"კატას, როგორც ყველა ქალს, სიყვარული და სითბო სწყურია"
24-08-2015
"კატას, როგორც ყველა ქალს, სიყვარული და სითბო სწყურია"
"ვერც კი წარმომედგინა, თუ ამდენი ხალხი უყურებდა სერიალს, აქ, ზღვაზეც, ისეთი ხალხი მცნობს, სულ არ იციან ეკა ჩხეიძე ვინ არის. ბათუმის ქუჩებში მაჩერებენ - ქალბატონო კატა, შეიძლება თქვენთან სელფიო? მეც ვპოზირებ როგორც კატა"

თუ კატა ჯიქიამ ბრაზილიაში ამოყო თავი, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მისი როლის შემსრულებელი ეკა ჩხეიძე თავის დიდ ოჯახთან ერთად, დედაქალაქის რიტმსა და ყოველდღიურობას გაექცა და კვარიათში ისვენებს. ამბობს, რომ აჭარაშიც ბევრი ცნობს კატა ჯიქიას და იქაც ვერ
დააღწია მისი ცხოვრების დეტალებზე საუბარს თავი.


ეკა ჩხეიძე: მე მგონია, ჩემი პერსონაჟი კატა ჯიქია მკაცრი, კონსერვატორი ქალია, ცოტა მომთხოვნი, მიზანდასახული და ცივი. მეც ასეთი ვგონივარ ყველას, ვინც არ მიცნობს. ძალიან ბევრს უთქვამს გაცნობის შემდეგ, - შენ როგორი ყოფილხარ, სულ სხვანაირი მეგონეო. არც კატა ჯიქიაა ისეთი,
როგორიც ერთი შეხედვით ჰგონიათ. კატას უნდა სიყვარული, რომანტიზმი, როგორც ყველა ქალს, და სითბო.

- ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ კატა ჯიქიასნაირ ჭკვიან ქალს ოდესმე სერიოზულად მოსწონდა ცოტნე ცოტაშვილი.
- ჰოდა, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ვერავინ დაიჯერა და რატომღაც რეჟისორმაც ისე დაამთავრა ჩვენი ურთიერთობა, რომ გამოვიდა, კატამ გამოიყენა ცოტნე. თავიდან სცენარში ისე იყო, რომ ჩვენ, ორივეს, გვეგონა, გულწრფელი რომანი გვექნებოდა.
სცენარისტი და რეჟისორი მომავალ სეზონში რას აპირებენ, არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ფინალი ამჯობინეს.
მერწმუნეთ, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო კატა ჯიქიას ასეთი საქციელი. ფული მოაპარვინა და ბრაზილიაში წაიყვანა კაცი, რომელმაც მისი გულისთვის პრეზიდენტობაზე თქვა უარი.

კატა ეუბნება, - წადი და იმუშავეო... სასოწარკვეთილი ცოტნეს ბოლო ფრაზა იყო: "ღმერთო, მეღადავები?""სადღაც უნდა წავიდეს და იმუშაოს, როდესაც შეეძლო, ყოფილიყო ქვეყნის პრეზიდენტი. ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი. მაგრამ იმ სიყვარულმა, რაც კატასა და ცოტნეს აკავშირებდა, უცებ, 2 თვეში გაიარა. ვერ გაუძლო დაბრკოლებებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ქალში იყო თბილი, ახალი ურთიერთობის სურვილი.

- ბევრ მსახიობს სულაც არ მოსწონს, რომ სერიალების როლებით ხდებიან პოპულარულები.
- ვერც კი წარმომედგინა, თუ ამდენი ხალხი უყურებდა სერიალს. აქ, ზღვაზეც, ისეთი ხალხი მცნობს, სულ არ იციან, ეკა ჩხეიძე ვინ არის. ბათუმის ქუჩებში მაჩერებენ - ქალბატონო კატა, შეიძლება თქვენთან სელფიო? მეც ვპოზირებ როგორც კატა.
თეატრში 20 წელი როლიდან როლს თავს ვაკლავ, მაგრამ ვის აინტერესებს?

ძალიან დიდი ფანკლუბი ჰყავთ სერიალის წყვილებს. ქმნიან რაღაც ჯგუფებს. ვიღაცები მწერდნენ: - ეს რა გაგვიკეთე, ჩვენ თქვენ დაშორებას ვერ გადავიტანთ, რატომ დაამთავრეთ კონფლიქტით სეზონიო. ჩვენ ვაპროტესტებთ. კატა და ცოტნე აუცილებლად ერთად უნდა იყვნენო. ხალხი სერიოზულად განიცდის, ისე, როგორც რელურ ცხოვრებაში განიცდიან წყვილების დაშორებას.

- ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენს პერსონაჟს?
- ამ სერიალს ჩემი ქალიშვილი და დედაჩემი უყურებენ. მამაჩემი კმაყოფილია ჩემით, მაგრამ ის უფრო ისე უყურებს, როგორც რეჟისორი - კრიტიკული თვალით, თორემ თემურის ტელევიზორთან დასმა და ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას სერიალის ყურება გამორიცხული იყო, მაგრამ ეტყობა, შვილის ხათრით უყურებს.

- თქვენი მეუღლის პოზიცია მაინტერესებს.
- ის არ უყურებს ამ სერიალს.

- შესაძლოა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ვიღაცამ არ განიხილოს მასთან თქვენი პერსონაჟი.
- კი, მაგრამ მაინცდამაინც არ იმჩნევს. თუმცა პრეზიდენტს კი მეძახის - ოჯახში პრეზიდენტი ვარ.

- როგორც ვიცი, დიდი ხნის ოჯახური ცხოვრება გაკავშირებთ ქალბატონო "პრეზიდენტო", მეუღლესთან.
- გვყავს 25 წლის ქალიშვილი და 13 წლის ბიჭი.

- კატასა და ეკას მსგავსება-არმსგავსებაზე ბევრს საუბრობენ. რეალურ ცხოვრებაში ვის ჰგავს ეკა?
- რა გითხრათ... მეუბნებიან, გარეგნობით მედეა ჩახავას ყველაზე მეტად შენ ჰგავხარ შვილიშვილებშიო - 6 შვილიშვილი ვყავდით. ხასიათით უფრო მამას ვგავარ - მომთხოვნი და მესაკუთრე.

- დიდხანს აპირებთ ზღვაზე გაჩერებას?
- კვირის ბოლომდე. ორშაბათს კი გამოვცხადდები ტელევიზიაში.

ეკა სალაღაია

kartveli
16 სექტემბერი 2015 14:35
ჭკუა მეკეტება ამ ქალზე
დალი
26 აგვისტო 2015 15:38
არაჩვეულებრივად ასრულებს ...."ეტყობა ვისი გორისაც არის"
მინდა მომავალ სეზონშიც მიიღოს მონაწილეობა....მადლობა...

vasili
25 აგვისტო 2015 16:39
უდაოა რომ ოჯახური მიჭი გამოგყვათ და თქვენი მაყურებლების - ჩემი წრის ადანიანები, აფასებენ არა მარტო თქვენს მიერ "გენეტიკის" გამართლებას, არამედ თქვენს ინდივიდუალიზმს. იქნებ პირველ რიგშიც. ძალიან ლამაზ იტალიელ მსახიობს გამსგავსებთ და ამითაც "მისწორდება"

რედაქტორის რჩევით