რომელ მკითხავებთან დადიან პოლიტიკოსები და შოუბიზნესის ვარსკვლავები - კვირის პალიტრა

რომელ მკითხავებთან დადიან პოლიტიკოსები და შოუბიზნესის ვარსკვლავები

როცა მამიდაჩემმა ზედიზედ ორი გოგო გააჩინა, ოჯახი შეფიქრიანდა. როგორც ჩვენში ამბობენ, გვარის გამგრძელებელი უნდოდათ, მაგრამ მაშინ ექოსკოპია არ იყო, რომ ბავშვის სქესი წინასწარ გაეგოთ. იმის შიშით, რომ მესამეც გოგო არ ყოფილიყო, გაჩენას ვერ ბედავდა. ერთ დღესაც რძალმა ახარა, თელავში ისეთი მკითხავი ჩამოსულა, მის ნათქვამს წყალი არ გაუვაო. აიყარა მთელი ჯალაბობა და თელავის გზას გაუდგა... მკითხავმა სანთლები აანთო, თვალები მოჭუტა და გულის გამაწვრილებელი სიჩუმის შემდეგ, მამიდას ახარა, მესამე შვილი ბიჭი გეყოლებაო. გახარებულებმა ასმანეთიანები ჩაუკუჭეს და შინ დაბრუნდნენ... 9 თვის თავზე მამიდას მესამე შვილი შეეძინა... ისევ გოგო. ნაბოლარა ანანოს თავს არავინ ურჩევნია, მაგრამ მის შემდეგ მკითხავს აღარ გაჰკარებია.

მკითხავებს, ექსტრასენსებსა თუ პარაფსიქოლოგებს ბევრი მიმართავს. გამოლოცვა, ბედის შეცვლა თუ ჯადოს მოხსნა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ჩვენებური მკითხავები კლიენტურას სთავაზობენ. სართიჭალელი ჩანგოს, სომეხი მაროსა თუ აჭარელი მკითხავების შესახებ ნაცნობ-მეგობრებისგან ხშირად მსმენია. მათ მკითხაობის განსხვავებული  მეთოდები აქვთ, თუმცა, როგორც გავარკვიე, ფასები თითქმის ყველგან ერთია.

ერთი სეანსი 40-დან 60 ლარამდე მერყეობს. გააჩნია მკითხავის ავტორიტეტსა და გამოცდილებას. შემდეგ სხვა ფასები მოდის: გამოლოცვა - 15 ლარი, შუალედურ სეანსებზე ფასდაკლებებია - 15 ლარი. თუმცა, მე-3-4 ვიზიტზე კვლავ 50 ლარია გადასახდელი.

სეანსის ხანგრძლივობა კლიენტის პრობლემებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მეთოდებს, ძირითადად, სანთელზე, ლობიოს მარცვლებით, წყლითა და ტაროს კარტებით მკითხაობენ. ხშირად მკითხავთან მოსახვედრად გრძელ რიგში დგომაა საჭირო.

თურმე ასეთ რიგებში ცნობილ სახეებსაც მოჰკრავთ თვალს, მათ შორის პარლამენტარებს, ჩინოვნიკებს. იმასაც ამბობენ, ზოგი მათგანი მიზნის მისაღწევად და მეტოქის ჩამოსაცილებლად ჯადოს გაკეთებაზეც არ იხევს უკანო.

მკითხავები კლიენტებს დარიგებებსაც აძლევენ, როგორ მოიქცნენ. ერთი ასეთი დარიგების მსხვერპლი  ჩემი ნაცნობი გახდა. როგორც ყველა გოგოს, მასაც აინტერესებდა, მომავალში რა ელოდა, როდის გათხოვდებოდა. ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა. თუმცა ექიმთან მისვლის ნაცვლად მკითხავთან მისვლა არჩია. მართალია, თავის ტკივილისგან მარო მკითხავმა ვერ განკურნა, სამაგიეროდ, ჭკუა ისწავლა. თითოეულ სეანსში 50 ლარს ხომ იხდიდა, ბოლო სეანსზე კი მარომ უთხრა, ახლა წადი და ბებიაშენის საფლავზე ქალის ახალი თეთრეული დაალაგე და უკანმოუხედავად წამოდიო. ჩემმა მიამიტმა ნაცნობმა ეს რჩევაც უთქმელად შეასრულა და... მგონი, ახლა იმ თეთრეულით მარო თავს იწონებს. ამ ამბის გახსენებაზე კი ჩემი ნაცნობი აპილპილებული გარბის.

ჩემს მეზობელს კი ვარკეთილში მცხოვრებმა ”ცნობილმა” მკითხავმა დოლარები დასცინცლა. მარიკა შეძლებული ოჯახიდან იყო. კარგად იცოდა, რომ ქმარმა ფულის გულისთვის შეირთო. როცა კაცი ფეხზე მყარად დადგა, საყვარელიც გაიჩინა და მარიკა შვილთან ერთად მიატოვა. ჩემმა მეზობელმა ეს ამბავი ვერ მოინელა და იმ დღიდან დაიწყო მისი უბედურებაც. არ ვიცი, სად იპოვა ის მკითხავი, რომელმაც დააჯერა, მეორე ცოლს გავაშორებ და შენ შეგირიგდებაო. ამანაც დაიჯერა და ყოველ მისვლაზე 100-200 დოლარით ასაჩუქრებდა. რამდენიმე წელი გავიდა. ის მეორე თავს მშვენივრად გრძნობს, მარიკა კი ვალში ჩავარდა.

რამდენიმე ცნობილი მკითხავის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. სართიჭალელი ჩანგო, რუსთაველი ნანა, პარაფსიქოლოგი ნანა... როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელთან სამკურნალოდ დადიან შოუბიზნესის წარმომადგენლები, ზოგჯერ კი პოლიციის მაღალჩინოსნებიც.

ერთ-ერთი მკითხავის ყველაზე ცნობილი კლიენტი მომღერალი გია სურამელაშვილია.

აჭარელ მკითხავ დებს თითქმის მთელი საქართველო იცნობს. მათ მკითხაობის განსაკუთრებული მეთოდი აქვთ: ერთ დას სძინავს, როცა მათთან კლიენტი მიდის. ლაპარაკობს გაუგებარ ენაზე, რომელსაც მისი და, ლამზირა თარგმნის და კლიენტს უყვება, რა ელოდება მომავალში. ამბობენ, რომ მათი მომსახურებით ყველაზე ხშირად პოლიტიკოსი ქალები სარგებლობენ.

ასე რომ, სანამ მკითხავთან მიხვალთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა იმაში ფულისა და ჯანმრთელობის დაკარგვა, რაზეც პასუხი თავად მკითხავებსაც არა აქვთ.

სალომე გოგოხია