სი­ლა­მა­ზის სა­მი ასა­კი - კვირის პალიტრა

სი­ლა­მა­ზის სა­მი ასა­კი

თუკი 20 წლის ასაკში ღამე ჭამა, ფასტ-ფუდი და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა არაფერს ვნებს თქვენს სხეულს, 30 წლისთვის ამას უნდა ერიდოთ, თორემ რამდენიმე წელიწადში ორი ზომით დიდი ტანსაცმლის შეძენა მოგიწევთ... სწორედ ამ დროს იწყება `ჯადოსნური~“დიეტების ძიება, რომლებიც უმეტესად უშედეგოა, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება, იცვლება ჰორმონული ფონი, მცირდება კუნთოვანი მასა, ხოლო ცხიმოვანი - იზრდება.

30+ წლიდან არ უნდა მისცეთ თავს გასუქების ნება - კვების კორექციასთან ერთად უნდა ივარჯიშოთ. თუ დილით ვარჯიში გიჭირთ, მოსინჯეთ აქტივობის სხვა სახეობა (ცურვა, ცეკვა, იოგა, ხელბურთი).

1. შინ. თუ ყოველდღიურად 10 წუთი იხტუნავებთ ან ჰულაჰუპს დაატრიალებთ, წელი დაგითხელდებათ და გაიმაგრებთ მუცლის, ფეხის და დუნდულების კუნთებს.

2. სამსახურში. საათში ერთხელ გააკეთეთ მარტივი ვარჯიში. სწორად დაჯექით და ხელისგულები მუხლებზე დაიდეთ, შეეცადეთ, თითის წვერებზე აიწიოთ და თან ხელებით მუხლებს დააწვეთ.

სახის მოვლა. არსებობს კანის დაბერების ორი ტიპი: წვრილი ნაოჭების გაჩენა და სახის ოვალის დეფორმაცია. წვრილი ნაოჭების ფონზე ოვალი უცვლელია, ხოლო სახის კონტურების დეფორმაციისას კანია მოშვებული. მიზანშეწონილია ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემების, სკრაბების და მსუბუქი ლიფტინგის გამოყენება.

რაციონი. 1. საუზმეზე და დღის პირველ ნახევარში მიირთვით ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, რადგან მთელი დღე წინ არის, ორგანიზმი მოასწრებს“ენერგიის გადამუშავებას და არ გარდაქმნის მას ცხიმებად.

2. შიმშილმა რომ არ შეგაწუხოთ, ჭამეთ დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით.

3. თქვენს მენიუში მთავარი უნდა იყოს ხორცი, თევზი და ბოსტნეული. მიირთვით უმი ხილი და ბოსტნეული 4-ჯერ დღეში, იხელმძღვანელეთ 4 ფერის“პრინციპით: 1 წითელი პამიდორი, 1 ყვითელი ბულგარული წიწაკა, 1 მწვანე ვაშლი, 1 სტაფილო...

მადის დაქვეითების მარტივი საშუალება - ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ნახევარი ჭიქა ჩირის ნახარში (უშაქრო).

მომზადება: 3 ჭიქა წყალი და ერთი ჭიქა ჩირი ხარშეთ 10-15 წუთი, სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტაოდენი დარიჩინი.

40+ წლის შემდეგ იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების საშიშროება. სწორედ ამიტომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. უპირატესობა მიანიჭეთ ძალისმიერ ვარჯიშებს. ტრენაჟორები და ჰანტელების გამოყენება კუნთოვანი მასების ზრდასაც შეუწყობს ხელს და ძვლებსაც გაამაგრებს. აერობიკა ნუ გაგიტაცებთ, რადგან მაღალი ინტენსივობით ის ხელს შეუწყობს კუნთოვანი ქსოვილის მასის შემცირებას.

1. თუ გსურთ ახალგაზრდად იგრძნოთ თავი, გახდით მოქნილი. ყველაზე მარტივია - დაყარეთ იატაკზე ასანთის ღერები და სათითაოდ აკრიფეთ (50 ღერი ასანთი).

2. გამოიმუშავეთ სასარგებლო ჩვევა: ყოველთვის, სანამ სკამზე დაჯდებით, დაძაბეთ დუნდულების კუნთები.

სახის მოვლა. 40 წლის შემდეგ ეპიდერმისი ნელ-ნელა თხელდება, ცხიმოვანი ჯირკვლები ატროფიას განიცდის. ჩნდება ნაოჭები თვალის ირგვლივ და შუბლზე. კანი მძაფრად რეაგირებს დაბინძურებულ ჰაერზე და ულტრაიისფერ სხივებზე. ხშირი წმენდა და სათანადო მოვლა შეუნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას.

