მაპატიე, რომ გიღალატე - კვირის პალიტრა

მაპატიე, რომ გიღალატე

ჩემს წარსულს ან შეცდომებს რაღა ეშველება, მაგრამ ეს შეცდომა ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ და აღარ გაიმეორონ. 56 წლის კაცი ვარ. 60-იან წლებში, ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი დედულეთში (ხარაგაულის რაიონის ერთ პატარა და ლამაზ მთიან სოფელში). ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი, როცა მშვენიერი, კაფანდარა გოგონა გავიცანი და უსაზღვროდ შემიყვარდა, უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. იმასაც ვუყვარდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. გავიდა წლები.

დავამთავრეთ სკოლა. თითქოს ხელს არავინ გვიშლიდა, მაგრამ ეშმაკი შემიჩნდა, ნაჩქარევად გადავდგი ნაბიჯი, გავიცანი გოგონა, რომელიც, როგორც მაშინ მეგონა, "მასზე" უკეთესი იყო და ცოლადაც შევირთე. მალე მივხვდი ჩემს დიდ შეცდომას, მაგრამ რაღა დროს? ჩემს ცოლს საშინელი ხასიათი აღმოაჩნდა. პირველი სიყვარული კი ვერაფრით დავივიწყე. ცოლთან გაყრა მინდოდა, მაგრამ ბავშვი შეგვეძინა და ვერ დავანგრიე ოჯახი, პირველს მეორეც მოჰყვა და მერე უფრო გამიჭირდა ოჯახიდან წამოსვლა. ვფიქრობდი, - რას იტყვის ხალხი, ცოლი და ორი შვილი მიატოვაო... ერთი სიტყვით, ბედს შევეგუე. იმ გოგოზე ფიქრი კი არა და არ მშორდებოდა.

ყოველთვის ვკითხულობდი მის ამბავს. ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა, ცოლისგან გულნატკენს მათთან ყოფნა უფრო მიხაროდა, ამიტომ დიდ დროს ოჯახის გარეთ ვატარებდი, თუმცა შვილებს არაფერს ვაკლებდი. გავიდა დრო, სამსახურიდან წამოვედი (შემცირებაში მოვყევი), მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, მოვახერხე ფეხზე დადგომა. თუმცა ცოლისგან საყვედურები მაინც არ იკლებს.

მან კი 15 წელი მიცადა. ეტყობა, ფიქრობდა, რომ მივხვდებოდი შეცდომას და დავუბრუნდებოდი. მერე ადგა და გათხოვდა. მასაც შვილები ჰყავს და მიჰყვება ცხოვრების დინებას, არადა, ვიცი, ისიც უსიყვარულოდ გათხოვდა.

ადამიანს წლები რომ ემატება, ბევრს ფიქრობს განვლილზე და ბევრ რამეზე გული სწყდება. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ უსაყვარლეს ადამიანს წუთიერი გატაცების (ან იყო კი გატაცება?!) გამო ზურგი შევაქციე.

შარშან გავიგე, ჯანმრთელობა შეერყაო. კინაღამ გავგიჟდი. ეკლესიაში სიარულს მოვუხშირე, სანთლებს ვანთებდი მის სახელზე. მერე მეუღლე გარდაეცვალა... ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ. ვიცი, ისიც კითხულობს თქვენს გაზეთს და მაშინვე მიცნობს. მინდა მუხლებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვო. უნდა იცოდეს, რომ უმისოდ ძალიან მიჭირდა და დავისაჯე. სიამოვნებით დავთმობდი დარჩენილ სიცოცხლეს, თუნდაც ერთი წელი მეცხოვრა მასთან.

კაცი ვბერდები, მაგრამ ვერ დავივიწყე მისი სახე, მინდა ახლოს მისვლა, მაგრამ ვერ ვბედავ - ვაითუ სალაპარაკოდაც არ მიმიშვას. დამნაშავე ვარ, ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ მაინც ვბედავ და იმედს ვიტოვებ, რომ მაპატიებს და მომისმენს. წერილის დასასრულს მინდა მივმართო: ჩემო დიდო და გაუნელებელო სიყვარულო, ამ გაზეთის საშუალებით პატიებას გთხოვ. ისე ნუ მომკლავ, რომ ბოდიშის მოხდის უფლება არ მომცე. ვიცი, დიდი გულის პატრონი ხარ და შეძლებ ჩემს მოსმენას...

დ.გ.