაგრამ სანამ მამაჩემი ცოცხალია, არ დავბრუნდები"

"მე მეამბოხე ვარ", - ასე იწყებს წერილს ახალგაზრდა ქალი, რომელიც  უცხოეთში გაექცა მშობლებს...

ქეთი: - 15 წლისას ერთი ბიჭი შემიყვარდა. ეს ამბავი მამაჩემმა რომ გაიგო, ჯერ ქამრით მცემა, მერე კი შინაპატიმრობა მომისაჯა. სკოლაშიც აღარ მიშვებდა. ჩემს მეგობარ გოგონებსაც კი დიდი შემოწმების მერე უშვებდნენ ჩემს სანახავად. განმარტოებით დალაპარაკებაც არ შეგვეძლო, ფხიზლად გვითვალთვალებდნენ გაუთხოვარი მამიდა და ბებიაჩემი, რომელიც ნამდვილი ჯაშუში იყო, დედაჩემის სიცოცხლის გამამწარებელი. მან დატოვა გაუთხოვარი საწყალი მამიდა და მეც მის დღეში ვიქნებოდი, იმ საშინელ ოჯახს რომ არ გამოვქცეოდი.

ასეთ ტანჯვაში გავიდა 2 წელი.

სკოლაში იშვიათად მიშვებდნენ და მაშინაც საკლასო ოთახის კართან მელოდებოდა ბებიაჩემი. როგორც იქნა, სკოლაც დავამთავრე და პასპორტიც ავიღე... ქვეყნიდან უნდა გავპარულიყავი, რადგან ვიცოდი, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რაც გარე სამყაროსთან კავშირის საშუალებას მაძლევდა. არ მოვყვები, როგორ და ვისი წყალობით დავიხსენი თავი, რადგან მაშინვე მიხვდება მამაჩემი და კარგს არ დამართებს იმ ოჯახს.

მოკლედ, ქვეყნიდან გასვლა მოვახერხე. რა თქმა უნდა, ოფიციალურად. ისიც კარგად მქონდა გათვლილი, რომ ძალიან სწრაფად უნდა მემოქმედა, სანამ მამაჩემი ქვეყანას შეყრიდა და თვითმფრინავიდან ჩამომიყვანდნენ. ვიცი, იცის, რომელ ქვეყანაში ჩავფრინდი, მაგრამ ამის მეტს ვერაფერს გაიგებს. 15 წლის გოგო მხოლოდ იმიტომ ჩამკეტა ცხრაკლიტულში, რომ ერთი კარგი ბიჭი შემიყვარდა. ის ბიჭი კი მისი ნასაყვარლარის შვილი აღმოჩნდა.  ერთხელ სანდროსთან შესახვედრად შინიდან გაპარვას ვცდილობდი. მამაჩემმა დამიჭირა, მცემა და დამემუქრა, - მეორედ თუ ეცდები გაპარვას, დანით გამოგჭრი ყელს და მერე დაგწვავო. რა უშლიდა ხელს, რომ მამაშვილურად აეხსნა ჩემთვის მისი პრობლემა? მაგრამ ავსული იყო და ქალი მისთვის ნივთი, უსულო საგანი გახლდათ, არ მიიჩნევდა ღირსად, ადამიანურად დალაპარაკებოდა. ასე ექცეოდა საკუთარ დას, დედაჩემს, ჩემს უფროს დას. მხოლოდ ბებიაჩემი იყო მისი კერპი, მხოლოდ მის აზრს უწევდა ანგარიშს.

დიდი ხანია ემიგრაციაში ვცხოვრობ. დიდი ხანია მენატრება ჩემი ქვეყანა, ის ადამიანები, ვის გვერდითაც გავატარე ბავშვობა, მაგრამ სანამ მამაჩემი ცოცხალია, არ დავბრუნდები. ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დახმარებით ტელეფონით დავუკავშირდი დედას და დას. ისინი დღემდე მონებივით ცხოვრობენ მტარვალი მამაჩემის ხელში, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მონობა ცხოვრების ნორმა ჰგონიათ და მე მამტყუნებენ, - ვერ გაუგე მამასო. აზრი არ აქვს მათთან ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ ორივე მაინც ძალიან მიყვარს.

მიხარია, რომ არ შევეგუე მოძალადე მშობლის ტერორს. ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ვცხოვრობ. ვისწავლე კიდეც, კარგი ქმარიც მყავს, შესანიშნავ შვილებს ვზრდით. არაფერი მაკლია სრული ბედნიერებისთვის, მაგრამ სულ მენატრება საქართველო, საყვარელი ადამიანები. მინდა ჩემი ბედნიერება მათაც გაიზიარონ.

იფიქრებთ, ახლა, როცა ასე კარგად ხარ, იქნებ მამაც ამაყობს შენით, იქნებ გადაგედგა ნაბიჯი მისკენო. არასოდეს! ის იმდენად გულღრძო ადამიანია, რომ ჩემი ქმარ-შვილის წინაშე დაუმსახურებლად გამლანძღავს. ერთხელ მამიდაჩემს უთქვამს, ქეთი რომ დაბრუნდეს, ხომ მიიღებო? როგორც კი ზღურბლზე შემოდგამს ფეხს, ტყვიას დავახლიო. ამის შემდეგ შეიძლება მამაჩემს ნორმალური ეწოდოს?

ჩემმა ქმარმა იცის, რატომაც მივატოვე საქართველო. მას არ უკვირს ასეთი რამ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ცნობილია დემოკრატიული ღირებულებებით, დღეს იმდენად არა, მაგრამ ახლო წარსულში აქაც ძალადობდნენ შვილებზე მშობლები. ეგ არის, აქ ყველამ იცის, რომ მოძალადეებისგან კანონი იცავს და სახელმწიფო ეხმარება დამოუკიდებლად ცხოვრებაში. ჩვენთან ვინ დამეხმარებოდა?

ვეცნობი ამბებს საქართველოს შესახებ, ვიცი, რომ ხალხის ფსიქოლოგიაში ბევრი არაფერი შეცვლილა და შვილები დღესაც ცხოვრობენ მშობლების შიშით, განსაკუთრებით ქალი გამოირჩევა ტირანიის მიმართ შემგუებლობით. მოვუწოდებ მათ, ნუ ემორჩილებით უმსგავსობას, იცხოვრეთ ადამიანურად.

სოფო გამრეკელი