როგორ შევარჩიოთ ჰამაკი - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიოთ ჰამაკი

რა განსხვავებაა ქართულ და უცხოურ  ჰამაკებს შორის

ზაფხულში, ეზოსა თუ ტყეში ჰამაკში წოლას არაფერი ჯობს. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ შეარჩიოს ჰამაკი, რომ არასასურველი შედეგისგან დაზღვეული იყოს. როგორ ავარჩიოთ ჰამაკი? შეგვიძლია თუ არა მისი თავად გაკეთება? რა წესები უნდა დავიცვათ, რომ დიდხანს გაგვიძლოს?

ჰამაკის ოსტატი კოტე გიგაშვილი 20 წელია, ამ საქმეს მისდევს:

- ჰამაკი სეზონურია, თუმცა წლიდან წლამდე მოთხოვნა არ მცირდება. ბოლო დროს მასალა გაგვიძვირდა - თურქეთიდან სპეციალური თოკი შემოდის, რომელსაც დასაწნავად ვიყენებთ. სახელურებს კი საქართველოში ვყიდულობთ.

ერთი ჰამაკის დამზადება 17-18 ლარი ჯდება. გამყიდველები კიდევ 3-5 ლარს უმატებენ. საშუალოდ ჰამაკისთვის 85 მეტრი თოკია საჭირო.

მძიმეწონიანებისთვის სპეცშეკვეთით ორმაგი, სამმაგი თოკით ვქსოვთ ჰამაკს.

- როგორ დავამაგროთ ხეზე ჰამაკი?

- ზოგი შეცდომას უშვებს, როცა ხეზე ტროსით კიდებს. ჰამაკი ირწევა, ტროსი ნელ-ნელა ცვდება და ერთ დღესაც გაწყდება. იყიდება მეტალის სახელური, რითაც ჰამაკს ხეზე მკვიდრად ამაგრებენ.

- მნიშვნელობა აქვს, რომელ ხეზე უნდა ჩამოვკიდოთ?

- მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მეტალის სახელურით დაამაგროთ. ამგვარად, ქანაობის დროს ტროსი არ გაიხეხება და შიგ მსხდომთაც ჩამოვარდნა არ ემუქრებათ.

- როგორ შევინახოთ ჰამაკი, დიდხანს რომ გაგვიძლოს?

- მთავარია, წვიმის დროს გარეთ არ დატოვოთ. როცა მზეზე შრება, იჭიმება და ხარისხს კარგავს. საშუალოდ, 5 წელი მაინც ინახება. მთავარია, ეს წესები დაიცვათ.

- ჰამაკის მოქსოვა ნებისმიერს შეუძლია?

- რა თქმა უნდა, მთავარია მონდომება. ბოლო დროს ბევრმა მოინდომა ჰამაკის დამზადება. თუმცა, სულსწრაფობას იჩენენ და სათანადო წესით არ აკეთებენ. ქსოვის დასრულების შემდეგ, სანამ თოკებს თავს მოაწვავ, უნდა განასკვო, რომ არ დაიშალოს. ზოგიერთი პირდაპირ მოწვავს და ფიქრობს, საქმე დაამთავრა. ასეთ ჰამაკში ადამიანი ჩაჯდომისთანავე ჩამოვარდება, რადგან ნაქსოვი ირღვევა.

- ბოლო დროს ნაჭრის ჰამაკიც გვხვდება. რა სხვაობაა მათ შორის?

- ამ ჰამაკებს გობელენით ამზადებენ. ისიც ჩვეულებრივი ჰამაკია, უბრალოდ, ნაქსოვზე ნაჭერია გადაკრული. თუმცა, რომბებს შორის იმხელა მანძილია, რომ ადამიანს ფეხი თავისუფლად ჩაუვარდება. თანაც, გობელენი ჰაერს არ ატარებს. მასში ბავშვიც შეწუხდება. წესით, სწორად მოქსოვილ ჰამაკში მუშტიც ვერ უნდა ჩაეტიოს, არათუ ფეხი. ამას კი ეკონომიის მიზნით აკეთებენ. თანაც, ჩვეულებრივ ჰამაკთან შედარებით უფრო ძვირი ღირს.

- ქართული ჰამაკის გარდა ბაზარზე უცხოურიც გვხვდება. მათზე რას გვეტყვით?

- ჩვენთან ჰოლანდიური ჰამაკები იყიდება. ძალიან მაღალი ხარისხისაა, საუკეთესო ტილოსგან დამზადებული, რკინის სახელური აქვს, მაგრამ ძვირი ღირს - 50-დან 200 ლარამდე. სეზონის განმავლობაში მხოლოდ 3-4 თუ გაიყიდება.

სალომე გოგოხია