ტრაგიკული რომანი
26-10-2015
ტრაგიკული რომანი
"გამთენიისას ჩვენი მეგობრის ბღავილმა გაგვაღვიძა. გუგას აივანზე სპორტული ძელი ჰქონდა. იმაზე ჩამოეხრჩო თავი"

"რომ დათვრებოდა, გონება ეკეტებოდა, ახსენდებოდა, რომ ნიამ აბორტი გაიკეთა და გაიძახოდა, ის შვილის მკვლ­ელი ალქაჯი უნდა მოვკლა და მერე თავი მოვიკლაო..."


დაახლოებით ექვსი თვის წინ, გვიან საღამოს, ჩემს უბანში, ავტობუსის გაჩერებასთან, გოგო და ბიჭი ჩხუბობდნენ. ბიჭი ჩემი უბნელი იყო, მთვრალი. გოგო არ მეცნო. როგორც კი გოგო ხმას ამოიღებდა, ბიჭი უფრო ღრიალებდა. შინ რომ მივედი, ვნახე, პური არ
მქონია და საყიდლად წავედი. ისევ შემხვდა ის ბიჭი, ტანსაცმელშემოხეული გარბოდა, ორი მეგობარი ბიჭი მისდევდა - შეჩერდი, ან ის მაინც გაგვაგებინე, სად გარბიხარო. უცებ მობრუნდა და უცნაური ხმით ჩაილუღლუღა, თავი უნდა მოვიკლაო. თავზარი დამეცა, - ძალიან მთვრალია, ნეტავ ამ ბიჭებმა არ მიატოვონ, თავს რამე შარი არ
აუტეხოს-მეთქი. მერე ის ბიჭი რამდენჯერმე კიდევ დავინახე, ისევ მთვრალი, ისევ ანერვიულებული და დღეს გავიგე, რომ ორი თვის წინ მართლა მოუკლავს თავი. მიზეზი? ცალმხრივ სიყვარულს თურმე ყველა ვერ უძლებს...

ალექსი: - გუგა და ნია ერთმანეთს მოწაფეობიდან იცნობდნენ, მაგრამ წლების განმავლობაში არ გვიგრძნია, რომ გუგას ნია უყვარდა. 22 წლისანი ვიყავით, სვანეთში წავედით თორმეტნი. მთელი კვირა გავატარეთ იქ. ერთ საღამოს დამეგობრებულმა სვანმა მწყემსებმა დაგვპატიჟეს კოცონთან, მდინარის კალმახზე და მაგარ არაყზე. გოგონებმაც დალიეს. ყველა შევ­ქეიფიანდით. ნია ძალიან ლამაზი იყო, შეუძლებელი იყო, თვალში არ მოხვედროდა კაცს და მით უფრო არაფხიზელს. ერთმა მასპინძელთაგანმა დაადგა თვალი, - ეს ლამაზი გოგო თქვენი დააო? სულაც არ გვიფიქრია იმ ბიჭისგან ცუდი და მხიარულად დავეთანხმეთ, დაა, მაგრამ სვანეთში დატოვებას არ ვუპირებთო. გუგა აიმრიზა, ნიათი მოხიბლულ სვანს ბრაზით გახედა და უთხრა, - მეტი აღარაფერი გავიგონო მასზეო. ის მწყემსი ბიჭი კი არა, ჩვენც დავმუნჯდით. რაღაცნაირი, მოულოდნელი იყო გუგას ასეთი აპილპილება და გაოცებული მივაშტერდით. რას მიყურებთ, გაუგებრად ვთქვი რამეო? ის დღე იყო და ნიას ვაგლახად გვერდზე ვერ გავხედავდით, ვერ გავეხუმრებოდით, გუგა ყველაფერზე იბღვირებოდა.

