"არ დავუშვებ, ჩემმა შვილმა უწესო დედა ნახოს... თუ ასე ენატრებოდა შვილი, აქამდე სად იყოო?!" - კვირის პალიტრა

"არ დავუშვებ, ჩემმა შვილმა უწესო დედა ნახოს... თუ ასე ენატრებოდა შვილი, აქამდე სად იყოო?!"

მოთმინების ფიალა წვეთწვეთობით ივსება ხოლმე და ერთ მშვენიერ დღესაც - გადმოდის... "გადმოდის" მრავალდღიანი, მრავალკვირიანი და, თუ გნებავთ, წლობით ნათმენი წყენა და ტკივილი. არადა, ხშირად დუმილი სულაც არ არის ოქრო და ზოგჯერ სჯობს, რაც მალე გაირკვევა გასარკვევი და სათქმელიც ითქმება.

მარიკასა და კახის სიყვარული ზუსტად 20 წლის წინ დაიწყო. კახი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახლდათ, ერთი პროვინციელი ჭაბუკი, რომელიც ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობდა. ამიტომაც, თუ რომელიმე გოგო მოეწონებოდა და გაიგებდა, თბილისელი არ იყო, მაშინვე მასზე ფიქრს თავს ანებებდა და ახლის ძებნას იწყებდა... მალე აღმოაჩინა სასურველი გოგონა, რომელიც მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ანუ ლამაზიც იყო, თავაზიანიც, თბილისელიც და ბინიანიც.

KvirisPalitra.Geმერე რა, რომ ორი ძმა ჰყავდა მარიკას?! მშობლები უყურადღებოდ არ დატოვებდნენ უბინაო სიძეს და ერთ პატარა "კუთხეს" აუცილებლად გამოუძებნიდნენ. მარიკას ოჯახი გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც კახის და მის ორ ამხანაგს ბინა ჰქონდათ ნაქირავები. კახიმ მალე მოახერხა მარიკას გულის დაპყრობა და იმის შიშით, ეს კოხტა და მშვენიერი გოგო სხვამ არ წამართვასო, სკოლა დაამთავრა თუ არა, ხელი სტაცა და მშობლიურ სოფელში წაიყვანა.

გარეგნობით მომხიბვლელი ბიჭი იყო და 17 წლის გოგოსაც მეტი რა მოეკითხებოდა? დაზაფრულ და გულგახეთქილ მშობლებს გამოუცხადა, - ვინც მიყვარდა, იმას გავყევი ცოლადო და სხვა გზა აღარ იყო, ერთ თვეში მარიკას მშობლებმა თბილისში დიდი ქორწილი გადაუხადეს ქალიშვილსა და სიძეს, მერე კი, რაღა თქმა უნდა, ერთი ოთახი დაუთმეს. აბა, რა ექნათ? მაღალმთიანეთში ხომ არ გაუშვებდნენ ხელისგულზე გაზრდილ გოგოს?! მარიკამ პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა... მერე საქართველოს თავზე რუხი ღრუბლები მოგროვდა. ერთმანეთს მიჰყვა ჯერ სამოქალაქო, მერე სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები.

მძიმე პერიოდი დადგა. ქალაქში გაჭირდა ცხოვრება. ამიტომ კახიმაც და მარიკამაც დაუსწრებელზე გადაიტანეს საბუთები და სოფლისკენ გასწიეს. კახის იქ დედ-მამა, და-ძმა და მოხუცებული ბებია ელოდნენ. კახი შრომით თავს არ იწუხებდა, ყოველ შაბათ-კვირას კი მეზობელთან ერთად "გულის გადასაყოლებლად" მეზობელ საკურორტო ქალაქში დადიოდა. სამაგიეროდ, მარიკა "დააბზრიალეს"... დედამთილმა პირველსავე დღეს უთხრა: - ამ ოჯახში უფროსი მე ვარ, ამიტომ ყველაფერში უნდა დამემორჩილოო და თბილისში გაზრდილ გოგოს უამრავი საქმე დაავალა... ყველას გასაკვირად, მარიკა ყველაფერს აკეთებდა და ძალიან მარჯვედაც. მალე გოგონაც გაუჩნდა, ხათუნა და ბავშვსაც ცივ ნიავს არ აკარებდა.

დიპლომის აღების შემდეგ მარიკამ სოფლის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ხელფასს ყოველთვის დედამთილს აბარებდა. მისთვის არ არსებობდა დასვენების დღე, უფლება არ ჰქონდა, მეზობლებთან ერთად ცოტა ხანს ჩამომჯდარიყო და ელაპარაკა... სიყვარული ნელ-ნელა განელდა და მიხვდა, იგი რობოტი უფრო იყო, ვიდრე ადამიანი, მით უმეტეს - ქალი. ამ "რობოტს" მხოლოდ რეცხვა, თოხნა, დალაგება, საჭმლის კეთება ევალებოდა...

ასე გავიდა 7 წელიწადი. ერთ მშვენიერ დღესაც მარიკამ გაუხეშებულ და გაშავებულ ხელებზე დაიხედა, სარკეშიც შეათვალიერა თავისი დაღლილი სახე და მიხვდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა - 24 წლის ახალგაზრდა ლამაზი გოგოს ნაცვლად მოტეხილი და თვალებამოღამებული ქალი უმზერდა... მეორე დღეს ქმარი მიიხმო და უთხრა:

- კახი, მეტი აღარ შემიძლია. თუ ასე გააგრძელებ, გაგშორდები და თბილისში დავბრუნდებიო.