მოამზადეთ ნიღბები შინ: წმინდად გახეხეთ გათლილი უმი კარტოფილი, მიღებულ ფაფას დაუმატეთ მაღალცხიმიანი ნაღები, კარგად აურიეთ და წაისვით თვალების ირგვლივ, გაიჩერეთ 15 წუთი... ნაოჭები თვალების ირგვლივ ნაკლებად შესამჩნევი გახდება, თუ ყოველ საღამოს თვალებთან ნუშის ზეთს შეიზელთ.

გახდომა არ არის მთავარი მიზანი. კოკო შანელი ხშირად იმეორებდა, რომ 40 წლის ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: სახე თუ ტანი. იმისათვის, რომ სხეულის და სახის სილამაზე შეინარჩუნოთ, მუდმივად უნდა აკონტროლოთ სხეულის მასა, უარი თქვათ შაქარზე და მინიმუმამდე შეამციროთ შაქრის შემცველი პროდუქტების გამოყენება.

1. ჩვენს ორგანიზმს შეუძლია საათში მხოლოდ 10 გ ნახშირწყლების გადამუშავება - სწორედ ამდენს შეიცავს ერთი ვაშლი ან ორი ნატეხი შაქარი. ამიტომ მაშინვე ნუ მიაყოლებთ მეორე ვაშლს, რადგან ცხიმების მარაგი ორგანიზმში 4 გრამით გაიზრდება. ასე გროვდება ზედმეტი ცხიმი.

2. სისხლში შაქრის დონემ რომ მკვეთრად არ მოიმატოს, ყოველი ულუფა გაყავით ორ ნაწილად, მეორე ნაწილი ცოტა მოგვიანებით მიირთვით, გამოვა ორი საუზმე, ორი სადილი და ორი ვახშამი. კუჭიც მიეჩვევა მცირე ულუფებს და წონაში კლებაც უფრო ადვილი გახდება.

3. საკვების პირველი ათი ლუკმა რაც შეიძლება ნელა მიირთვით და საგულდაგულოდ დაღეჭეთ. თუ ყოველთვის ასე მოიქცევით, თავიდან აიცილებთ ზედმეტი საკვების მიღებას.

50 წელს გადაცილებული ქალისთვის მთავარია ჯანმრთელობა! შესაბამისად, ნებისმიერი, თუნდაც მცირეხნიანი ფიზიკური დატვირთვა შეიძლება სრულყოფილ ვარჯიშად ჩაითვალოს (ფეხით სიარული - 20 წთ). სახლის სამუშაოც კი უნარჩუნებს კუნთებს ტონუსს. ამგვარად, იატაკის ან ფანჯრების წმენდა ამაგრებს კუნთებს.

სახის მოვლა. ითვლება, რომ 50 წლის შემდეგ ასაკობრივი ცვლილებების დამალვა კოსმეტიკური საშუალებებითაა შესაძლებელი, ხოლო მათთვის, ვისაც ნაკლებად გაუმართლა, პლასტიკური ქირურგია დაეხმარება. თუმცა ასე არ არის...

თუ მოშვებული კანი გაქვთ, კარგად აურიეთ წმინდად გახეხილი სტაფილო, კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 0,5 ჩ/კ სახამებელი, წაისვით სახესა და ყელზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რაციონი. 50 წლის შემდეგ ყველა ქალი განიცდის ძლიერ ჰორმონულ სტრესს. ზოგიერთები ამ დროს წონაში იკლებენ, მაგრამ ბევრი პირიქით - სუქდება. ნებისმიერი მკაცრი შეზღუდვა დაუშვებელია, რადგან ეს მეტაბოლიზმს შეაფერხებს. უპირატესობა მიანიჭეთ ბალანსირებულ საკვებს.

1. ნივთიერებათა ცვლა რომ დააჩქაროთ, ორგანიზმისთვის აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობა: დღეში 2 ლ წყალი. დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) პროვოცირებას უწევს შიმშილს, ამიტომ ჭამამდე დალიეთ ნახევარი ჭიქა წყალი, წყალს შეიძლება რამდენიმე წვეთი ლიმონი დაუმატოთ.

2. არ თქვათ უარი დაბალკალორიულ პროდუქტზე: სალათის მომზადება გეზარებათ? მაშინ სადილის წინ მიირთვით სტაფილო, კიტრი ან ტკბილი წიწაკა.

3. წვნიანის მირთმევისას, შეეცადეთ, მეტი ბულიონი დაისხათ, ვიდრე შიგთავსი, ასე კალორიულობას 1,5-ჯერ შეამცირებთ.