"თავიდანვე რომ მეთქვა ქმრისთვის რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო..." - კვირის პალიტრა

"თავიდანვე რომ მეთქვა ქმრისთვის რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო..."

"ელექტრონულ ფოსტაზე საშინელი წერილი დამხვდა - თვალთმაქცი ხარ, ორ კაცს ეთამაშები, გამწირეო"

უბედური ვარ და შინ, საღამოობით მარტოდ დარჩენილი მოვთქვამ. თავიდანვე რომ მეთქვა ქმრისთვის რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო. დამნაშავე ვარ როგორც ორივე მათგანის, ისე ზაზას ცოლ-შვილის მიმართ

ეს წერილი, რომელიც ალბათ ჰოლივუდური მელოდრამისთვის გამოდგება, ერთმა ქალბატონმა მოგვწერა:

"ქმარი მყავდა, როცა ცოლშვილიანი ზაზა შემთხვევით საქმიან შეხვედრაზე გავიცანი. მაშინ არანაირი გრძნობა არ გაგვჩენია ერთმანეთის მიმართ. კარგა ხნის შემდეგ საქმემ დაგვაკავშირა. შეუძლებელი იყო, არ დამმახსოვრებოდა მისი ქცევა, საქმის მიმართ დამოკიდებულება.

სოციალურ ქსელში დავმეგობრდით. რაიმე დეტალების გარკვევა რომ მინდოდა, ინტერნეტით მყისიერად მპასუხობდა. ძალიან მომწონდა, როგორც პროფესიონალი, შევაქე კიდეც, - ძალიან სასიამოვნოა ამის გამო თქვენთან ურთიერთობა-მეთქი. მეც მომწონს თქვენთან მუშაობა და არა მხოლოდ იმის გამო, რომ პროფესიონალი ხართ, თითქოს დაბადებამდეც კი გიცნობდითო... დავიბენი, ერთხელ წავუყრუე, მეორედ ზრდილობიანად ავიცილე მისი შემოტევა, მაგრამ მეც წამიღო ფიქრმა. ღამეებს ვათენებდით ერთმანეთთან საუბარში. ქმარს ვატყუებდი - სასწრაფო და ბევრი სამუშაო მაქვს და შინ მომაქვს გასაკეთებლად-მეთქი, სინამდვილეში კი ზაზასთან მიმოწერაში თენდებოდა. მისმა ცოლმა იეჭვა, რომ რაღაც ხდებოდა და =თვალთვალი დაუწყო. ვერაფერს მიხვდა ზაზა. მერე ოჯახში უკმაყოფილება დაეწყოთ, რომელიც ყოველდღიურ კოშმარში გადაიზარდა. ვიცოდი, ჩემი საქციელით ოჯახი ინგრეოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დამედანაშაულებინა თავი. მე ხომ არ დამიწყია ეს ყველაფერი. თან იმ უცნაურ გრძნობას, რომელიც ზაზასკენ მეწეოდა, ვერ ვერეოდი.

ზაზა ოჯახიდან წამოვიდა. ახლა შენი ჯერია, უნდა დატოვო ყველაფერიო, მწერდა ყოველ წამს. ვერ ვბედავდი ქმრის მიტოვებას, ვგრძნობდი, ძალიან ეტკინებოდა გული, თუმცა კი გრძნობდა, რომ მე ძველებურად ალერსიანი და თბილი ცოლი არ ვიყავი. თავიდან მეკითხებოდა, რა გჭირსო, მერე სულ გაღიზიანებულს რომ მხედავდა, გამომცდელად მიყურებდა ხოლმე და ნირწამხდარი, იმის გამო, რომ ჩემს ქცევებში გაღიზიანების მიზეზებს ვერ კითხულობდა, საძინებელში იკეტებოდა, მე კი მისაღებ ოთახში ვრჩებოდი.

ერთ დღეს გადავწყვიტე, ჩვენი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო. მეუღლეს დავურეკე - იქნებ, დღეს ცოტა ადრე მოხვიდე, სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მოვალო, მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ეს იყო მასთან ბოლო საუბარი. შინისკენ მომავალი ავარიაში მოყვა. საავადმყოფოსკენ გიჟივით გავრბოდი. მრცხვენოდა, თავს ვიდანაშაულებდი, ეს იმიტომ მოხდა, რომ შინ ადრე დაბრუნება ვთხოვე-მეთქი. ნეტავი ცოცხალი დამხვდეს და ვეტყვი, რომ არამზადა ვარ, არ ვარ შენ გვერდით ცხოვრების ღირსი-მეთქი... დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ გვიჩნდებოდა, ექიმებმა დაადგინეს, რომ მე ვიყავი უნაყოფო, ის კი, ნამდვილი მეორე ნახევარი, მშვიდად შეხვდა ამ ამბავს და თქვა, - მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად და თუ ძალიან მოგვინდება, სხვის შვილს გავზრდით, როგორც საკუთარსო. საავადმყოფოში გავიგე, რომ ავარიის მიზეზი ჩემი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამხდარა. ვიდრე ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ, მიკროინფარქტი მოსვლია.

ერთი კვირა იყო აპარატზე მიერთებული. ერთი კვირა ვევედრებოდი ღმერთს, გადარჩენილიყო, რომ მისთვის ბოდიში მომეხადა. ამაოდ... მე დამრჩა სატანჯველად ეჭვი, რომ ხვდებოდა, რაც ხდებოდა ჩემს თავს, მაძლევდა დროს, რომ როგორმე მივბრუნებულიყავი მისკენ. იმ დღეს მიხვდა, რომ საბოლოოდ განშორებას ვაპირებდი და ინერვიულა...

იმ ხნის განმავლობაში ზაზას არ შევხმიანებივარ. არც კი მახსოვდა. ჩვენ საერთო მეგობრებიც კი არ გვყავდა, რომ ვინმეს ეთქვა მისი ამბავი. იმის გამო, რომ მის წერილებს და სატელეფონო ზარებს არ ვპასუხობდი, გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ უარი ვთქვი მასზე. საქართველოდან წავიდა. არ ვიცი, სად. საშინელი წერილი დამხვდა ელექტრონულ ფოსტაზე - თვალთმაქცი ხარ, ორ კაცს ეთამაშები, გამწირეო.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვარ უბედური და შინ, საღამოობით მარტოდ დარჩენილი მოვთქვამ. თავიდანვე რომ მეთქვა ქმრისთვის, რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო. დამნაშავე ვარ როგორც ორივე მათგანის, ისე ზაზას ცოლ-შვილის მიმართ. ან იქნებ სულაც არ ვარ დამნაშავე..."

სოფო გამრეკელი