"მორიგი ჩხუბის შემდეგ, მომახალა, ახლა რომ ასე მზღუდავ, შენი ცოლი რომ გავხდე, ალბათ ჰიჯაბის ჩაცმას მაიძულებო" - კვირის პალიტრა

"მორიგი ჩხუბის შემდეგ, მომახალა, ახლა რომ ასე მზღუდავ, შენი ცოლი რომ გავხდე, ალბათ ჰიჯაბის ჩაცმას მაიძულებო"

რა სურთ ქალებს? უხსოვარი დროიდან კითხულობს კაცობრიობა, თუმცა, რა სურთ მამაკაცებს, ხშირად თავადაც არ იციან და ეჭვიანობის გამო ცხოვრებას უნგრევენ საყვარელ ქალებს. ალექსანდრემ გვითხრა, ჩემს გაფუჭებულ საქმეს არაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ სხვებმა გაითვალისწინონო.

ალექსანდრე: - მე და თიკოს ბავშვობიდან მოგვწონდა ერთმანეთი. სკოლა რომ დავამთავრეთ, სიყვარულში გამოვუტყდი. არც ის იყო გულგრილი, მაგრამ მითხრა, ჯერ უნდა ვისწავლოო. რადგან დაქორწინება გაურკვეველი დროით გადადო, გადავწყვიტე, მეც თბილისში, უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე მეცადა ბედი, სადაც თიკო აბარებდა. ორივე ჩავირიცხეთ. თითქოს ხელს არაფერი მიშლიდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ეჭვები მტანჯავდა. უნივერსიტეტში ლექციების დასრულების შემდეგ თიკოს სულ უკან დავყვებოდი. ის კი ბრაზობდა, მეგობრებთან ერთად სადმე მიმავალს აჩრდილივით რომ დავდევდი. მისი ჩაცმულობაც მაღიზიანებდა - მუხლს ზემოთ კაბაზე და ოდნავ ღრმა დეკოლტეზე ვცოფდებოდი. თავიდან ეცინებოდა, - რა სულელი ხარ, უაზროდ ეჭვიანობო. მერე ბრაზდებოდა, - ვინ გეკითხება, რას ჩავიცვამო. ერთ დღეს, მორიგი ჩხუბის შემდეგ, მომახალა, - ახლა რომ ასე მზღუდავ, შენი ცოლი რომ გავხდე, ალბათ ჰიჯაბის ჩაცმას მაიძულებო. ამაზე სულ გავგიჟდი, ვიფიქრე, რომ ვიღაც სხვა მოსწონდა და ჩემთან დაშორების მიზეზს ეძებდა. ეჭვიანობით დაბრმავებული ვიყავი. მოკლედ, ვერაფერს გავხდი ვერც მისი დევნით, ვერც წინააღმდეგობის გაწევით. მოკლე კაბებსაც იცვამდა, დეკოლტეებითაც თავს იწონებდა. მერე ერთი-ორჯერ კაფეში ვნახე, ბიჭები თავს ევლებოდნენ. მივხვდი, ვკარგავდი. იმის ნაცვლად, რომ მასთან მიდგომის ტაქტიკა შემეცვალა, მის მშობლებს ვუთხარი, - მე ვეღარ ვაკონტროლებ, იქნებ თქვენ მიხედოთ. ღამეებს შინ არ ათევს, რესტორნებში ღრეობს, ჩემს შენიშვნებზე კი ავადმყოფურად რეაგირებს-მეთქი. გაგიჟდა მამამისი - თავს მჭრისო?! ორი დღის შემდეგ რაიონში წაიყვანეს...

- ინახულე?

- კი. მიხვდა, რომ მე მოვუწყვე ყველაფერი. მის თვალებში ისეთი სიძულვილი დავინახე, შემეშინდა. ვთხოვე, შენი სიყვარული მკლავს და დავქორწინდეთ-მეთქი. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე შენი ცოლი ვიყოო. გამომაგდო. ვერც იმას მივაღწიე, რომ ჩემი გამხდარიყო, სწავლასაც თავი დაანებებინეს და ჩაიკეტა საწყალი გოგო სახლშიც და თავის თავშიც. ერთ დღესაც გავიგე, რომ მონასტერში წასულა. ნათესავი ჰყავდა სასულიერო პირი და მისთვის უამბია ყველაფერი. დალაპარაკებია ის კაცი მამამისს, ეს ბავშვი უცოდველია, ნუ უშლით ხელს სწავლაში, გაუშვით თბილისშიო. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მამამისმა - არა, მაგას იქ მეთვალყურე არ ეყოლება და კაცმა არ იცის, რას იზამსო. მაშინ მე წავიყვან მონასტერში და ვუპატრონებო. ერთი ხანობა არაფერი მესმოდა მის შესახებ. მერე გავიგე, დაუსწრებლად ჩაუბარებია გამოცდები, მერე კი ის მოძღვარი დახმარებია და უცხოეთში წასულა სასწავლებლად. მინდა, რომ ბედნიერი იყოს და თუ ოდესმე შეძლებს, მაპატიოს არაკაცობა...

სოფო გამრეკელი