ვეძებთ მამას... - კვირის პალიტრა

ვეძებთ მამას...

ლევანი დედისერთა იყო. მშობლებს მზე და მთვარე ამოსდიოდათ მასზე. უმაღლესი სასწავლებელი მოსკოვში დაამთავრა, ცოტა ხანს იქვე მუშაობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაინგრა თუ არა, სამშობლოში დაბრუნდა. მალე ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ კი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩაება. ყველა ომს გადაურჩა. ხარობდნენ მშობლები. იმედოვნებდნენ, რომ ლევანი მალე დაქორწინდებოდა, გამრავლდებოდა ოჯახი. ომიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობაც დაიწყო. მართლაც არაფერი აკლდა მათ ბედნიერებას, მაგრამ... ერთ დღეს ნარკოტიკის ჭარბი დოზით მკვდარი ნახეს საკუთარ საძინებელში. არადა, ერთი კვირით ადრე დედისთვის უთქვამს, საცოლე მყავს, უნდა გაგაცნოთო. ის გოგო ცოცხალ-მკვდარი მივიდა სამძიმარზე გაუბედურებულ მშობლებთან, ბოლომდე გვერდით ედგა, მერე ისიც თავისი გზით წავიდა...

წელიწად-ნახევარში ლევანის მამაც გარდაიცვალა. ლევანის დედას ხშირად ხედავდნენ მეზობლები ჭიშკართან, თითქოს ვიღაცას ელოდებაო. ერთხელ უთქვამს კიდეც, ასე მგონია, ჩემი ბიჭის მანქანა გამოჩნდებაო. ლიანას ბევრჯერ უნატრია, ნეტავ რუსეთში მაინც დარჩენოდა შვილი, ასე კვალწმინდად გაქრობას ხომ სჯობდაო.

სანამ მოსკოვში ცხოვრობდა, ლევანს გოგონების ყურადღება არ აკლდა... არც სცოდნია, რომ ორ გოგოს გაუჩენია მისგან შვილები - მათ სხვადასხვა პერიოდში ჰქონიათ რომანი ქართველ დონ ჟუანთან. ერთმანეთი მოგვიანებით გაიცნეს, როდესაც ბედმა მათი შვილები ერთ საბავშვო ბაღში მოახვედრა. ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი. თითქოს გრძნობდნენ, რომ ძმები იყვნენ. ქალებიც დაახლოვდნენ. მერე, როგორც ხდება, ერთმანეთს გული გადაუშალეს და აღმოჩნდა, რომ ორივე ერთი კაცის შვილებს ზრდიდა.

ძმებს ერთმანეთი რომ არ დაეკარგათ, ქალები მეზობლად დასახლდნენ. მერე ბიჭები ერთ სკოლაში შეიყვანეს. გაიზარდნენ ბავშვები, მოიკითხეს მამა და დედებმაც გაუმხილეს საიდუმლო - ძმები ხართო, დედების ნათქვამზე ვიქტორი და დენისი ჯერ თურმე კინაღამ დამუნჯდნენ, მერე უზომოდ გაუხარდათ და უფრო მტკიცედ გადაწყვიტეს მამის მოძებნა.

ამაოდ ეძებდნენ ლევანის ასავალ-დასავალს. ერთი ხანობა ხელი ჩაიქნიეს და ძებნას შეეშვნენ, მაგრამ როგორც კი სოციალური ქსელები გაჩნდა, ბიჭებმა მამის სახელისა და გვარის მქონე ყველა მოიძიეს. თუმცა, ამაოდ...

იქნებ დაიღუპა, იქნებ სადღაც დები და ძმები გვყავსო, - მუდმივად აწუხებდათ კითხვები. ბოლოს, სოციალურ ქსელში ერთს, მამის მოგვარსახელეს მისწერეს, მამას ვეძებთ და იქნებ დაგვეხმაროო.

იმ კეთილმა კაცმა კარგა ხანს იძია და ბოლოს მიაგნო ლიანას. გაიგო, რომ ბიჭების მამა გარდაცვლილი იყო, მაგრამ ბიჭებს დაუმალა, - ვაითუ, ამის გამო ჩამოსვლა გადაიფიქრონო.

ვიქტორი და დენისი ორი თვის წინ ჩამოვიდნენ მამის სამშობლოში. იმ დღეს ლევანის მეგობრებს ეგონათ, რომ უცებ დროის მანქანით დაბრუნდნენ წარსულში. ლევანის უფროსი ვაჟი, ვიქტორი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლევანს. ლურჯთვალა დენისიც ძალიან ჰგავს მამას და ძმას.ლიანას მეტისმეტი სიხარულისგან ინსულტი დაემართა. ორი კვირა საავადმყოფოს და მის საწოლს არ მოსცილებიან ბიჭები. ბებია მოამჯობინეს, შინ დააბრუნეს, დედები იხმეს და ლიანას თითქოს თავიდან ჩაჰბერეს სული.

- საოცრად კეთილი ბიჭები აღმოჩნდნენ. ორივე ნამდვილი ღვთის საჩუქარიაო, - ამბობს ბედნიერი ლიანა.

სოფო გამრეკელი