"ნია სხვა ქართველ გოგონებს არ ჰგავდა, რომლებიც ყველაფერზე მიდიან როგორმე რომ მოგიხელთონ და ბევრი ფული აგახიონ" - კვირის პალიტრა

"ნია სხვა ქართველ გოგონებს არ ჰგავდა, რომლებიც ყველაფერზე მიდიან როგორმე რომ მოგიხელთონ და ბევრი ფული აგახიონ"

ნიას ქუჩაში კნუტი უპოვია და იქნებ ვინმემ "იშვილოთო". მივწერე, მე ვიშვილებ-მეთქი. ჯერ ხუმრობა ეგონა, მაგრამ როდესაც ჩემი კარგა ხნის წინ დაღუპული კატის ფოტოები ვანახე, გული აუჩუყდა და შემხვდა...

ამბავი, რომელიც ერთ წყვილს გადახდა, შესაძლოა ბევრისთვის გახდეს ბიძგის მიმცემი. ნიამ და სანდრომ სოციალური ქსელით გაიცნეს ერთმანეთი. გოგო ინტერნეტსივრცეში ძალიან თამამი და მეგობრული ჩანდა, მაგრამ სანდრომ ნია შეხვედრაზე ვერ დაითანხმა, არადა, რაც უფრო აკვირდებოდა ამ გოგოს აქტივობას ვირტუალურ სივრცეში, გრძნობდა, რომ მით უფრო მოსწონდა და მასთან რეალური ურთიერთობა უნდოდა. ნიასაც აინტერესებდა სანდროსთან ურთიერთობა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდა.

სანდრო:

- რადგან ნია პაემანზე ვერ დავიყოლიე, გადავწყვიტე, მისი ხასიათი კარგად შემესწავლა და მომეწყო რაღაც ისეთი, რაც მას ჩემთან შეხვედრას გადააწყვეტინებდა. საამისოდ საკმაო დრო დამჭირდა, მაგრამ შედეგი მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ.

ვიცოდი, რომ ყვავილები უყვარს, მაგრამ დაკრეფილზე გული უჩუყდება - ყვავილი თავის ადგილზე უნდა იყოსო. მეც ავდექი და უცხოეთში შევუკვეთე ყველაზე ეგზოტიკური ხუთი სახეობის ყვავილი, რომელიც ოჯახში, ქოთანში ხარობს და გავუგზავნე. ვინც მიუტანა, ის მიყვებოდა, სიხარულისგან დამუნჯდაო. მიუხედავად ამისა, ძუნწი მადლობა მომიმესიჯა ტელეფონით და როდესაც ვთხოვე, - ყავა ერთად დავლიოთ-მეთქი, მომწერა, - თუ ეს ყვავილები იმიტომ გამომიგზავნე, რომ შეხვედრაზე მევაჭრო, მზად ვარ, უკან მოგიბრუნოო.

ვიღაც მეტყვის, შენც რას ეხვეწებოდიო, მაგრამ მისი მიუკარებლობა უფრო მიზიდავდა. სამწუხაროდ, დღეს ქართველი გოგონები პირიქით იქცევიან, ოღონდ როგორმე მოგიხელთონ და ბევრი ფული აგახიონ, ყველაფერზე მიდიან. ნია კი მათ არ ჰგავდა.

ერთ დღეს მაგრად დავთვერი და გიჟური იდეა მომივიდა. ბიჭებს ვთხოვე, კაცის ფორმის მანეკენი უნდა მიშოვოთ-მეთქი. გაგიჟდნენ - ამ შუაღამისას რა მანეკენი აგიტყდაო. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მეგობრის მეუღლის დეიდას ჰქონდა ტანსაცმლის მაღაზია. დაურეკეს იმ ქალს, კაცი მანეკენის მულაჟი თუ გაქვს, ყიდვა გვინდაო. გაგიჟდა ქალი. როდესაც დარწმუნდა, არ ვეხუმრებოდით და მიზეზიც გაიგო, გაეცინა, - წაიღეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ამბავი გამაგებინეთო. მოკლედ, მანეკენი მოვრთეთ-მოვკაზმეთ და ნიას ფანჯრის პირდაპირ დავსვით. მერე ჩემს მტანჯველს დავურეკე, ან გამოდიხარ და მხვდები, ან შენს თვალწინ თავს დავიწვავ-მეთქი. ამ შუაღამისას არანაირი შეხვედრის სურვილი არ მაქვს, მით უფრო მთვრალთანო.

მანეკენის ტანსაცმელი საწვავით იყო გაჟღენთილი. დავწვი საწყალი, მაგრამ ნია მიხვდა, მე რომ არ ვიწვოდი. არადა, სამეზობლოში ერთი ამბავი ატყდა, ხალხს მართლა ეგონა, რომ ვიღაცამ თავი დაიწვა. ძლივს მოვახერხეთ გამოპარვა.

კიდევ ბევრი სიგიჟე ჩავიდინე ჩემი ნიას გამო, ვიდრე შეხვედრაზე არ დავიყოლიე. ქუჩაში კნუტი უპოვია. შინ ძაღლები ჰყავდა და ეშინოდა, დამიგლეჯენ და იქნებ ვინმემ "იშვილოთო". მივწერე, მე ვიშვილებ-მეთქი. ჯერ ხუმრობა ეგონა, მაგრამ როდესაც ჩემი კარგა ხნის წინ მკვდარი კატის ფოტოები ვანახე, გული აუჩუყდა და შემხვდა. ყუთში ჩაეწვინა ფისო. იქვე ჩაეწყო საჭმელი და მოვლის სხვადასხვა საშუალება. როცა კნუტი ხელში ავიყვანე და გულზე მივიხუტე, ვიგრძენი, როგორ შეეცვალა ნიას მზერა, თვალებში სხვანაირი სხივი ჩაუდგა. მადლიერების გამომხატველი და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ ვირჯებოდი იმ გოგოს გულისთვის. თუმცა, არ იცით, რა ოინი მომიწყო თვითონ? ამის შემდეგ კიდევ მიიყვანა რამდენიმე უპატრონო კნუტი შინ და მომწერა, არ გინდა, რომელიმე რომ წაიყვანოო? მივხვდი, რომ კატები იყო მისი სისუსტე და დავიწყეთ უპატრონო კნუტების დაბინავება. უფრო და უფრო ხშირად მხვდებოდა, უფრო და უფრო დიდხანს ვრჩებოდით ერთად. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე უთვისტომო მოხუცებს პატრონობდა. მეც ჩამითრია ამ საქმეში.

ახლა იცით, როგორ ვგრძნობ თავს? ძალიან ბედნიერად. მყავს ცოლი, რომელიც სიამოვნებით ცხოვრობს ჩემი მშობლების გვერდით და არასდროს წუწუნებს, რომ ჩვენ, ახალგაზრდები, მარტო არ ვცხოვრობთ. არასდროს ეკამათება უფროსებს, თავს ევლება ბებიაჩემს, რომელიც ამბობს, ნია ჩემი შვილიშვილია და შენ - სიძეო... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ბიჭებს სულ ტყუილად ეზარებათ უკარება ქალების დევნა. მათი მიუკარებლობის უკან საოცრად მზრუნველი, თბილი და ერთგული ადამიანები იმალებიან, რომლებიც ბედნიერებისთვის დიდ ფულს და ფუფუნებას არ ითხოვენ.

სოფო გამრეკელი