"ქმარს ხელი შევუბრუნე და საწოლზე გამოვაბი" - კვირის პალიტრა

"ქმარს ხელი შევუბრუნე და საწოლზე გამოვაბი"

მინდა იმ ქალებს მივმართო, ვინც ჯერჯერობით მოძალადე ქმრებს უძლებენ, - მითხრა ქალბატონმა მარინემ, - სამწუხაროდ, როდესაც ცოლი ქმრის მსხვერპლი ხდება, ხშირად სწორედ ქალები არიან დამნაშავენი.

მარინე ქ.: - ბოლო დროს ცოლების მკვლელობის მომრავლებამ ამომაღებინა ხმა. სამწუხაროდ, ცოლები მოძალადე ქმრებს ვერ შორდებიან და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქმე საბედისწერო დასასრულამდე არ მივიდეს. რამდენიმე მაგალითს გეტყვით და თვითონ განსაჯეთ.

მე და ჩემი ქმარი სიყვარულით დავქორწინდით. როდესაც ცხოვრება გაჭირდა და უსამსახუროდ დარჩა, აღარ იცოდა, როგორ ერჩინა ოჯახი და გალოთდა. თავისი სისუსტე აწუხებდა და მთვრალი ცდილობდა ბოღმა ვინმეზე დაენთხია. ასეთი განტევების ვაცი აღმოვჩნდი მე. ზუსტად ერთი თვე ვითმინე. ერთ დღესაც ხელი რომ მომიქნია, მეც მოვუქნიე. ძირს რომ გაიშხლართა, ვიხელთე დრო და საწოლზე გამოვაბი, სანამ არ გამოფხიზლდა. მერე კი ვუთხარი, იმ კაცის გვერდით ვერ ვიცხოვრებ, რომელმაც საცემრად გამიმეტა-მეთქი.

- წამოხვედით სახლიდან?

- არა. პოლიცია გამოვიძახე. ხელწერილი დააწერინეს, რომ სანამ სასამართლო გაგვყრიდა, შეეძლო, ჩვენ გვერდით ეცხოვრა, მაგრამ თუ დათვრებოდა, პოლიციას გამოვიძახებდი. მაშინ იმედი მქონდა, ეს ხელწერილი გამოაფხიზლებდა. ამაოდ... კიდევ დათვრა და კვლავ ცემა დამიპირა. ისევ პოლიცია ჩავრიე. შემდეგ გაყრის პროცესი დაჩქარდა. ჩემს ქმარს სოფელში ჰქონდა მამისეული სახლი. მოვითხოვე, რომ ის სახლი ჩვენთვის გადმოეცა. მოგვცა. კარგი სოფელია, მიწები გვაქვს, ბავშვები შრომას მივაჩვიე, მეურნეობა გავმართე. ჩემს ნაქმარევს სოფელში ჩასვლა აუკრძალეს თანასოფლელებმა - ლოთი არ გვჭირდებიო.

- ამ ამბით რისი თქმა გინდათ?

- იმის, რომ ქალები მოძალადე ქმრებთან რჩებიან იმიტომ, რომ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება და არც კანონისგან ითხოვენ დახმარებას. მეტიც. სოფელში ძალიან ხშირია ოჯახური ძალადობა. ერთხელ ცოლს ისე სცემა ქმარმა, რომ ხერხემალი დაუზიანა, მან კი ექიმს უთხრა, ხიდან ჩამოვვარდიო. ექიმი მიხვდა, რომ იტყუებოდა, მაგრამ ქალმა მაინც არ უჩივლა ქმარს. კაცმა კი ცოტა ხნის მერე გარეთ გააგდო დაინვალიდებული დედაკაცი და სხვა ქალი შეირთო. უამრავი მსგავსი ფაქტი ვიცი.

ალბათ, თქვენც გსმენიათ ასეთი სისულელე: კაცია და გაბრაზდება, კაცია და დალევს, კაცია და ქალისკენ გაიხედავს, კაცია და გიყვირებს, კაცია და ა.შ. ეს საშინელი სტერეოტიპული აზროვნება სპობს არა მხოლოდ ქალის ცხოვრებას, შვილებსაც უმრუდებს მომავალს. ასეთ გარემოში გაზრდილი ვაჟები ფიქრობენ, რომ ისინიც ისევე უნდა მოექცნენ ცოლებს, როგორც მათი მამები. გოგონებს კი მიაჩნიათ, რომ მათაც ისევე უნდა მოითმინონ, როგორც მათი დედები ითმენენ.

გამოფხიზლდით, ქალებო, თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი ცხოვრებისთვის, თორემ როდესაც კაცი მხეცდება, მის მოქნეულ ხელს ვეღარაფერი აჩერებს, შვილის ტკივილით და ცრემლით სავსე თვალებიც კი.

სოფო გამრეკელი