"რას ვიფიქრებდი, თუ ავი სული ჩაუსახლდებოდა..." - კვირის პალიტრა

"რას ვიფიქრებდი, თუ ავი სული ჩაუსახლდებოდა..."

ნინოს რედაქციის ახლოს, სკვერში შევხვდი. ორი ბავშვი ახლდა. "პატარები ითამაშებენ, მე კი თქვენთან გულს მოვიოხებ", - მითხრა და თვალები აუწყლიანდა. ბიჭუნა მისი შვილი აღმოჩნდა, გოგონას კი ძიძობას უწევს...

ნინო: - სტუდენტი ვიყავი და ბიძაშვილების სახლში ვცხოვრობდი. ერთად ვიყავით გაზრდილი, რას ვიფიქრებდი, რომ ლევანს ერთ დღეს ავი სული ჩაუსახლდებოდა... ბიძაშვილმა გამაუპატიურა. დავმალე, რომ ამ ამბავს მეტი უბედურება არ მოჰყოლოდა, მაგრამ იმ სახლში ცხოვრება აღარ შემეძლო, მოძალადე შეჩერებას არ აპირებდა. ავდექი და სოფელში წავედი. დედაჩემი გაგიჟდა - ამ დროს აქ რა გინდაო. აღარ მინდა სწავლა-მეთქი. ქვა ააგდო, თავი შეუშვირა. არც კი უკითხავს, იქნებ რამე გიჭირს, გამიმხილე, გული გადამიშალეო. ძალით დამაბრუნეს თბილისში. ორ კვირაში ჩემი ბიძაშვილი ავარიაში მოყვა და სული განუტევა. როდესაც ყველა გლოვობდა, მე ძლივს ვმალავდი სიხარულს - ვერც მოძალადე შემაწუხებდა და ვერც ვერავინ გაიგებდა ამ სამარცხვინო ამბავს. ამაო გამოდგა სიხარული.

- დაორსულდი?

- დიახ, ამას რომ მივხვდი, თავზარი დამეცა. დედაჩემის გამოგზავნილი ფული მქონდა, წავედი კლინიკაში და აბორტი გავიკეთე. დიდხანს მარწმუნებდა ექიმი, - ძალიან ახალგაზრდა ხარ, ნუ იზამ ამას, შესაძლოა, მერე შვილი არ გაგიჩნდესო, მაგრამ გაგონება არ მინდოდა. სულ არ მაწუხებდა სინდისი, არც ფიზიკური ტკივილი, აბორტის შემდეგ შინ მსუბუქად წამოვედი, მაგრამ ბედი დამცინოდა.

- კიდევ ვინმემ იძალადა?

- არა. თურმე ტყუპზე ვიყავი ორსულად. ერთი ნაყოფი მომაცილეს, მეორე კი დარჩა, ოღონდ დაზიანებული მკლავით და სახეზე ნაჭდევით. ასეთი დაიბადა ჩემი ბიჭი და როდესაც მას ვუყურებ, სინდისის საშინელ ქენჯნას ვგრძნობ.

- ოჯახის წევრებმა, ბიძის ოჯახმა როგორ მიიღეს თქვენი ორსულობის ამბავი, გაიგეს ბავშვის მამის ვინაობა?

- სანამ ბავშვი არ იძრა, ვერაფერს მივხვდი. ისევ გავვარდი ექიმთან. როცა მითხრეს, ორსულად ხარო, კინაღამ გული გამისკდა. ექიმმა უარი განაცხადა - ნაყოფი დიდია და შეუძლებელია აბორტის გაკეთებაო. თავის მოკვლა გადავწყვიტე. ვენები გადავიჭერი. გადამარჩინეს. როდესაც გონზე მოვედი, უკვე ყველამ იცოდა, რომ ორსულად ვიყავი. ბიცოლაჩემი და ბიძაჩემი საწოლთან ისხდნენ სახეგაქვავებულები. რატომ გვღუპავდი, თავს რატომ იკლავდი, რაც გჭირდა, რატომ დროულად არ გვითხარი, ვინ არის ის, ვინც ეს დაგმართაო. ისტერიკა დამემართა. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მათთვის, რომ მუცლით ბიძაშვილისგან შვილს ვატარებდი.

- არ უთხარი?

- პოლიცია რომ ჩართეს საქმეში, იძულებული გავხდი, მეთქვა, რაც მოხდა. მერე დაასკვნეს, რომ ვიგონებდი, რადგან ლევანი მკვდარი იყო. ისევ მეორე ბიძაშვილმა მიშველა: დაიბადება ბავშვი და თუ ნინოსი არ გჯერათ, დნმ-ის ანალიზი გავუკეთოთ. ასეთ საშინელებას ხომ არ მოიგონებდა, ეტყობა, ლევანს მართლა შეუჩნდა ეშმაკიო. ბავშვი გაჩნდა, მამის ასლია. დნმ-იც აღარ იყო საჭირო. ლევანის ძმები თვალებში ვერ მიყურებენ დღესაც. ბავშვს ისინი პატრონობენ, მე აღარ შემეძლო მათთან ცხოვრება. უმაღლესი დავამთავრე თუ არა, ძიძად დავიწყე მუშაობა. სხვა რა გზა მაქვს, ვერ დაველოდები, როდის მეღირსება ჩემი პროფესიით ადგილის დამკვიდრება... ამ გოგონას დედა ადრე დაქვრივებულა, ახლა უცხოეთშია ერთი წლით სასწავლებლად. ბავშვს ბებია-ბაბუა პატრონობს. გოგონას დედამ მთხოვა, რომ მასთან სახლში მეცხოვრა და ბავშვისთვის მიმეხედა. ადრე ვისაც ვუვლიდი, იმ ბავშვის მშობლები პატარა ბინის შეძენაში დამეხმარნენ, ახლა გაქირავებული მაქვს და იქიდანაც შემოსავალს ვიღებ. ყველაფერი ისე აეწყო, არ მიჭირს ჩემი შვილის მოვლა, მაგრამ სინდისს ვერაფერს ვუხერხებ, მტანჯავს იმის განცდა, რომ ერთი შვილი მოვკალი და მეორე მოსაკლავად გავწირე. ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ მეთქვა, რაც მოხდა, იმ დღესვე მემხილებინა მოძალადე. ალბათ უფროსები დამიდარაჯდებოდნენ და როგორც კი გაიგებდნენ, რომ ორსულად ვიყავი, პროფესიონალს გააკეთებინებდნენ აბორტს. ვეღარ გავაჩენდი, როგორც საზოგადოებას უყვარს თქმა, ცოდვის ნაყოფს და მის დანახვაზე სინდისიც არ შემაწუხებდა. თუმცა, თუ მე ვამხელდი მოძალადეს, მაგრამ მერე უარს ვიტყოდი აბორტზე, მეყოლებოდა ორი ლამაზი შვილი, მერე რა, რომ მოძალადისა და თანაც ნათესავისგან.

სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ დამოუკიდებლად აზროვნება იმის გამო, რომ მუდმივად ანგარიშს უწევენ სხვის აზრს. არადა, ისე უნდა მოიქცე, როგორც გული და სინდისი გეუბნება და არა ისე, როგორც შიში გკარნახობს, შიში იმისა, რას იტყვის ხალხი.

სოფო გამრეკელი