"თაფლობის თვე მიტოვებულ მოხუცებთან გავატარეთ" - კვირის პალიტრა

"თაფლობის თვე მიტოვებულ მოხუცებთან გავატარეთ"

"მინდა ჩემი ამბავი მოგითხროთ. ვფიქრობ, ის, რაც მე და ჩემს ქმარს ბედნიერებას გვანიჭებს, შესაძლოა სხვისთვისაც მისაბაძი გახდეს", - გვწერდა თათა.

როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალს სურდა მოეყოლა, როგორი ორიგინალური ქორწილი ჰქონდა და სად გაატარა თაფლობის თვე. ალბათ, ფიქრობთ, ქორწილი ფეშენებელურ რესტორანში გადაიხადა და წყვილი სამოგზაუროდ ეგზოტიკურ კუნძულებზე წავიდა. არა...

თათა - მე და ლუკას შეგვეძლო, შესანიშნავი ქორწილი გადაგვეხადა, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამ ღონისძიებისთვის განკუთვნილი დრო და ფინანსები სიკეთეში დაგვეხარჯა - ღარიბ ოჯახს დავხმარებოდით. მეგობრები შემოგვწყრნენ, არ შეიძლება, ერთი ჭიქა მაინც არ ავწიოთო. ამიტომაც ლუკამ ასეთი რამ მოიფიქრა: მეჯვარეებთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად, ხელმოწერის შემდეგ ჩამოვუარეთ თბილისის ქუჩებს, ავიყვანეთ რამდენიმე მოწყალების მთხოვნელი და ქალაქგარეთ, რესტორანში მოვილხინეთ. გაკვირვებისგან თვალებგაფართოებული შემოგვ\ცქეროდნენ უპოვრები, მშობლები, ნათესავები არ გყავთ, რატომ არ დაპატიჟეთო? გაგვიჭირდა, მათთვის აგვეხსნა, რომ ეს უფრო გვახარებდა, ვიდრე ასკაციანი ქორწილი, რომელსაც იმიტომ ვიხდით, რომ ტრადიცია მოითხოვს. მერე იმ საოცარმა ადამიანებმა თავიანთი თავგადასავლები გვიამბეს. ძალიან სევდიანი ამბები: ერთ ბიჭს დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. გამზრდელი ბებია-ბაბუაც რომ გარდაიცვალნენ, მამიდამ და ბიძამ ითავეს მეურვეობა. თუმცა, მალევე სახლი გაუყიდეს და ქუჩისთვის გაწირეს... ერთი მოხუცი ახალგაზრდობას იხსენებდა. ოდესღაც მასაც ჰყოლია ქმარი, ბედნიერი ქალი ყოფილა. მეუღლე რომ გარდაცვლია, შვილს და რძალს დაზარებიათ მისი მოვლა და თავშესაფარში ჩაუბარებიათ. იქ ვერ გაჩერებულა. გვითხრა, ახლა დავხეტიალობ, სანამ სიკვდილს არ გადავეყრებიო... ბოლოს ძალიან მოვიწყინეთ, მაგრამ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს ცხოვრებას სხვა თვალით შეგვახედეს.

- თაფლობის თვე სად გაატარეთ?

- რაჭაში, ერთ ტკბილ ოჯახში, მოხუც ცოლ-ქმართან. ბავშვობაში ლუკა ისვენებდა მათთან... ვიყიდეთ პროდუქტი, ჩავსხედით მანქანაში და წავედით. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერები იყვნენ. გვიანობამდე ვისხედით ბუხართან და ვისმენდით მათ ლამაზ და სევდიან მოგონებებს... დილით რომ გამეღვიძა, ლუკა საწოლში აღარ დამხვდა. გავიხედე, ტკბილ პაპას ელაპარაკებოდა, თან თოხს ატრიალებდა ხელში. ჩაიფიქრა, რომ მოხუცებისთვის ყანები დაეთოხნა, მაგრამ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და მეგობრებს დაურეკა თბილისში, შაბათ-კვირას რაჭაში ამოდით, კარგი ამბავი უნდა დაგახვედროთო. არ უთხრა, რისთვისაც იბარებდა. რომ ამოვიდნენ, ჯერ კი გაუკვირდათ, მაგრამ მალევე დაჰყვნენ მის ნებას... საქმე იქამდე მივიდა, რომ თაფლობის თვის ლიმიტირებულ ერთ კვირას კიდევ ერთი დავუმატეთ და მოხუცებს მოვლილი კარ-მიდამო და ბაღ-ვენახი დავუტოვეთ. შეგნებულად არ ვამბობთ მათ ვინაობას, რადგან ქალაქში ჰყავთ შვილები. ალბათ, ძალიან უჭირთ და ვერ ახერხებენ მოხუცებთან ჩასვლას, ან  გულცივობის სენი შეეყარათ... ჩვენი ამბავი კი იმიტომ მოვყევით, რომ ბედნიერები იქნებით, თუ არაფრისმომტანი, ძვირად ღირებული ქორწილების ნაცვლად, ფულს სიკეთეში დახარჯავთ.

სოფო გამრეკელი