როგორ "ავაწყოთ" საოცნებო ქალი - კვირის პალიტრა

როგორ "ავაწყოთ" საოცნებო ქალი

"თვალები ჰგავს? - ჰგავს. შუბლი ჰგავს? - ჰგავს. ესე იგი ჰგავს!" - არ ვიცი, როდესაც ამ სიტყვებს აგული ერისთავი ამბობდა, ცნობილი ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", ის უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო თუ მე - "კვირის პალიტრის" ექსპერიმენტის ავტორი...

ამჯერად, ჩვენი ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცნობილი ქართველი მამაკაცების გემოვნებით შევქმნათ ლამაზი ქალბატონის ფოტორობოტი. ვნახოთ, რა გამოგვივა.

გუგა კუზანოვი: - თქვენს წამოწყებაში ვმონაწილეობ არა როგორც პლასტიკური ქირურგი, არამედ, როგორც რიგითი მამაკაცი... მე ქერათმიანი ქალბატონები მომწონს. თვალები ღია ფერის უნდა ჰქონდეს (ცისფერი ან მწვანე), მაგალითად, ნინა სუბლატის თვალები. მომწონს თხელი წარბები, ვერ ვიტან სქელ წარბებს, მაგალითად ისეთს, როგორიც ელიზაბეტ ტეილორს აქვს.

ჩვენს შემთხვევაში გამოგვადგება ანჯელინა ჯოლის წარბები, მონიკა ბელუჩის ცხვირი, ჯულია რობერტსის ღიმილი, მხრები და მკერდი - მერილინ მონროსი, წელი, რა თქმა უნდა, წვრილი. ძალიან ლამაზი წვივები აქვს უმა თურმანს. ზოგადად, აღნაგობით, ნადია ოვერმანი მიმაჩნია გამორჩეულად.

გიორგი სუხიტაშვილი: - ამ ექსპერიმენტში ქართველებს არ ჩავრთავ. იმიტომ კი არა, რომ ლამაზები არ არიან,  შესაძლოა, რომელიმე ვერ დავასახელო და გულნატკენი დამრჩეს, ჩემი ეს ადგილი ჯობდა იმის ამ ადგილსო. ამიტომ მირჩევნია, უცხოელებზე ვიყოთ ორიენტირებული...

თმის ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თმა უნდა იყოს არც ძალიან მოკლე და არც უკიდეგანოდ გრძელი. ასეთი თმა აქვს შარლიზ ტერონს. შესაძლოა, ამ ქალბატონს კიდევ რამდენჯერმე დავუბრუნდე.

თუ გახსოვთ ერთ-ერთი სუნამოს ცნობილი რეკლამა, იქ ზემოხსენებული ქალბატონის თვალებიც ხომ გახსოვთ?.. მოდის და მოაქვს... თან იხდის, მისი გამოხედვა კი ტუჩის საკვნეტი და კბილის საკრაჭუნოა... თვალ-წარბსაც შარლიზ ტერონისას დავტოვებ. ცხვირი და ტუჩ-კბილი იყოს მონიკა ბელუჩის, არ არის ურიგო. მკერდიც მისი დავტოვოთ. ლამაზად "გულმოსული" ქალბატონი გახლავთ. გავა და თეძოები ევა მენდესის დავესესხოთ.

ფეხებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი კანდიდატი მყავს ამ ნომინაციაში. საშუალება რომ იყოს, "ვიქტორია სეკრეტის" ყველა სეზონის, ყველა გოგონას გამოვიძახებდი...

გიორგი გურგულია: - ყველა ქალში არის ის, რითიც მოგხიბლავს. მე შევეცდები ჩემებურად დაგიხატოთ ლამაზი ქალი. ასეთ ქალბატონს თვალ-წარბი უნდა ჰქონდეს ელიზაბეტ ტეილორის, თმა - სოფი ლორენის, ცხვირი და გაღიმება ოდრი ჰეპბერნის, ტუჩები, აუცილებლად ანჯელინა ჯოლის, სახის ოვალი ნანკა კალატოზიშვილის, მკერდი და თეძო - სოფი ლორენის, ფეხები კი აუცილებლად მერილინ მონროსი.

დათუნა მგელაძე: - ყველა ქალი ლამაზია. ყოველ მათგანს რაღაც მაინც აქვს ისეთი, რითაც ყურადღებას მიგაპყრობინებს და თავს დაგამახსოვრებს.

დავიწყებ თმით. ჩემი აზრით, ქალს მუქი ფერის თმა ამშვენებს, მაგალითად, წაბლისფერი, აუცილებლად სწორი და გრძელი. რაც შეეხება თვალ-წარბს, როდესაც გონებაში ლამაზ ქალს ვხატავ, ლივ ტაილერის მზერას ვხედავ. ცხვირი - ირინა შეიკის, ტუჩ-კბილი - ანჯელინა ჯოლის. სახის ფორმა - მაკა ასათიანის. მხრები და მკერდი - ადრიანა ლიმასი. წელი და თეძო ჯესიკა ალბას აქვს განსაკუთრებულად მოხდენილი, კიდურები კი - ჟიზელს. მე ასე მიმაჩნია.