- ნია თანაუგრძნობდა გუგას?
- კარგა ხანს ეხუმრებოდა, გუგა რამდენი ხანია, წყალში რომ დგახარ და ცეცხლი გიკიდია. გეთქვა, წყალს მაინც დაგასხამდიო. ის ხმას არ იღებდა. დადიოდა წარბშეკრული. მერე, არ ვიცი, რა მოხდა, როდის მოულბო ნიას გული, როდის დაიყოლია. აღარაფერს მალავდნენ, დაჰყავდა გულში ჩახუტებული შეყვარებული დევივით ბიჭს და ბედნიერი იყო. ნიას დედა უცხოეთში იყო სამუშაოდ. გოგონა ბებიამ და დეიდამ გაზარდეს. როგორც ვიცოდით, გუგას საწინააღმდეგო არც ერთს არაფერი ჰქონდა, ყველას აცნობდნენ, როგორც ნიას საქმროს. ერთხელაც ნიას დედა დაბრუნდა ცოტა ხნით. ნიას დედისთვის გაუცნია გუგა. არ ვიცით, რატომ აითვალწუნა იმ ქალმა ბიჭი. გაჩნდა ბზარი, რომელიც ვერა და ვერ ამოივსო ნიასა და გუგას შორის. დაშორდნენ კიდეც. ნია ფეხმძიმედ დარჩენილა. აბორტი გაუკეთებია. გუგამ ეს ამბავი გვიან შეიტყო ნიას მეგობრისგან. კინაღამ გაგიჟდა. ნიას მიუვარდა, ერთი ამბავი აუტეხა, ბოზს და შვილის მკვლელს ეძახდა. რომ დათვრებოდა, გონება ეკეტებოდა, ახსენდებოდა მხოლოდ ის, რომ ნიამ გაიკეთა აბორტი და იძახდა, ის შვილის მკვლელი ალქაჯი უნდა მოვკლა და მერე თავი მოვიკლაო. ვერავინ ვერაფერს გახდა, ვერც ოჯახი, ვერც მეგობრები.

ერთ დღეს ისევ ნიას ვთხოვეთ, დალაპარაკებოდა, მიუხედავად იმისა, გრძნობდა თუ არა ამას, გუგასთვის ეთქვა, ყველაფერს ვნანობ და შენი ღირსი არ ვარო. დაგვყვა ნია. სცადა დალაპარაკება, მაგრამ რად გინდა. უკვე ფხიზელიც უკონტროლო იყო. იჩხუბეს. მერე წავიდა და გამოთვრა. ისევ ისე დავდევდით მთელი ღამე. როგორც იქნა, სახლში შევათრიეთ. გვეგონა, რომ დავაძინეთ და დაღლილებს მკვდრებივით ჩაგვეძინა. გამთენიისას ჩვენი მეგობრის ბღავილმა გაგვაღვიძა. გუგას აივანზე სპორტული ძელი ჰქონდა. იმაზე ჩამოეხრჩო თავი.

- ნიამ რომ გაიგო ეს ამბავი...

- არ ვიცით. არც პანაშვიდებზე მოსულა, არც დაკრძალვაზე. ერთადერთხელ საფლავზე უნახავთ. მარტო იჯდა და მოთქვამდაო. სიყვარული არ ერქვა იმას, რაც გუგას მასთან აკავშირებდა, ავადმყოფობას უფრო ჰგავდა და ყველა ქალს არ აქვს ძალა, ასეთ დამოკიდებულებას გაუძლოს...

სოფო გამრეკელი
დავით
14 დეკემბერი 2015 18:08
ვერ გადაიტანა, ძალიან შემოცოდა. ნია ალბათ თავის ცოდვილ სულზე იცრემლებოდა.
ფუფალა
17 ნოემბერი 2015 00:22
ამ ამბავმა ერთი პატიოსანი ბიჭის ცხოვრება გამახსენა, იმერეთში (არ დავკონკრეტდები) იყო შეყვარებული წყვილი, მოხდა ისე, რომ გოგო ფეხმძიმედ დარჩა, ბიჭის დედამ გაიგიჟა თავი ტოლვილი დაარაფრის მქონე არმინდა ოჯახშო, მოაცილებინეს იმ საცოდავ გოგოს მუცელი, ორ წელში მოხდა ისე რომ ამ ბიჭს სათესლე ჯირკვალზე სიმსიმნე გაუჩნდა და ოპერაციის შემდეგ უთხრეს, რომ შვილი აღარ ეყოლებოდა, ამის შემდეგ დეპრესია დაემართა და თავი იარაღით მოიკლა. ასე დაღუპა დედამ საკუთარი შვილი.
////
09 ნოემბერი 2015 13:32
ორი ადამიანის მკვლელედ აქციო შვილი? შეყვარებული და ფეხმძიმე გოგო ამას, არ მგონია, არ იზამდა. ყველა ცოდვა მის ამ დღეში ჩამგდებს! ავადმყოფური იერი დაშორების შემდეგ მიიღო, თორემ მანამდე ხომ გულში ჩახუტებული და ბედნიერი იყო, საწყალი. ამ ენაჭარტალა დაქალებმა ხომ ქვეყანა ამოაგდეს-რომ არ მიესარგალებინა ენა იმ "მეგობარს", არ შეიძლებოდა?

რედაქტორის რჩევით