"ამ საქმეში ფული კეთდება, ჯიგარო" - ევროპაში დაოჯახება - ბიზნესი თუ ტრეფიკინგი?! - კვირის პალიტრა

"ამ საქმეში ფული კეთდება, ჯიგარო" - ევროპაში დაოჯახება - ბიზნესი თუ ტრეფიკინგი?!

"ქართველ ბიჭს ფეხებზე ჰკიდია, უცხოელი ქალიშვილი იქნება თუ არა. "ლიჟბი" ხელი მოაწეროს და გავიდეს ქვეყნიდან..."

რამდენიმე დღის წინ ავტობუსის გაჩერებაზე ასეთ განცხადებას წავაწყდი: გთავაზობთ ევროპაში დაოჯახებას კაცებს და ქალებს! გასაუბრებაზე მისაღებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. ტელ: 557 59... ნომერი ჩავინიშნე (თან ჯერ ისევ დასაოჯახებელი ვარ) და სამსახურში მისულმა მაშინვე დავრეკე... დროებით მიუწვდომელია...“ის იყო გავიფიქრე, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა-მეთქი და თან განცხადებაში მითითებული მეორე ნომერიც ავკრიფე, რომ შუახნის მამაკაცმა მიპასუხა... "ხანუმა" გორელი ნუგზარი აღმოჩნდა.

(საუბრის სტილი დაცულია)

- ევროპაში დაოჯახების ცენტრია?

- კი, თუმცა, პარტნიორი ვინც გვყავდა გერმანელი, იმან მერე უარი თქვა... ჩვენებმა გააჩმახეს“და... დაოჯახებას ვთავაზობდით ევროპელებს და ქართველებს. გერმანელი გოგოებისა და ქართველი ბიჭების ფოტოები გვქონდა. ანკეტები ივსებოდა... უცხოელ პარტნიორს დაოჯახების დიდი ოფისი აქვს.

- როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?

- ამ ზამთარს. მაგრად გაქაჩა, დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ საბუთები არ მქონდა ჯერ გაფორმებული. ტელევიზიები მომადგნენ. გერმანელებს არ გაუსწორდათ ასეთი აჟიოტაჟი. სად წერია ეგრე, რომ საფინანსო მოვიდეს, როცა ჯერ დაწყებული არ გაქვს საქმეო. არ ღირს ამ საქმის საქართველოში დაწყება... ოფისი არ გამაკეთებინეს საქართველოში. აქ ხან მითხრეს - ტრეფიკინგია, ხან ისაო და...

- ანუ ვერავინ დააქორწინეთ ევროპაში?

- არაოფიციალურად ჩამოვიდნენ ვიღაცები, მოაწერეს ხელი, მაგრამ იმათ უნდოდათ ოფიციალური შეხვედრები...

- ძირითადად გერმანელი გოგონები არიან?

- გერმანელი გოგონებიც იყვნენ, ფრანგებიც, ქართველებიც.

- ენა თუ არ ვიცი, როგორ უნდა გამაცნოთ გერმანელი ან ფრანგი?

- რა ვიცი, აბა, ჯიგარო, ათასნაირი კითხვარია შესავსები - სპორტი გიყვარს, მანქანა, კითხვა... ის გოგოც თუ ისეთია, როგორსაც შენ ეძებ და თქვენი გემოვნება ემთხვევა, გაიცნობთ ერთმანეთს.

- განათხოვრები არიან ის გოგონები?

- აბა, გერმანელი გოგო და ქალიშვილი?

- კი, მაგრამ ქართველები მაინც ქალიშვილ საცოლეებს ეძებენ...

- ქართველ ბიჭს ფეხებზე ჰკიდია, უცხოელი ქალიშვილი იქნება, თუ არა. "ლიჟბი"“ხელი მოაწეროს და გავიდეს ქვეყნიდან...

- სიმართლე გითხრათ, დაინტერესებული ვარ, ასეთი ოფისის გაკეთება მინდა...

- ყველა საბუთი უნდა მოამზადო. ლიცენზია უნდა აიღო, გერმანიიდანაც უნდა გქონდეს ლიცენზია. ბევრი გექნება სარბენი, რა. მფარველიც“უნდა გყავდეს.

- ის რა ორგანიზაციაა?

-„რიდემახინი“ჰქვია, თუ რაღაც ამდაგვარი.

- თქვენ რამე გამოცდილება გაქვთ?

- დამწყები ვარ. ის გერმანელი აკეთებდა ყველაფერს. მე მევალებოდა ოფისის მოწყობა. კომპიუტერი, ქსეროქსი, ფოტოგადაღება და ყველაფერი...

- ფოტოების გადაღებაც აუცილებელია?

- მაშა... ერთი კაცის მინიმუმ 5-6 ფოტო გინდა. თუ ვერ დააოჯახე ბიჭი, ექვსი თვის მერე კიდე უნდა გადაუღო ახალი ფოტოები.

- რომ წამოვიწყო ეს საქმიანობა, გაამართლებს, ნეტა?

- ოფისის გაკეთებას რომ ვაპირებდი, გერმანელებმა მკითხეს, რამდენი გჭირდება თანხაო? 5 ათასი ევრო ვუთხარი. ეგ რა თანხაა, დღეში ათას ევროს ვხარჯავთ ჭამაშიო. შენი მოვალეობა რა იქნება, იცი? მოენე“(თარჯიმანი) უნდა გყავდეს. რომ ჩამოვა, გერმანელი პატარძალი იქნება თუ სიძე, დააბინაო და მერე შეახვედრო კაფეში.

- მე რა მოგება მექნება?

- ერთი ქართველი ბიჭი რომ დააქორწინო გერმანელზე, პატარძალი“იხდის 800 ევროს.

- ისე, ტრეფიკინგის ამბავს ხომ არ მომაწერენ?

- მაგას აქ „გტენიან, თორემ ევროპაში არავის აქვს პრობლემა. ოფიციალურ საბუთებს რომ გააკეთებ, წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში, საელჩოში შედის, შეჰყავს წყვილი, იწერენ გერმანელი პატარძლის იქაურ მისამართსა და ყველაფერს, რა. ტრეფიკინგი გამორიცხულია.

სერიოზული კაცებიც არიან, ვისაც პატიოსანი ქართველი ცოლები უნდათ. დამირეკეს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიჭებმა, ნახალოვკელები ვართ და იქნებ ვინმე გაგვირიგოო. აქაური გოგოებიც მირეკავდნენ, ქართველ ბიჭებზე გვინდა გათხოვებაო. გუშინაც დამირეკა ერთმა, კარგი გოგო გვყავს გასათხოვარი და ვინმე კარგი ბიჭი გეყოლებაო.

- ერთად ხომ არ დავიწყოთ ეს ბიზნესი?

- რა გითხრათ, აბა? ახლა ისეთ სამსახურში ვარ, რომ გამიჭირდება შეთავსება. ისე კი, ამ საქმეში ფული კეთდება, ჯიგარო...

თორნიკე ყაჯრიშვილი