წარბიც არ შესტოკებია კახის, ისე მიახალა ცოლს: - ქალი რომ თხოვდება, ქმრის ოჯახის კანონებს და წეს-ჩვეულებებს უნდა დაემორჩილოს, თუ ვერ ეგუები აქაურობას და ჩემიანებს, შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ბავშვს ვერ წაიყვანო.

სახტად დარჩა მარიკა, ვერ წარმოედგინა, თუ ბავშვს შეეცილებოდნენ, მაგრამ ისიც იცოდა - მათთან სოფელში დარჩენა სიკვდილი იქნებოდა მისთვის. დედამთილის მალულად ცოტაოდენი დანაზოგი ჰქონდა. კახი გაისტუმრა თუ არა, თვითონაც მოემზადა წასასვლელად. ხათუნა მაგრად ჩაკოცნა, - ჩვენ ადრე თუ გვიან მაინც ერთად ვიქნებითო, - უთხრა, ეზო სწრაფად გადაჭრა და ჭიშკარიც ისე გაიხურა, არავის დაუნახავს...

მეორე დილით უკვე თბილისში იყო და დედას გულდათუთქული უამბობდა თავის 7 წლის პროვინციულ ცხოვრებაზე. მარიკამ გადაწყვიტა, გერმანული ენისთვის საფუძვლიანად მოეკიდა ხელი. გერმანიაში წასვლა განიზრახა. მეგობარი ეხმარებოდა საბუთების მოწესრიგებაში. რამდენიმე თვის შემდეგ დატოვა საქართველო. გული საშინლად ჰქონდა დამძიმებული.

არა, სწორად მოვიქეცი, უნდა დამეტოვებინა იქაურობა. საკუთარი თავის პატივისცემას და ღირსებებს დავკარგავდი. ხათუნა წამოიზრდება და გამიგებს. ფეხს რომ მოვიკიდებ, შვილს აუცილებლად წამოვიყვანო, - ფიქრობდა.

მარიკამ ძალიან მალე ბონში ერთ ოჯახში, ძიძად დაიწყო მუშაობა. ორ პატარას უვლიდა (5 და 3 წლის ერიკს და ანას). გვიან კი ნაქირავებ ბინაში ღამის გასათევად ბრუნდებოდა. ერთადერთი დღე - კვირა ჰქონდა უქმე. რა სითბო და სიყვარულიც საკუთარ შვილს მოაკლო, სხვების მოვლასა და ზრუნვაში აქსოვდა. გერმანელებს აოცებდათ მისი გარჯა და სიყვარული. მალე ისე შეეჩვივნენ ქართველ ძიძას, რომ უმისოდ ვერ ძლებდნენ... შესთავაზეს, - ამხელა სახლი გვაქვს, ერთ ოთახს გამოგიყოფთ და ჩვენთან იცხოვრეო. მარიკა სიხარულით დათანხმდა. ერთი წლის შემდეგ კლარას (ბავშვების დედას) ძმა ესტუმრა, რომელიც მიუნხენში ცხოვრობდა, თუმცა ბიზნესის გამო მთელ მსოფლიოს უვლიდა. 32 წლის ჰანსს ცოლი არ ჰყავდა.

ქართველი ძიძის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, მერე კი, მთელი დღე ინტერესით აკვირდებოდა. ცოტა ხანში ჰანსმა ხელი სთხოვა. ქალმა არ დაუმალა და თავისი წარსულის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით უამბო. მისი გაუნელებელი და დიდი დარდი შვილი იყო. კაცმა ყველაფერში დახმარება აღუთქვა... მარიკა ცოლად გაჰყვა ჰანსს და როგორც იქნა, გაიგო, რას ნიშნავდა ბედნიერება.

ქმარი თვალებში შესციცინებდა, საკმარისი იყო მარიკას რაიმე ენატრა, მაშინვე გაუჩენდა, ყველა ქვეყანაში, სადაც კი მიდიოდა, თან მიჰყავდა. ცოლ-ქმრის მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს საქართველოდან ხათუნას ჩამოყვანა - გოგონა არასრულწლოვანი იყო და მამის უნებართვოდ ვერ დატოვებდა ქვეყანას. ჰანსმა და მარიკამ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსულიყვნენ. გოგონა ენახათ და დალაპარაკებოდნენ. კახი, რომ იტყვიან, დასაბმელი გახდა, - არ დავუშვებ, რომ ჩემმა შვილმა უწესო დედა ნახოს... თუ ასე ენატრებოდა შვილი, აქამდე სად იყო ან როგორ გაძლოო?!

გავიდა რამდენიმე წელიწადი. ხათუნამ სკოლა დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად თბილისისკენ გამოსწია, მამისა და ბებიის უნებართვოდ მოინახულა დედის ახლობლები. თვალცრემლიანმა შესჩივლა - ნათესავების დახმარებით დედასთან ტელეფონით დალაპარაკება შეძლო. ყურმილს იქით მარიკა ტიროდა, აქეთ კი - ხათუნა. ჰანსს მარიკასთან შვილი არ შესძენია. საყვარელ ქალს ამშვიდებდა: - ჩვენი გოგონა მალე ჩამოვა და ჩვენთან იქნებაო.

მალე ხათუნამ საელჩოს თანხმობაც მიიღო მიუნხენიდან გამოგზავნილ მოწვევაზე. ძალიან ემოციური იყო დედა-შვილის შეხვედრა... კახიმ რამდენჯერმე სცადა შვილთან დაკავშირება, მაგრამ ხათუნამ არ ისურვა. გოგონას თითქმის არაფერი ახსოვდა კარგი და თბილი მამის ოჯახისგან. ალბათ დრო გაანელებს ცუდ მოგონებებს, მთავარი კი ახლა ისაა, რომ ხათუნა თავის დედიკოსთან არის და უსაზღვროდ ბედნიერია.