სიკეთე - ბოროტების სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

სიკეთე - ბოროტების სანაცვლოდ

მინდა ჩემი ნათესავი გოგონას შესახებ გიამბოთ, რომელმაც ბოროტებას სიკეთით უპასუხა და იმ ადამიანს მხარში ამოუდგა, ვისგანაც ცუდის მეტი არაფერი ახსოვდა.

თეკლა გურამის უფროსი შვილია.

8 წლის იყო, როცა დედამისი მეორე მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც მკვდარი დაიბადა. კასპის რაიონში ცხოვრობდა მამა-შვილი. მალე გურამის დედაც გარდაიცვალა და 10 წლის თეკლას ტვირთად დააწვა ოჯახის პატრონობა. გურამმა მეორე ცოლი დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მოიყვანა. ნათელამ ვერა და ვერ შეიყვარა გერი. დედინაცვალი, თავდაპირველად, გურამის თანდასწრებით ერიდებოდა თეკლას გაწყრომოდა, მერე და მერე, როცა მოძლიერდა და ბიჭიც გააჩინა, საყვედურს ან შენიშვნას არ სჯერდებოდა, ქოქოლას აყრიდა სრულიად უდანაშაულო გოგონას. მათი სახლიდან დღენიადაგ ჩხუბი ისმოდა, გურამი კი "ქალების საქმეში" არ ერეოდა...

გავიდა დრო. თეკლას ერთი თანასოფლელი ბიჭი შეუყვარდა და როგორც კი შოთამ ცოლობა სთხოვა, დაუფიქრებლად გაჰყვა. შოთას კარგი ხელი ჰქონდა, ხეზე მუშაობა ისწავლა და თბილისში ავეჯის საამქროში დაიწყო მუშაობა. ცოლიც თან წამოიყვანა. მალე შვილები შეეძინათ და ცხოვრობდნენ ტკბილად. თეკლას სოფლისკენ გახედვაც კი აღარ უნდოდა. ხანდახან გურამი ჩამოაკითხავდა შვილს და შვილიშვილებს, თეკლას ფულს გამოართმევდა და შინ ბრუნდებოდა.

ნათელას და გურამის ბიჭი 17 წლის იყო, როცა მეზობლის დაყაჩაღებისთვის 7 წელი მიუსაჯეს... ციხიდან მთლად წყალწაღებული გამოვიდა. ერთ დღესაც, ყაჩაღობის დროს, კაცი შემოაკვდა და ამჯერად უკვე 15 წელი მიუსაჯეს. ნათელა შვილზე დარდით დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. თეკლამ ეს რომ გაიგო, ამდენი წლის შემდეგ, პირველად ჩავიდა მშობლიურ სოფელში. გული მოუკვდა გულგატეხილი მამისა და მტირალი ავადმყოფი დედინაცვლის დანახვაზე.

ნათელა ქვითინით სთხოვდა პატიებას გერს. ზაფხული იყო და თეკლა შვილებიანად სექტემბრამდე სოფელში დარჩა. ლოგინად ჩავარდნილ ქალსაც უვლიდა, მამასაც და კარ-მიდამოსაც. სექტემბერში, თბილისში დაბრუნების წინ, მეზობლის ქალს გაურიგდა, - მოხუცებს და სახლ-კარს მიმიხედე და გასამრჯელოს ყოველთვე გადაგიხდიო. შაბათ-კვირას კი თავადაც აკითხავდა. არაჩვეულებრივი და ძალიან კეთილი ადამიანია თეკლა. სხვა მის ადგილზე ზედაც არ შეხედავდა ავ დედინაცვალს. ნათელა ამ ორი თვის წინ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დალოცა გერი, რომელსაც წლების განმავლობაში სიცოცხლეს უმწარებდა.

ნელი ხუციშვილი.