”ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ”
16-11-2015
”ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ”
ირაკლიმ გაბედა და ქეთის ინტერნეტით მისწერა, რომ ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. გული მოეწურა ბიჭს, სანამ გოგოსგან პასუხი მიიღო. ქეთი სწერდა, რომ ეს მათ ურთიერთობაში არაფერს შეცვლიდა

სოციალურ ქსელში ბიჭი გოგოს ფოტოს წააწყდა. მიმოწერა გააბეს. სად ცხოვრობო, - ჰკითხა ბიჭმა. ერთ-ერთი მთის რაიონის მივარდნილი სოფლის სახელი უთხრა გოგომ. ბიჭს ეგონა, ეხუმრებოდა. მანდ ტელეფონი თუ მუშაობდა, იმასაც ვერ ვიფიქრებდი, თქვენ კი თურმე ინტერნეტით სარგებლობთო. სოფელში სულ ხუთნი ვართ: მე, ბებია და კიდევ სამი
მოხუცი და ყველას მე ვუვლიო, - წერდა გოგო. მერე თვითონაც დაინტერესდა ბიჭის ადგილსამყოფლით. პარიზში ვცხოვრობო, - უთხრა ბიჭმა, - ვიზა და თვითმფრინავის ბილეთი რომ გამოგიგზავნო, ჩამოხვალო? თავი შორს დაიჭირა გოგომ - მოხუცებს ჩემს მეტი პატრონი არ ჰყავთ და პარიზში კი არა, თბილისში ვერ მივდივარო. მოიწყინა
ბიჭმა, იმის გამხელაც კი ვერ შეძლო, რომ საქართველოდან პარიზში სამკურნალოდ იყო ჩასული...

ქეთი 28 წლის არის. სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებდა, მშობლები რომ ავარიაში დაეღუპა. დაამთავრა სასწავლებელი, ორდინატურაზე აღარ უფიქრია, ბებია ჰყავდა მისახედი. წავიდა მთაში და დაცარიელებულ სოფლებში მოხუცების იმედად იქცა.

ირაკლი 32 წლის არის. მშობლებთან ერთად მანქანაში იჯდა, დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თავად კი დაინვალიდდა. უფროსმა ძმამ, რომელიც კარგა ხანია, უცხოეთში ცხოვრობდა, დავრდომილი ძმა წაიყვანა და მკურნალობა დაუწყო. ირაკლის ცალი ხელი დაზიანებული ჰქონდა,­ მეორე მალე ეღლებოდა და ამიტომ ეტლით ვერ მოძრაობდა, მაგრამ ექიმების დახმარებით ახლა ეტლით გადაადგილდება. თუმცა, იმედს არ კარგავს, რომ დადგება­ დრო და გავლასაც შეძლებს, იქამდე კი იმის ფიქრი ტანჯავს, რომ ინვალიდს არავინ შეიყვარებს. ამის მიუხედავად, მაინც ეძებს იმ ვიღაცას, რომელმაც მისი ცხოვრება აზრიანი უნდა გახადოს.
ერთ დღეს, როდესაც ირაკლიმ იგრძნო,­ რომ ქეთისთვის ძალიან ახლობელი გახდა,­ გაუმხილა, რაც ჭირდა. ქეთიმ უპასუხა, რომ ეს მათ ურთიერთობაში არაფერს ცვლიდა. მოხუცები ღვთის ანაბარად როგორ მივატოვო, თორემ შენთან გავჩნდებოდიო...

ბებია მიხვდა, საფიქრალი შეჰყროდა მის მფარველს. ერთ დღესაც ჰკითხა, - მეჩვენება, რომ რაღაც გაწუხებსო... არაფერიც არ მაწუხებსო, თავი ჩაქინდრა გოგომ. დამჭკნარი ხელი სახეზე მოუსვა მოხუცმა, ღაწვები­ სველი ჰქონდა, უხმოდ ტიროდა ქეთი.
შეიკრიბა მოხუცთა საბჭო - ეს გოგო თუ აქედან ძალით არ გავაგდეთ, - შემოგვაბერდებაო. მოკლედ, გადაწყვიტეს, რომ ქეთი პარიზში წასვლაზე დაეთანხმებინათ.
- ვის უნდა შევხვდეთ? - ჰკითხა გაოცებულმა­ ძმამ­ ირაკლის, რომელმაც აეროპორტში გაყოლა სთხოვა. საცოლესო, - ღიმილით მიუგო ბიჭმა. მხრებს გაოცებული­ იჩეჩდა გიორგი და ძმას ეკითხებოდა, - როდის მოასწარი, როგორ გაიცანი, სად, ან შორიდან ცოლობაზე როგორ დაითანხმეო...

-"აეროპორტში ვერავის ვხედავდი, ირაკლის გარდა. ვერც მის ძმას, ვერც მის რძალს, ვერც ბავშვებს, რომლებიც ისე ჩამე­ხუტნენ, თითქოს მთელი სიცოცხლე მიცნობ­დნენ. ირაკლი ისეთი თბილი, ისეთი ახლობელი იყო, როგორიც იმ სამი წლის განმავლობაში, ინტერნეტით რომ ველაპარაკებოდი, - იხსენებს ქეთი, რომელიც მალე შვილს ელოდება. მანამდე კი სამშობლოში იყო, მოხუცები მოინახულა, რომელთაც პარიზიდანაც არაფერს აკლებს.

- "სიყვარულმა არც დრო იცის, არც მანძილი. ის ადამიანი, ვინც შენთვის არის გაჩენილი, ან ვისთვისაც დაიბადე, შესაძლოა, ერთ წამში იცნო, იგრძნო და ამისთვის საკმარისი იყოს მხოლოდ შეხედო, თუნდაც მის ფოტოს, როგორც მე შევხედე­ ოდესღაც ქეთის ფოტოს სოციალურ ქსელში და მივხვდი, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვეპოვა,"- ღიმილით ამბობს ირაკლი, რომელსაც სჯერა, რომ თუ განგებამ გადაადგილების უნარი წაართვა, სამაგიეროდ აპოვნინა სიყვარული, რომელიც ყველაფერს შეაძლებინებს.

სოფო გამრეკელი
nina
01 მაისი 2017 06:57
Netav bevri qeti iyos....zogi invalids ki ara odnav janmrtelobasheryeulsac ki tovebs,
მაგ
08 დეკემბერი 2015 12:14
მე კი ვიტირე და........
nana
29 ნოემბერი 2015 14:31
რატომაა ხალხო ზღაპარი? არ შეიძლება მსგავსი ამბავი მოხდეს და და ბედნიერი დასასრული ჰქონდეს? ამქვეყნად ყველაფერი ხდება,ასეთი ამბები კი, ბევრი უნდა მოხდეს,რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ირწმუნოს სიყვარულის!

რედაქტორის რჩევით