რატომ იზიდავს სოციოპათი პუბლიკას? - კვირის პალიტრა

რატომ იზიდავს სოციოპათი პუბლიკას?

"გაუჩინარებული ქალი" ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა "პალიტრა L" მას 15 ივნისს გამოსცემს სერიაში "ტოპ თრილერები"

- მას არა აქვს ემოციები! ის მხოლოდ ლოგიკით მოქმედებს და სრულ იგნორირებას უკეთებს სხვების აზრს. მასთან ერთად კარგ დროს გაატარებ, მაგრამ მალევე ყველაფრისთვის გადახდა მოგიწევს... მას შეუძლია უმანკო“ღიმილით ადვილად მოგატყუოს და მხოლოდ ერთი გამოხედვით თავზარი დაგცეს... მთლიანობაში, ქარიზმატული და მიმზიდველია. საუბრისას - ლაღი და სასიამოვნო... განსაზღვრულ დისტანციაზე სრულიად ნორმალური ჩანს. მას არასოდეს ქენჯნის სინდისი და არც დანაშაულის შეგრძნება აქვს. სოციუმი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ თოჯინების ჯგუფია, რომელთანაც უნდა ითამაშოს სპექტაკლი და თვითონ იყოს მთავარ როლში. ინტერაქტიული ემოციების აბსოლუტურ უქონლობას ინტელექტი და რაციონალურობა უცვლის. ნებისმიერ შესაძლო სიტუაციაში ატყუებს ყველას. არ ეტყობა დეფექტი საუბრისა და მსჯელობისას. დეფექტი მხოლოდ მის საქციელში გამოიხატება: არ შეუძლია წესრიგის დაცვა, სხვების უფლებების პატივისცემა, ერთი სიტყვით, ის სოციალურად საზიანოა! ...და როდესაც შენ აღარ იქნები მისი ინტერესის საგანი, ერთიანად გამოგფიტავს, დიდი ხნით წაგართმევს სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას. შენ გახდები უფრო სევდიანი და დიდხანს იფიქრებ იმაზე, რა მოხდა და სად დაუშვი შეცდომა...

ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან. ძველად, ზოგიერთი კონკრეტული სახის ქცევის დარღვევას მორალურ აშლილობას ან მორალურ იდიოტიზმს უწოდებდნენ. ამგვარი ქცევის მქონე ადამიანებს მკურნალმა ექიმებმა ფსიქოპათები შეარქვეს, მაგრამ შემდგომში ეს ტერმინი უფრო ზუსტმა განსაზღვრებამ „- სოციოპათმა ჩაანაცვლა.

ასეთი ტიპის წარმოდგენა მარტივად შეიძლება, რადგან გასართობი წიგნები და ფილმები სავსეა სოციოპათი გმირებით. რომანის წარმატებისთვის საკმარისია, მთავარი გმირი სოციოპათი იყოს. საინტერესოა, რატომ იზიდავს ასე ძალიან ეს ტიპაჟი პუბლიკას?

ემოციების უქონლობა სოციოპათს უშიშარს ხდის. ის ყოველთვის მზად არის რისკისთვის. უკიდურესად თავდაჯერებული და ქარიზმატულია. უსაფრთხო დისტანციიდან ასეთი პიროვნება ფსიქიკურად აშლილი კი არა, ძლიერი ხასიათის გეჩვენება.

როგორც უკვე გითხარით, სოციოპათებზე არაერთი ცნობილი წიგნი დაწერილა და არაერთი ფილმი გადაღებულა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული "გოგონა დრაკონის ტატუთი" გახლავთ, რომელიც ტრილოგია "მილენიუმის" ეკრანიზაციაა. "მილენიუმი" 10 მილიონზე მეტი ტირაჟით არის დაბეჭდილი. ის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე სენსაციურ გამოცემად დასახელდა. წიგნი თითქმის 40 ენაზე ითარგმნა. ეკრანიზაციის უფლება კვენტინ ტარანტინომ იყიდა...

...ქორწინების მეხუთე წელს ნიკ დანი გადაწყვეტს, სუფთა ჰაერზე გაისეირნოს და თავისი ოჯახის მომავალზე დაფიქრდეს, შინ დაბრუნებული კი სახლს არეულ-დარეულს და ცოლს, ემის გაუჩინარებულს აღმოაჩენს. პოლიცია გამოძიებას იწყებს და ნიკის კოშმარიც იწყება... დღითი დღე იზრდება ფაქტების რაოდენობა, რომლებიც ნიკის დანაშაულში მხილებას მიუთითებს. ფილმის "გაუჩინარებული ქალი" რეჟისორი დევიდ ფინჩერი გახლავთ.

ეს არ არის უბრალოდ დეტექტივი, როგორიც დასაწყისში გვეჩვენება, ეს ერთდროულად სატირული დრამაცაა, კრიმინალური თრილერიც და გარკვეულწილად, რომანტიკული კომედიაც.

ფინჩერი დეტალების ოსტატია, რასაც ამ ფილმში კიდევ ერთხელ ადასტურებს. "გაუჩინარებულ ქალში" ყველაზე საინტერესო მოვლენები ვითარდება მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელი...

საუბარი გილიან ფლინის წიგნის ეკრანიზაციაზეა. "გაუჩინარებული ქალის" ავტორი მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მისი ნაწარმოებები 28 ქვეყანაში გამოიცა. ორი წელი მსოფლიოს მასშტაბით„"ტოპ-10"-დან არ ჩამოსულა. ეს არის ბოლო წლების წიგნების აბსოლუტური სენსაცია! ახლა ეს ნაწარმოები ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა "პალიტრა L" მას 15 ივნისს გამოსცემს სერიაში "ტოპ თრილერები".

ზოგის აზრით, სოციოპათი კაცობრიობის სხვა ტიპია; ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სოციალური ემოციები, გაცილებით ადვილად ეგუება პროგრესს და ყველაზე გლობალურ ცვლილებებს. საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დადგება ე.წ. მოქნილი მარტოხელების ცივილიზაცია - ჯეიმზ ბონდების, ოსტაპ ბენდერების საზოგადოება... თითქოს ამისკენ მიემართება სოციუმი. თუ ელიტის წრეებში, პოლიტიკაში, შოუბიზნესში სოციოპათები იქნებიან ლიდერები, ბუნებრივია, საზოგადოება ეცდება, მიჰბაძოს მათ. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ სოციოპათია დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი არ არის, ეს უბრალოდ ხასიათის სახეა. ესკიმოსების ენაში არსებობს სიტყვა "კუნლანგეტა". ასე ეძახიან ადამიანს, რომელიც გამუდმებით იტყუება, ქურდობს, ძალადობს ქალებზე, თაღლითობს. არ აქცევს ყურადღებას წესებს და ხშირად სასჯელს იმსახურებს. კითხვაზე: რა ბედი ეწევათ ასეთ კუნლანგეტებს, ესკიმოსები პასუხობენ: "ვიღაც, სანამ ვერავინ ხედავს, მას ყინულიდან წყალში გადააგდებს".

თეა ინასარიძე