სიურპრიზები "ციდან" - კვირის პალიტრა

სიურპრიზები "ციდან"

თამუნას ახალი დამთავრებული ჰქონდა სკოლა, როცა მისი ოჯახი საბურთალოდან თემქაზე გადავიდა. გაუჭირდა ამასთან შეგუება, მაგრამ რა ექნა - მისმა უფროსმა ძმამ  ცოლი შეირთო და ახალგაზრდებმა ცალკე ცხოვრება მოინდომეს. ამას შეეწირა საბურთალოს ოთხოთახიანი ბინა...

უკარებას ეძახდნენ ახალ უბანში. მეზობელ შოთიკოს დანახვისთანავე შეუყვარდა, მაგრამ თამუნას თავი ისე ეჭირა, მისალმების გარდა, ვეღარაფერს უბედავდა.

შოთიკო კი იტანჯებოდა გაუმხელელი სიყვარულით, მეგობრები მხოლოდ გულშემატკივრობდნენ. ბოლოს, ერთმა უთხრა: თამუნას საჩუქრები მიუძღვენი, ოღონდ, თავიდან ნუ გაუმხელ, რომ შენგან არის. როცა ინტერესი გაუძლიერდება, მერე გამოუტყდი ყველაფერში და ნახავ, თუ არ მოიგებ მის გულსო. ყმაწვილს ჭკუაში დაუჯდა რჩევა...

შოთიკო გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა, თამუნას თავზე კი (ორი სართულით ზემოთ) შოთიკოს ბავშვობის მეგობარი სანდრო. ბიჭებმა თამუნას უმცროსი და, 13 წლის ლიზიკო "მოისყიდეს" და განზრახვა გაანდეს. საყვარელი

პირველი საჩუქარი ფუმფულა სათამაშო დათუჩა და იების თაიგული იყო. დათუჩას თათებში ედო ბარათი - "თამუნას - უცნობი თაყვანისმცემლისგან". ბიჭებმა საჩუქარი კალათით მეექვსე სართულიდან მეოთხემდე თოკით ჩაუშვეს. ლიზიკო გაფრთხილებული იყო და დათუჩა, ყვავილებიანად კალათიდან ამოსვა და აივანზე, თამუნას ოთახის წინ დაასკუპა... ლექციებიდან დაბრუნებული თამუნა თვალებს არ უჯერებდა, საგონებელში ჩავარდა, - ნეტავ, ვის უნდა გაეკეთებინა ესო. ლიზიკო კი აღტაცებული უამბობდა, ერთი საათის წინ როგორ აღმოაჩინა მათ აივანზე "შემოფრენილი" სიურპრიზი. თამუნა ხან ქვემოთ იცქირებოდა, ხან ზემოთ, უნდოდა, რაიმე "საეჭვო" დაელანდა, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა.

ორი დღის მერე ბიჭებმა კალათით თოჯინა "ჩააბრძანეს", რომელსაც სუნამო ჰქონდა ხელზე მიბმული. წერწერა კი იმავეს იტყობინებოდა - "თამუნას - უცნობი თაყვანისმცემლებისგან". თამუნა გაოცებული იყო - თოჯინამ სწორედ მისი სუნამო "მიართვა".

დრო გადიოდა და საჩუქრები მატულობდა და მატულობდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ლიზიკომ კალათიდან ყელზე წითელბაბთაშებმული კოკერ-სპანიელის ლეკვი გადმოსვა და  მაშინვე ოთახში შეიყვანა. თამუნამ ლეკვის დანახვაზე წარბი ასწია. არც მშობლები მოუხიბლავს ამ საჩუქარს. მხოლოდ ლიზიკო დარჩა უზომოდ კმაყოფილი ცოცხალი ნობათით. ახლა კი დაფიქრდა თამუნა და ეჭვით ჰკითხა დას:

- აქამდე იმ საჩუქრებს ვიღებდი, რაც მე მომწონდა. ლეკვი არასოდეს მდომებია. იმ ჩემს უცნობ თაყვანისმცემელთან პირი ხომ არ გაქვს შეკრული?

ლიზიკოს სხვა გზა აღარ დარჩა, ყველაფერი უამბო დას...

დღეს თამუნა ისევ იქ ცხოვრობს, ოღონდ მშობლების მეზობლად, სიურპრიზების ოსტატ შოთიკოსთან ერთად.