"მეგონა, შვილებს ფეხზე ვაყენებდი და თურმე ვაქცევდი" - კვირის პალიტრა

"მეგონა, შვილებს ფეხზე ვაყენებდი და თურმე ვაქცევდი"

"ოპერაციიდან 20 დღის შემდეგ ჩემი უმცროსი შვილი მოვიდა სანახავად. წამლები რომ დაინახა, მითხრა, - რაღა დროს შენი წამლებია, ნეტა, შენს ასაკამდე მიმაღწევინაო..."

ალბათ მაინც შვილებისთვის უცხოეთში გადახვეწილ ქალთა სიმბოლოა, შვილებს კი უკვე აღარ სჭირდებათ... რედაქციაში ქალბატონი გვეწვია... 15 წელიწადი ვემსახურე შვილებს უცხოეთიდან, სახლები ავუშენე, მოვუწყვე, შვილები დავაზრდევინე, მათ კი ისე მომიქციეს საქმე, რატომ მეც იმ მოხუცებთან ერთად არ მოვკვდი, ვისაც უცხოეთში ვუვლიდიო, მათქმევინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღსარება საქმეს ვერ უშველის, ეგებ იმ დედებმა  გაითვალისწინონ, რომლებიც ახლა აპირებენ შვილების ფეხზე დასაყენებლად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლასო. ქალმა მხოლოდ ის მთხოვა, - ჩემს ვინაობას ნუ გაამხელთ, ჩემს ბიჭებს თავი მოეჭრებათო.

- მეგონა, თუ უცხოეთში წვა-დაგვით ნაშოვნი ფულით შვილებს ცხოვრებას მოვუწყობდი, დედის მოვალეობას შევასრულებდი. პირიქით მიქნია, - მზამზარეული შემოსავლით შვილები შრომას და ამასთან, სითბოსა და სიყვარულს გადამიჩვევია.

როცა დავქვრივდი, ბიჭები 8 და 9 წლისანი იყვნენ. წვალებით დავზარდე. დაოჯახდნენ და მეტი დასჭირდათ. ფული ვისესხე, უფროსს ოთხოთახიანი ბინა ვუყიდე, უმცროსსაც ის ოთხოთახიანი ბინა  დავუტოვე, სადაც ერთად ვცხოვრობდით და ვალის გასასტუმრებლად საბერძნეთში წავედი. ნაცნობმა სამსახური მიშოვა. ისეთი დავრდომილი მოხუცი იყო, მის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა, - ამას როგორ მოვუარო-მეთქი? ახლა ვფიქრობ, ყველა ის მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ჩემზე ბედნიერები იყვნენ, რადგან მათ შვილები აკითხავდნენ და უყვარდათ... დღედაღამ ძილი არ ვიცოდი, მაგრამ არ ვჩიოდი, მთავარი იყო, რომ შვილებს ვეხმარებოდი. უფროსს ბინის მოსაწყობად 27 000 დოლარი გამოვუგზავნე, უმცროსს - 19 000... შვილიშვილებისთვის გამოგზავნილ ტანსაცმელს ხომ თვლა არ ჰქონდა. მეგონა, მათ სიყვარულს მოვიპოვებდი და თურმე ვშორდებოდი! მეგონა, ფეხზე ვაყენებდი და თურმე ვაქცევდი.

მოკლედ, როცა ჩავთვალე, რომ ორივეს ყველაფერი ჰქონდა, ვიფიქრე, ჩემთვისაც ვიყიდი ერთოთახიან ბინას, ჩემ შემდეგ კი ისევ შვილებს მოხმარდება-მეთქი. უფროს ვაჟს ფული გამოვუგზავნე, - გარეუბანში ერთოთახიანი მიყიდე-მეთქი. მაგრამ მომატყუა, ფული დაუხარჯავს...

