მანიაკი ქმარი, ანუ წარსულში დარჩენილი კოშმარი - კვირის პალიტრა

მანიაკი ქმარი, ანუ წარსულში დარჩენილი კოშმარი

"მე იმ ოჯახში დამბრუნებელი აღარ ვარ, დათოსთან ცხოვრების გაგრძელება და ჩემი სიკვდილი ერთი იქნება"

ძალიან ლამაზი ბავშვი იყო ნანა დ., მაგრამ 13 წლისა ისე დამშვენდა, ქუჩაში თვალს აყოლებდნენ. მშობლებს ახლობლები ურჩევდნენ, ფრთხილად იყავით, ნანა ვინმე უღირსმა არ  მოგტაცოთ. ის ღირსია მხოლოდ მდიდარი და ცნობილი ოჯახის რძალი გახდესო. დედას, ცისიას, არ სიამოვნებდა ეს გაუთავებელი შეძახილები, ამბობდა, - ოღონდ ბედნიერი იყოს და სულ არ არის საჭირო მდიდარი და ცნობილი ოჯახის რძალი გახდესო. თუმცა, გულში ეშინოდა და მართლაც მარტოს არსად უშვებდა გოგონას.

ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო. ერთ დღეს, მაღაზიაში წასულ გოგონას მანქანით დახვდნენ და მოიტაცეს. ნანა მაშინ მე-9 კლასში იყო. დათო ზ. თბილისში ცნობილი, მდიდარი ოჯახის შვილი აღმოჩნდა. გოგონას თითქმის ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ბედნიერი არ იყო. 8 თვის შემდეგ ნანა ტირილით თვალებდასივებული მიადგა მშობლებს. დედას დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს და შესჩივლა, მე იმ ოჯახში დამბრუნებელი აღარ ვარ, დათოსთან ცხოვრების გაგრძელება და ჩემი სიკვდილი ერთი იქნებაო. მართალია, ნანა გათხოვების შემდეგ ზოგჯერ უცნაურად იქცეოდა, გაურბოდა მშობლებს, ათას რამეს იმიზეზებდა, რომ მათთან არ მისულიყო, მაგრამ მშობლები ფიქრობდნენ, ახალგაზრდებს ერთად ურჩევნიათ ყოფნაო.

დათოს მანიაკური გადახრა ჰქონია და საწყალ გოგოს ხან ტანს უსერავდა, ხან სიგარეტით უწვავდა სხეულს, ხშირად ისე სცემდა, ნანას გული მისდიოდა... გავიდოდა ცოტა ხანი, დათო გონს მოვიდოდა და მეორე დღესვე გააქანებდა ცოლს საყიდლებზე. რასაც კი თითს დაადებდა ნანა, თვალის დაუხამხამებლად ყიდულობდა, მაგრამ ორი-სამი დღის შემდეგ იგივე მეორდებოდა. დათოს მშობლებმაც იცოდნენ, რაც სჭირდა მათ შვილს, მაგრამ არაფერს ამბობდნენ...

ნანას სულ ემუდარებოდნენ: არსად თქვა, რა უბედურებაც გვჭირს, თავს ნუ მოგვჭრი საქვეყნოდ, დათო ნელ-ნელა გამოჯანმრთელდება, ამისთვის დრო არის საჭიროო... და ნანაც ითმენდა...

ერთხელ, როცა ჟინმორეულმა ქმარმა ექვსი თვის ორსულ ცოლს მუცელში ჩააზილა წიხლი, ნანამ მკვდარი ბავშვი შვა... ძნელი იყოს ამის პატიება, ქმრის ოჯახიდან წასვლა უნდოდა, მაგრამ დათომ ფანჯარა გამოაღო და მშობლების თანდასწრებით უთხრა ცოლს: - როგორც კი ამ სახლიდან ფეხს გადგამ, იცოდე, გადავხტები და თავს მოვიკლავო. ფერდაკარგული დედამთილი მუხლებზე მოეხვია რძალს: - მე მაპატიე შვილის საქციელი და გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგივე აღარ განმეორდესო... ისევ დათმო ნანამ.

ერთხელ ნანა შინ ადრიანად დაბრუნდა. იცოდა, რომ არავინ დახვდებოდა. განცვიფრდა, როცა აბაზანიდან ღიღინი მოესმა. ფეხაკრეფით მივიდა ნახევრად გამოღებულ კართან და შიშით გაქვავდა. დათო აბაზანაში იწვა და ღიღინ-ღიღინით სამართებლით ისერავდა ხელებს. ნანა სახელურს ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო. მერე ნელ-ნელა მოშორდა აბაზანას... თავისი ნივთები არც გახსენებია, უკანმოუხედავად გაიქცა იქიდან. რაც ამ 8 თვეში თავს გადახდა, ყველაფერი უამბო მშობლებს, თან ევედრებოდა, - როგორადაც უნდა გთხოვონ მისიანებმა ან თავად დათომ, მასთან აღარ დამაბრუნოთო.

ამ საშინელებების გამგონე მამამ ვერ მოითმინა და მძახლებს "ესტუმრა"... ხმა არ ამოეღებოდათ დათოს მშობლებს, ისხდნენ თავჩაღუნულები. დათო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მიდიოდა ნანას სახლთან და ემუდარებოდა, - დამიბრუნდიო, მაგრამ გოგოს (მაშინ 17 წლის იყო) დათოს დანახვა კი არა, ხმის გაგონებაც ზარავდა. ორჯერ ვენები გადაისერა დათომ. გადაარჩინეს. მერე, ნანას მამამ, - მიხედეთ თქვენს შვილს, თორემ ციხეში ამოვაყოფინებ თავსო, - გააფრთხილა ყოფილი მძახლები და მათაც სასწრაფოდ წაიყვანეს შვილი გერმანიაში სამკურნალოდ...

სამი წლის შემდეგ ნანა მეორედ გათხოვდა. ნიკა ისეთი მდიდარი არ იყო, როგორიც დათო, ამიტომ ნანას ნათესავებმაც და ოჯახმაც ცერად დაუწყეს სიძეს ყურება.

მერე იმდენი ქნეს, ქმარს დააშორეს. მიზეზად მოსდეს - ცუდი სიმთვრალე აქვსო... ერთი წლის შემდეგ ნანა მესამედ გათხოვდა. არც სანდრო იყო შეძლებული.

ახლობლები აღარაფერს ეუბნებოდნენ ნანას, არ უნდოდათ მესამედ დანგრეოდა ოჯახი. ნანა კი მიხვდა, რომ მხოლოდ ნიკა უყვარდა, რომელიც ძალიან განიცდიდა უმისობას და გადაწყვიტა, ებრძოლა სიყვარულისთვის... არ გასულა დიდი დრო და ქმარი მიატოვა, თან გამოაცხადა, - მე ნიკა მიყვარს და ნურავინ ჩაერევით ჩვენს საქმეშიო. მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ამ წყვილის ცხოვრება კალაპოტში ჩადგა, ყველა მიხვდა, რომ ნანა ბედნიერი იყო ნიკასთან.

ეგ იყო, არ ორსულდებოდა... და როცა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ბავშვი ეშვილებინათ, მაშინ დაფეხმძიმდა. დღეს ნანა და ნიკა უსაზღვროდ ბედნიერები არიან. ნანასთვის წარსული იმ კოშმარულ სიზმრად დარჩა, რომლის გახსენებაც ზარავს. ის ახლა მხოლოდ აწმყოთი და მომავლით ცხოვრობს...