იძულებით ქორწინება - კვირის პალიტრა

იძულებით ქორწინება

რამდენიმე წლის წინ საუკუნეს გადაცილებულ 101 წლის ელენე ქურდაძესთან ჩავწერე ინტერვიუ. მიუხედავად იმისა, რომ მონაგარით ბედნიერი იყო, სევდიანად იხსენებდა, როგორ იძულებით გაათხოვა დედამ 18 წლის ასაკში, თანაც 55 წლის ქვრივზე. - დედამ 15 ფუთი სიმინდის საფასურად მისცა ჩემი თავი მამისტოლა კაცსო. ოჯახი შიმშილობდა და დანარჩენი შვილები რომ გადაერჩინა, დედამ ელენე იძულებითი ქორწინებისთვის გაწირა. ეს ამბავი გამახსენა ახლახან, გროზნოში, 57 წლის პო ამბავმა. როგორც ამბობენ, ჩეჩენი გოგონას ოჯახს არც შიოდა და არასრულწლოვნის გათხოვებაც არ სურდათ, მაგრამ ისინი აიძულეს.

ტრადიციების თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ეთნოსისთვის იძულებითი ქორწინება ნორმაა. განსაკუთრებით იქ, სადაც ქალი სრულიად უუფლებოა. მუსლიმანურ ქვეყნებში ქალს ხშირად აკვანში ნიშნავენ და ლამის ფეხის ადგმისთანავე გზავნიან მომავალი ქმრის ოჯახში. თუმცა, იძულებით გათხოვება არა მხოლოდ მუსლიმების ტრადიციაა.  ტრეტიაკოვის გალერეაში დაცული ცნობილი ტილო "უნიკალური ქორწინება"“იმაზე მეტყველებს, რომ ეს ამბავი არც ქრისტიანული სამყაროსთვის ყოფილა უცხო. მხატვარ ვასილ პუკირევს ნათლად გამოუსახავს ემოცია გოგონასი, რომელსაც პაპისტოლა კაცზე აქორწინებენ.

პოლიტიკური მოტივებით ქალის გათხოვება ტრადიციული ხერხი იყო ერთმანეთს გადაკიდებული ოჯახების ან ქვეყნების დასაახლოებლად. ქალი ზავის როლს ასრულებდა და მისი არც უფლებები ადარდებდათ და გრძნობებსაც არავინ ეკითხებოდა.

არსებობს თუ არა დღეს იძულებითი ქორწინების პრობლემა საქართველოში?  ოფიციალური სტატისტიკის უქონლობა დასკვნების უფლებას ვერ იძლევა. ხშირად იძულებითში იგულისხმება ნაადრევი ქორწინებაც, რომელსაც ფსიქოლოგების განმარტებით, სხვა მიზეზები აქვს და არ შეიძლება გადაჭრით იმის მტკიცება, რომ გოგონა, რომელმაც სწავლას ქმრის გვერდით ცხოვრება არჩია, აიძულეს, ეს ნაბიჯი გადაედგა.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი: - იძულებითია ე.წ. მოტაცებით ცოლის შერთვა ან გარიგების ფორმა, რომელიც ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებით არის მოტივირებული. მოტაცება წინათ იყო გავრცელებული, საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში და შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლებში. გაიტაცებდნენ ვაჟები გოგოს, რაც აძლევდათ გარანტიას, გოგო თავისთან დაეტოვებინათ. მაშინდელი საზოგადოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, მოტაცებული ქალი სახელგატეხილი იყო. ამიტომაც მშობლებს მოსწონდათ თუ არა სიძე, მაინც ტოვებდნენ ქალიშვილს იძულებით ქორწინებაში.

- ასეთი ქორწინება დღესაც აქტუალურია?

- არა. თუმცა, გაჩნდა მეორე თავისებურება, იმის გამო, რომ ქალებმა იკისრეს ოჯახის მარჩენლის ფუნქცია, ცდილობენ ისეთ კაცს დაუკავშირონ მომავალი, ვინც მათი ოჯახის ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს. ამიტომაც არჩევანს აკეთებენ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ხშირად არაადეკვატური ქორწინებების მომსწრე ვხდებით. წყვილი შეუფერებელია ფიზიკურად, ან მათ შორის ძალიან დიდია ასაკობრივი სხვაობა. ზოგიერთმა ქალმა მომავალი ქმრის ენაც არ იცის და ქორწინების წინ სწავლობს, ოღონდ კი გარანტირებული ჰქონდეს სარფიანი ქორწინება და მზად არის, ქვეყნის დასალიერშიც კი წავიდეს.

