როცა კაცი ქალის ერთგულია... - კვირის პალიტრა

როცა კაცი ქალის ერთგულია...

ამბობენ, ყველა კაცს გული და თვალი მეძავისკენ გაურბისო. ყველა არ ყოფილა ასეთი. კაცებსაც სცოდნიათ ერთგულება...

ეკა და ლაშა შეყვარებულები იყვნენ.  ბიჭი გოგოსთან ხშირად რჩებოდა, ეხმარებოდა, ბევრ პრობლემას უგვარებდა. მოკლედ, საქმეს ინაწილებდნენ, თუმცა, არც ერთი არ ჩქარობდა დაქორწინებას. არც ეჭვიანობა აწუხებდათ. ეკას აზრადაც არ მოსდიოდა, საყვარელ მამაკაცთან დაერეკა - სად ხარ, როდის მოხვალო... ლაშას კი ეს არ მოსწონდა და მისგან მეტ ყურადღებას ითხოვდა, თუმცა, ეკა სულაც არ მიიჩნევდა ასეთ დამოკიდებულებას უყურადღებობად. ლაშას ისეთი მძიმე სამსახური აქვს, რატომ უნდა შევაწუხო დაკითხვებით, თუ უნდა, ჩემთან მოვა, თუ უნდა, შინ წავა, ან მეგობრებთანო. მიჩვეული იყო შუაღამისას ლაშას მოულოდნელ გამოჩენას და დილამდე გულახდილ საუბარს. ლაშას უყვარდა ეკა, ენდობოდა და მიაჩნდა, რომ მისთვის ყველაფერი უნდა გაემხილა...

ეკა: - ერთხელ შუაღამისას დარეკა, მოვდივარ, ცუდად ვარ, უნდა გელაპარაკოო. მივხვდი, რაღაც უსიამოვნება შეემთხვა, მაგრამ რაც მიამბო, იმას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. აღელვებულმა გულში ჩამიხუტა და მითხრა, - მეძავები მძულსო. ეს ისე თქვა, პატარა ბავშვივით, ცუდი დეიდები რომ არ უყვარს, რაღაც რომ დაუშავეს... თურმე იმ საღამოს მისი ერთი მეგობრის დაბადების დღე ყოფილა და ბიჭებს ორიგინალურად აღუნიშნავთ - დაუქირავებიათ ძვირად ღირებული, ე.წ. მაღალი კლასის მეძავები და მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში წასულან. გვიან მისული ლაშასთვისაც დაუხვედრებიათ მეძავი. ლაშა გაბრაზებულა, მაგრამ არ შეუმჩნევია...

- როდესაც ბიჭებმა მანდილოსნები იმ ამაზრზენი მდედრების სახელით ადღეგრძელეს, გავბრაზდი და ვთქვი, მე ამ ბიჭების ცოლების, დების, დედების სახით დავლოცავ ყველა ქალს-მეთქი. სულ ეგ იყო. ქეიფს რომ მოვრჩით, ყველამ თავისი გოგო ჩაისვა. `ჩემმა“წილმა~ უსიტყვოდ გამოაღო მანქანის კარი და გვერდით მომიჯდა. თბილისში მოდიხარ-მეთქი? კიო, თან რაღაცნაირად, ვითომ მაცდურად გამიღიმა. მანქანაში რომ იჯდა, ისიც კი მაღიზიანებდა, მაგრამ ქუჩაში ხომ არ დავაგდებდი. თუმცა, მაინც მომიწია ამის გაკეთებამ. უცებ ჩემკენ გადმოიწია და რაღაც მანიპულაციებით შეეცადა, აღვეგზნე. მანდ იჯექი, შენთვის არაფერი მითხოვია-მეთქი. გაუტყდა, არაფერი შეგიძლია, თუ მე ვერ მოგხიბლეო? ზიზღისგან მოთმინების ფიალა ამევსო. გავაჩერე მანქანა, გადადი-მეთქი. დიდი დიღმის შესასვლელთან დავტოვე. ალბათ, არ დაიკარგებოდა, მაგრამ მაინც ვწუხვარ, რომ ქალი შუაღამისას ქუჩაში დავაგდეო, - მითხრა ლაშამ.

არადა, ხომ შეეძლო არ ეთქვა? მე ხომ ვერასოდეს გავიგებდი, ვისთან ერთად იყო დაბადების დღეზე, ვინ რა დაუპირა, ვის როგორ მოექცა. საოცრად სუფთა გული და გრძნობები ჰქონდა. არ ესმოდა იმ კაცებისა, ვისაც მიაჩნდა, რომ ცოლის გარდა ერთი-ორი საყვარელიც უნდა ჰყოლოდა და დროდადრო მეძავებზეც არ ეთქვა უარი. ასეთ ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის უჭირდა.

ერთხელ მითხრა, რომ მისი მეზობელი აღიზიანებდა. ის ლამაზი, თამამი და გამომწვევი ქალი ყოფილა. თურმე ყოველ დილით ლაშას ეზოში ხვდებოდა.

- თავიდან ვთავაზობდი, სამსახურში გაგიყოლებთ-მეთქი, მერე მივუხვდი, რომ მდარაჯობდა და იმ დღიდან აღარ ვეპატიჟებოდი. მერე უკვე თვითონ მეკითხებოდა, - არ გინდა, სამსახურამდე გამოგყვეო?

ლაშას უხეშად მიუხლია, არ მინდა, მე თქვენი დაქირავებული მძღოლი არ ვარო... მოკლედ, ასეთი კაცი მარგუნა განგებამ.  მართლა მჯერა, როდესაც მეუბნება, - ერთადერთი ქალი შემიყვარდა და ის ქალი შენ ხარო. არა მგონია, არსებობდეს ქალი, რომელსაც ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება არ მოეწონება. ახლა დაქორწინებას ვაპირებთ და ვიცი, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იქნება...

სოფო გამრეკელი