მერე უმცროსმა დამირეკა, - მთავრობა გვაძლევს ბინას (ჩემი რძალი დოლიძის ქუჩაზე იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც ცნობილი ტერაქტი მოხდა და ბინები დაზიანდა, რის სანაცვლოდაც, როგორც შვილმა მითხრა, მთავრობამ ბინები გასცა), მინდობილობა გამომიგზავნე, რომ ჩვენი ბინა გავყიდოთ (ბინა ჩემს სახელზე იყო გაფორმებული), ფულის ნაწილით ახალ ბინას გავარემონტებ და დანარჩენით ერთოთახიანი ბინა იყიდეო... აბა, როგორ უნდა მეფიქრა, რომ ისიც მატყუებდა... მოკლედ, ცოტა ხანში დამირეკა, - იმ ფულიდან  1000 დოლარი დამრჩა და თუ გინდა, იმას დაგიბრუნებო. არ ვიცი, რატომ არ მოვიკალი თავი... კიდევ ერთ ავადმყოფთან დავიწყე მუშაობა. წამებით თავმოყრილი ფულით მშენებლობა წამოვიწყე თბილისში. ამასობაში, როგორც ჩვენში ხდება, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მშენებლობაში ჩადებულ ფულსაც ვკარგავდი. როგორც ჩანს, ეს ჩემმა უმცროსმა შეიტყო და დამირეკა, - არ ინერვიულო, ამ საქმეში ჩავერევი, ფულს დავიბრუნებ და მე აგიშენებ ბინასო... დედის გული, როდის იყო, მობრუნებულ შვილს ხელს ჰკრავდა - ოღონდ ჩემს სახელზე გააფორმე, იმდენი ტანჯვა გადავიტანე, მინდა, სიცოცხლის ბოლო წლებში დავისვენო-მეთქი. პირობა მომცა... მაგრამ როცა მუშაობა ვეღარ შევძელი და დაუძლურებული ჩამოვედი, რომ მეგონა, ჩემი თავშესაფარი დამხვდებოდა, უმცროსი ვაჟის ქალიშვილმა მითხრა, ეს ბინა მამაჩემის სახელზეაო. ისევ მომატყუეს...

- ახლა როგორ ხართ?

- ცუდად. 3 წელიწადია, ჩამოვედი და უკვე 2 ოპერაცია გავიკეთე... იმ ბინაში ვცხოვრობ, რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უმცროსმა ბიჭმა თავის სახელზე გაიფორმა და სტუმარივით ვგრძნობ თავს. ვწევარ და ჭერს შევცქერი. ოპერაციიდან 20 დღის შემდეგ ჩემი უმცროსი შვილი მოვიდა სანახავად. წამლები რომ დაინახა, მითხრა, - რაღა დროს შენი წამლებია, ნეტა, შენს ასაკამდე მიმაღწევინაო... დედა ვარ და შვილები მენატრება, მინდა სანამ ვარსებობ, ვუყურო... ამას წინათ შავი ფიქრები შემომაწვა, - უმცროსს დავურეკე, ცუდად ვარ, მგონი ვკვდები-მეთქი. რომ მოვიდა, ჩემთვის არც შემოუხედავს, მერე ვნახე, 50-ლარიანი დაუტოვებია, რომელიც ჩემთვის უკვე უბრალო ქაღალდია. ფეხებში ჩავუვარდი, - მოდი და მნახე ხოლმე, თვეში ერთხელაც არ მოდიხარ, რა გარანტია გაქვს, რომ უკვე გახრწნილი მკვდარი არ დაგხვდები-მეთქი.

ჯერ ცოცხალი ვარ და არ მინდა, ქუჩაში მოვკვდე. იქნებ ჩემი ტანჯვით შეძენილი თავშესაფარი დავისაკუთრო. ვიცი, რომ ამაში კანონი ჩემ გვერდით ვერ იქნება, - მე ხომ საბერძნეთიდან შვილებისთვის გამოგზავნილი ფულის ქვითრების გარდა აღარაფერი გამაჩნია, მაგრამ სასწაულებიც ხომ ხდება, - მითხრა ქალბატონმა და თან შვილის ტელეფონის ნომერი მომცა, - იქნებ თქვენ შეასმინოთ რამეო... გაოგნებული ვუყურებდი რედაქციიდან მიმავალ მხრებაცახცახებულ ქალბატონს.

მოგვიანებით მის შვილს დავურეკე და ერთადერთი კითხვა დავუსვი, - დედა რატომ მიატოვეთ-მეთქი. მიპასუხა, - მე რას მეკითხებით, ამის მიზეზი თავად მას ჰკითხეთო(?!).