- ასაკობრივი სხვაობა ხშირად სიყვარულითაც ხომ არის განპირობებული?

- დიახ, თუმცა, ასეთი ფაქტები გამონაკლისია. მედეა ჯაფარიძეც ძალიან პატარა იყო ქმართან შედარებით, მაგრამ მათ ლეგენდარული სიყვარული აკავშირებდათ. ზოგადად კი ასეთი ქორწინებების მოტივი მერკანტილურია, რაც მოგვიანებით სატანჯველად ექცევათ ხოლმე ქალებს, ალბათ, კაცებსაც. ნაძალადევი, მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებული პირადი ცხოვრება ანგრევს ადამიანებს. ასეთი წყვილების ურთიერთობის ნაყოფი, შვილებიც განწირული არიან ნეგატიური პროცესებისთვის.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი - წარსულს ჩაჰბარდა ტენდენცია, რომ მშობლების მიერ თავსმოხვეული ქორწინებისთვის გაიღოს მსხვერპლი ქალმა ან ვაჟმა. ამას ხელი შეუწყო ქორწინების გარეშე სექსუალურმა ურთიერთობებმა. უკვე მშობლებისგანაც არის ამაზე შინაგანი თანხმობა, რაც ხელს უწყობს წყვილს, თვითონ გააკეთონ არჩევანი.

- საქართველოში სხვადასხვა ეთნოსი ცხოვრობს, სხვადასხვა ტრადიცია და კულტურა აქვთ, შესაბამისად, ძნელია ხელაღებით ვთქვათ, რომ ქალებს იძულებით აღარ ათხოვებენ.

- შესაძლოა მცირე ეთნოჯგუფები მართლაც ინახავდნენ ამ ტრადიციას, მაგრამ არ მგონია ეს მასობრივი ხასიათის იყოს.

- თქვენ რა ფაქტების შესახებ გიამბობენ პაციენტები?

-  ძირითადად ცოლი ან ქმარი ჰყავთ და სხვა შეუყვარდათ. მერე იწყებენ ჭიდილს თავთან. ოჯახის ინსტიტუტი აღარ არის მყარი. იძულებითი ქორწინების თემა კი ერთეული შემთხვევაა.

კადიროვის ძმაკაცი საცოლის მშობლებს ამოხოცვით დაემუქრა

იძულებითი ქორწინების მსხვერპლი გახდა ჩეჩენი, 17 წლის ლუისა გოილაბიევა - 57 წლის ჩეჩენ პოლიციელს ნაჟუდ გუჩიგოვს მიათხოვეს. სიძე ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან მეგობრობს და ამიტომაც დიდი გავლენით სარგებლობს... ქორწილი 16 მაისს, "გროზნო პალასში" გაიმართა სტუმრებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით. ქორწილს ჩეჩნეთის პირველი პირიც ესწრებოდა, რომელმაც არა მხოლოდ იცეკვა, ჟურნალისტებთანაც ისაუბრა არაორდინარული წყვილის შესახებ და აღნიშნა, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს. მაგალითისთვის კი პუგაჩოვა და მისი 27 წლის ქმარი გალკინი გაიხსენა.

მიუხედავად კადიროვის მტკიცებისა, რომ წყვილი სიყვარულით დაქორწინდა, გავრცელებული ინფორმაციით, სასიძო ცოლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გოგონას ოჯახს ამოწყვეტით დაემუქრა. იძულებითი ქორწინების შესახებ ვერსიას ამყარებს ქორწინების ამსახველი ვიდეოკადრებიც, სადაც პატარძალი უცნაურად იქცევა და ეჭვს იწვევს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის.

კანონით ისჯება...

ქართულ კანონმდებლობაში იძულებითი ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან. ოჯახის წევრის იძულებით დაქორწინება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. მიაჩნია, რომ 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესი უნდა შეიცვალოს და ასეთ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს მიენიჭოს.

"დღემდე მოქმედი რედაქცია საშუალებას აძლევდა არასრულწლოვან პირებს ქორწინება მშობლების თანხმობის საფუძველზე დაერეგისტრირებინათ. იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგჯერ ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება ასეთი შემთხვევების პრევენციის შესაძლებლობას მოგვცემს და პატივსადები მიზეზის არსებობისას, სასამართლო იმსჯელებს არასრულწლოვანთა ქორწინებაზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.