"კეთილისმსურველმა ამბავი მიუტანა, ქმარი გღალატობსო" - კვირის პალიტრა

"კეთილისმსურველმა ამბავი მიუტანა, ქმარი გღალატობსო"

ვიღაცამ ნანას აგარაკზე შეატყობინა, ოჯახი თავზე გენგრევა, შენი გურამი "ჯადოსნური ხალიჩით" შენგან გაფრენას აპირებსო. ეგ იყო და... ერთ დილას ნანა თავზე წაადგა სამზარეულოში მოგოგმანე ლუიზას

შესაძლოა, ამ ამბავმა ვიღაც გვარიანადაც გაამხიარულოს, მაგრამ ერთი რიგითი ოჯახისთვის ტრაგედიად იქცა.

ნანას და გურამს 24 წლის ოჯახი ჰქონდათ. გარეთ ერთმანეთის სიყვარულით გაუმაძღარნი ჩანდნენ, მაგრამ თბილისურ ეზოში მეზობლის თვალს და ყურს რამეს გამოაპარებ? არაერთხელ გაუგონიათ, როგორ ლანძღავდა და აგინებდა გურამი ცოლს, რომელიც ალიაქოთის ატეხისთანავე ფანჯრებს საგულდაგულოდ გმანავდა და მოგვიანებით, როცა დავიდარაბა ჩაცხრებოდა, ვითომც არაფერიო, აივანზე ღიმილიანი გამოგოგმანდებოდა.

უბანში ჭორაობდნენ, გურამი ქალებში დაძვრება, ნანამ ყველაფერი იცის, მაგრამ გადაკრულ ნათქვამზე, გურამი აქა და აქ ვნახეთ ქალთან ერთადო, ღიმილით პასუხობდა, - დეიდაშვილი ჩამოუვიდა, მამიდაშვილის ცოლს შეხვდაო... ყველას აოცებდა ნანას უნარი, დაემალა ის, რაც გულს ძალიან სტკენდა.

ჭირმა თავი არ დამალა და ნანასა და გურამის ერთგულების ილუზიაც საპნის ბუშტივით გასკდა: ეზოში მდგმურად ფაშფაშა, მკერდსავსე ლუიზამ დაიდო ბინა, რომელიც რამდენიმე ოჯახში დამლაგებლად მუშაობდა, ხალიჩებს რეცხავდა. მერე ქალმა ხალიჩების არაოფიციალური სამრეცხაო გახსნა და უბანში ხალიჩა არ დარჩა, ლუიზას რომ არ გაერეცხა. კარგად დაალბობდა და ზედ ღონიერი ფეხებით შემდგარი გრძელტარიანი ჯაგრისით საგულდაგულოდ რეცხავდა. ყველას მოსწონდა გამრჯე ლუიზა - რა მარჯვე ქალიაო, იტყოდნენ ხოლმე ქალები. როდესაც ლუიზა შრომას მორჩებოდა, ცოტას დაისვენებდა და მერე გამოპრანჭული სადღაც გვიანობამდე დაიკარგებოდა ხოლმე. მისი მხოლოდ ერთი რამ არ მოსწონდათ - ღრმა დეკოლტე, რომელშიც ფაფუკი მკერდი უთამაშებდა და არა მხოლოდ მოშურნე ქალების, ცნობისმოყვარე კაცების თვალსაც იტაცებდა. ამიტომ ხშირად ხუმრობდნენ, - სანამ ლუიზა ხალიჩებს რეცხავს, კაცები დომინოს სათამაშოდ არ გამოდიანო. იდგნენ კაცები ფანჯრებთან ან აივანზე და ნერვიულად ეწეოდნენ სიგარეტს, მათ შორის, გურამიც. რომელიც, მას შემდეგ, რაც რუსეთში ღვინის გატანა კვლავ შეძლო და ფული გაუჩნდა, დიდ დროს შინ ატარებდა და საქმიან პარტნიორებსაც სახლში იღებდა. როგორც კი ქალი ხალიჩების რეცხვას მორჩებოდა და შინ შედიოდა, გურამიც ქრებოდა. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გადიოდნენ ეზოდან. ასევე რიგრიგობით ბრუნდებოდნენ...

მალე ვიღაცამ ამბავი მოიტანა, - ქუჩის ბოლოს ლუიზა გურამს ხშირად უჯდება მანქანაშიო. ეს ნანასთვის არ უთქვამთ. მეზობლებს არც მაშინ დაუძრავთ კრინტი, როდესაც დაინახეს, ერთ საღამოს როგორ გადმობრძანდა გურამის ავტომობილიდან ლუიზა. ყველაფერი ისეთი ცხადი იყო, რომ მეზობლებს შეეცოდათ ნანა, რომელიც სააგარაკოდ ემზადებოდა. დაისვენოს, საწყალმა ზაფხული მაინც შეირგოსო... გურამმა ცოლი შორს რომ დაიგულა, აღარავის ერიდებოდა და სახლის წინ ხვდებოდა ლუიზას. ერთხელ გვიან ერთად დაბრუნებულებმა შუა ეზოში გამართეს რომანტიკული დამშვიდობების სცენა, გურამს ლუიზას ხელი ეჭირა და ეფერებოდა.

კეთილისმსურველებიც გამოჩნდნენ... ვიღაცამ ნანას აგარაკზე შეატყობინა, ოჯახი თავზე გენგრევა, შენი გურამი "ჯადოსნური ხალიჩით" შენგან გაფრენას აპირებსო. ეგ იყო და... ერთ დილას ნანა თავზე წაადგა სამზარეულოში მოგოგმანე ლუიზას, რომელმაც მხოლოდ ერთი შეიცხადა, უი, რა ადრე დაბრუნდითო. ნანამ, - აქ რას მიკეთებო? სანამ თქვენ არ იყავით, ვალაგებდი, ვხეხავდი, ვწმენდდი, სადილს ვამზადებდი, თქვენმა ქმარმა დასახმარებლად მომიწვიაო. ნანა წინდახედული ქალი იყო და ოჯახის დანგრევას არ აპირებდა. იფიქრა, იქნებ, მართლაც მოახლედ იხმო ჩემმა ქმარმა ეს ქალიო და გურამის ახსნა-განმარტებას დაელოდა. კაცმა კი არც აცია, არც აცხელა - წავედი, გეყრები, ეს სახლიც შენი იყოს და მთელი ეზოც, სახლიც მაქვს, კარიც და იმ ქალთანაც ბედნიერი ვარო. იმ დღის მერე არც გურამი გვინახავს და არც ლუიზა.

მეღვინეს და ხალიჩების მრეცხავს სულ არ ანაღვლებთ, რას ჭორაობენ იმ ეზოში ქალები, რომელთაც ეამაყებათ, რომ ლუიზასგან იხსნეს ქმრები. ნანა კი ისევ კეტავს კარ-ფანჯრებს და ლანღვა-გინებით ურეკავს ხან ყოფილ ქმარს და ხანაც ქალს, რომელმაც "ჯადოსნური ხალიჩით" მოსტაცა ქმარი...

სოფო გამრეკელი