ეს სახიფათოა! - თბილისში წონაში დაკლების ახალი მეთოდი გავრცელდა
13-07-2015
ეს სახიფათოა! - თბილისში წონაში დაკლების ახალი მეთოდი გავრცელდა
"დაუშვებელია ვარჯიშის დროს პოლიეთილენის პარკის შემოხვევა. ამ დროს სხეული დიდი რაოდენობით წყალს კარგავს, ამიტომ ორგანიზმი­ გაუწყლოვდება, ასევე, თირკმელებს შეექმნება სერიოზული პრობლემა; შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა და კანიც ელასტიკურობას დაკარგავს..."


"ასაკის მატებასთან ერთად, წონის პრობლემა შემექმნა. დიეტა, ქართული გაგებით, შიმშილობას გულისხმობს, რაც ჩემისთანა­ გურმანისთვის წარმოუდგენელია. გაზაფხულის დადგომისთანავე ბავშვობა გავიხსენე­ და დილაობით სირბილი დავიწყე. ახალი მეგობრებიც გავიჩინე, რომლებიც ჩემსავით ცდილობენ ზამთარში დაგროვილი ცხიმების დაწვას. ზოგიერთმა ვარჯიშის თავისი­ მეთოდი გამიმხილა - ვარჯიშის დროს
მუცელსა და წელზე, ასევე - ბარძაყებზე­, პოლიეთილენის პარკს იხვევენ, რაც ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს. თურმე, ამ ხერხით­ კვირაში ორი კილოს დაკლება შეიძლება. ეს თბილისში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა.
ძვირფასო რედაქცია, სანამ ამ ხერხის ეფექტურობას საკუთარ თავზე გამოვცდი,  იქნებ რჩევა მომცეთ, უსაფრთხოა თუ არა ამგვარი მეთოდით ვარჯიში",
- გვწერს მკითხველი.


"კვირის პალიტრა" ფიტნესცენტრის ინსტრუქტორ თეონა კაპანაძეს­ ესაუბრა:
- დაუშვებელია ვარჯიშის დროს სხეულის­ რომელიმე ნაწილზე პოლიეთილენის პარკის შემოხვევა. ამ დროს სხეული დიდი რაოდენობით წყალს კარგავს, ამიტომ, ორგანიზმი­ გაუწყლოვდება, ასევე, თირკმლებს შეექმნება სერიოზული პრობლემა; შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა და კანიც ელასტიკურობას დაკარგავს.

- ბევრი ქალი თუ მამაკაცი წონის დაკლების მიზნით ამ ხერხს იყენებს და ირწმუნება,­ რომ ასე ცხიმი ადვილად იწვის...
- ცხიმი ამ გზით არ იწვის.
ის, ვინც თავს იწონებს, რომ ორ კვირაში ორი კილო დაიკლო, ცდება.­ სინამდვილეში კლება ცხიმების წვის ხარჯზე კი არა, ორგანიზმიდან წყლის გამოდევნის ხარჯზე ხდება. ცხიმის წვა ვარჯიშის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ იწყება, როცა კუნთები აქტიურდება.

- ბევრი ირჩევს ცხოვრების ჯანსაღ წესს... როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად?

- მხოლოდ ვარჯიშის ხარჯზე წონის დაკლება ძნელია. აუცილებელია სწორი კვება და ვარჯიში ერთად. შეიძლება ყოველდღე ივარჯიშოთ, მაგრამ დღის განმავლობაში იმდენი კალორია მიიღოთ, კლების ნაცვლად, პირიქით, მოიმატოთ.

-    ზოგიერთი წონის კორექციის მიზნით ესთეტიკურ ცენტრებს მიმართავს, ქირურგიულ თუ სხვა აპარატურულ ჩარევას ანიჭებს­ უპირა­ტესობას. ეს ეფექტურია?

- რა თქმა უნდა, ესეც ეფექტურია, თუმცა, იმისათვის, რომ ისევ არ მოიმატონ, აუცილებელია ჯანსაღი კვება და ვარჯიში.

- რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს, წონა სხვის დაუხმარებლად დაიკლოს?

- თავდაპირველად მენიუდან მცენარეული თუ ცხოველური ცხიმები უნდა ამოიღოს,­ ასევე - ცომეული. შაქარი ტკბილი ხილის ხარჯზე უნდა მიიღოთ. ცხიმიც უნდა მიიღოს ადამიანმა, ოღონდ ესეც ბუნებრივი უნდა იყოს - თხილის, ნიგვზისა­ და მზესუმზირის სახით. რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით...

- როდის უნდა ვივარჯიშოთ, რომ ჩვენს ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ?
- ვარჯიშისთვის საუკეთესო დროდ დღის პირველი ნახევარია მიჩნეული. ასეთ დროს კუნთები აქტიურია, ვარჯიშის დროს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაც ხდება და ადამიანი დღის განმავლობაში ენერგიით სავსეა. ვარჯიშისთვის კარგია საღამოს­ 4-დან 6 საათამდე მონაკვეთიც. 6 საათის შემდეგ ორგანიზმი დუნდება, ძილისთვის ემზადება, ამიტომ გვიან ვარჯიში მიზანშეწონილი არ არის. ასეთ დროს შეიძლება გულს პრობლემა შეექმნას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დილით, გაღვიძებისთანავე ვარჯიში სასტიკად აკრძალულია. ვარჯიში შეიძლება გაღვიძებიდან 3-4 საათის შემდეგ, როცა ორგანიზმი გამოფხიზლდება.

ცხოვრების წესის გამო ბევრს შეიძლება დღის პირველ ნახევარში ვარჯიშის დრო არ ჰქონდეს, ამიტომ ღამით ვარჯიშობს. აქაც ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ. მაგალითად, საღამოს, ერთსა და იმავე დროს თუ ივარჯიშებთ, ვთქვათ, ათ საათზე, ორგანიზმი ამას მიეჩვევა, ზუსტად ათი საათისთვის გამოფხიზლებას დაიწყებს და ვარჯიშისთვის მზად იქნება. ასე ჩვენს ორგანიზმს საფრთხე აღარ დაემუქრება.

სალომე გოგოხია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით