"რას ვიფიქრებდი, თუ ცხოვრებას მინგრევდა და თან ასე ოსტატურად" - კვირის პალიტრა

"რას ვიფიქრებდი, თუ ცხოვრებას მინგრევდა და თან ასე ოსტატურად"

"ოთახიდან უნდა გავსულიყავი, რომ მობილურმა დაიწკრიალა, რაღაც ძალამ ამაღებინა ტელეფონი - ჩემი შეყვარებული, ჩემს დაქალს სასიყვარულო მესიჯს უგზავნიდა"

მაკა არ აპირებდა შვებულების აღებას, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა. ნანუკას უჭირდა - სანდროსთან სერიოზული კამათის შემდეგ გამოსავალს ეძებდა მძიმე ფიქრებისგან თავის დასაღწევად. შვებულებაში გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ნანუკას ამბავი მიუტანეს, სანდრო ვიღაც გოგოს ხვდებაო. ქალი ბევრს ეცადა, კაცი ღალატში გამოეჭირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ნანუკა:

- მაკა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მასზე მეტად არავის ვენდობოდი. 31 წლის რომ გახდა, გავეხუმრე, უფლისწულის მოლოდინში ქალწულად დაბერდები-მეთქი. რას ვიფიქრებდი, თუ ცხოვრებას მინგრევდა და თან ისე ოსტატურად, რომ ვერაფერს ვხვდებოდი. თურმე სანდროსთან გააბა რომანი, მაკა ჩემი ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორად მყავდა დანიშნული და გვარიან ხელფასს იღებდა, სანდროც მშვენივრად ცხოვრობდა ჩემს ხარჯზე. თურმე, დიდებულად ატარებდნენ დროს.

როდესაც მე და სანდრომ ვიჩხუბეთ, გულის გადასაყოლებლად ქალაქიდან წასვლა გადავწყვიტე. მაკას ვთხოვე გაყოლა. მოიმიზეზა, ახლა ფული არ მაქვსო. ფული რა სალაპარაკოა, ოღონდ მარტო ნუ გამიშვებ-მეთქი. ჩავალაგეთ ბარგი და თურქეთში წავედით.

- როგორ შეიტყვეთ სინამდვილე?

- ერთხელ სასტუმროს ნომერში დავბრუნდი, რაღაც დამრჩა. მაკა ტელეფონს ნომერში ტოვებდა ხოლმე. ოთახიდან რომ უნდა გავსულიყავი, მესიჯი მოვიდა. რაღაც ძალამ ამაღებინა ტელეფონი - სანდრო სწერდა მაკას.

- რას სწერდა?

- "დაწყნარდა ის დებილი გოგო? როდის ჩამოდიხართ?" სხვა მესიჯებიც იქნება-მეთქი, ვიფიქრე. ყველაფერი წაშლილი ჰქონდა. გულმა რეჩხი მიყო, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც მანამდე მეგონა. იმ დღეს ხან რა მოვიმიზეზე ნომერში ასასვლელად, ხან - რა. სანდრო სასიყვარულო მესიჯებს წერდა, მე ვკითხულობდი. მერე ვშლიდი ტექსტს. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და მაკას სახელით მივწერე, რომ თითქოს ჩემ გვერდით მოსაბეზრებელი იყო ყოფნა. ცოტაც უნდა გაძლო და მერე ყველაფერი ძალიან კარგად იქნებაო, მომწერა პასუხად.

საღამოს მაკას ვუთხარი, თბილისში უნდა დავბრუნდე, რაღაც მოხდა და უნდა მივხედო-მეთქი. გაუკვირდა, რომ არ დავუკონკრეტე რა მოხდა.

თბილისში დაბრუნებულმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მაკა დირექტორობიდან გავათავისუფლე. ჩემი ბინების კარის საკეტები გამოვცვალე, რომ სანდროს შეწუხება ვეღარ შესძლებოდა და მაკას სამსახურის დაკარგვასთან ერთად ვაცნობე, რომ წარმატებას ვუსურვებდი მასავით მოღალატე კაცის გვერდით.

- არაფრის ახსნა არ სცადა?

- არც ვაცალე. ასეთ ადამიანებს არასდროს უჭირთ ზღაპრების შეთხზვა.

ძნელია, როდესაც უახლოესი ადამიანების ღალატს გამოააშკარავებ, მაგრამ მოუნელებელი არაფერია და გახსოვდეთ, რომ ერთი ცუდი ამბის დასრულებით იწყება ახალი, რომელიც, გამოცდილებიდან გამომდინარე, თვითონვე უნდა წარმართო წარმატებით...

სოფო გამრეკელი