"როგორ მეთქვა ქმრისთვის, - დედაშენი ქმარს ღალატობს-მეთქი" - კვირის პალიტრა

"როგორ მეთქვა ქმრისთვის, - დედაშენი ქმარს ღალატობს-მეთქი"

ქეთი მკითხველს რჩევას სთხოვს. ამბობს, დედამთილი ქმრის ღალატში გამოვიჭირე, საყვარელი ჰყავსო.

თურმე ქმარს და მამამთილს საიდუმლოს არ უმხელს, სინდისი ქენჯნის და ეშინია: თუ ქმარმა ან მამამთილმა გამიგეს, კარგი დღე არ დამადგებაო.

ქეთი: - როცა დედამთილი ფაქტზე გამოვიჭირე, არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მეთქვა ქმრისთვის, - დედაშენი ქმარს ღალატობს-მეთქი. ჩემი მამამთილი მივლინებაში იყო, დედამთილი კი მარტო იყო შინ. დილით ბავშვები სკოლაში დავტოვე და დედამთილთან წავედი. კარი შეღებული იყო - ასე იცის, თუ ორი წამით გადის სახლიდან ნაგვის გადასაყრელად. სამზარეულოში შევედი და დედამთილიც შემოვიდა. დაიბნა, რომ დამინახა. ამასობაში საძინებლიდან მამაკაცმა დაუძახა, - ეკა, ყავა მომიდუღეო. მერე კარი გაიღო და უცხო ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა... გონს რომ მოვედი, გაქცევა დავაპირე. ჩემი დედამთილი წინ გადამიდგა, მაჯაზე ხელი მომიჭირა და ამოილუღლუღა, - არ დამღუპო, ჩემს შვილს არაფერი უთხრაო.

- აპირებდით ქმრისთვის თქმას?

- იმწუთას კი, მაგრამ რომ დავმშვიდდი, გადავიფიქრე. თუ ვიტყოდი, დედამთილი ატეხდა ერთ ამბავს, - ბოდავს, მმტრობსო და მერე რა გამოვიდოდა? რას ვიფიქრებდი, ასეთი თავზე ხელაღებული თუ იყო, არადა, ქმარი არაფერს აკლებს.

- რამდენი ხანია, ეს საიდუმლო იცით?

- 6 თვეა. მერეც ვნახე საყვარელთან ერთად. ჩავუსაფრდი... რამდენჯერაც მამამთილი მივლინებაში წავიდა, იმდენჯერ დედამთილს ვამოწმებდი. საყვარელი შინ აღარ მიჰყავს, სხვაგან ხვდება. ახლა ის ბინაც ვიცი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან. შემიძლია ჩემს ქმარს ვუთხრა, რომ იმ ბინასთან დაუდარაჯდეს და ნახავს, დედამისი რასაც სჩადის, მაგრამ ვფიქრობ, მერე რა მოჰყვება ამ ამბავს. ეს ხომ ჩემი ქმრის თავმოყვარეობაზე იმოქმედებს, ჩემი საწყალი მამამთილიც მეცოდება, გული გაუსკდება. მეც სინდისი მქენჯნის.

- ამ ხნის განმავლობაში დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩემი ქმრის და მამამთილის თანდასწრებით მასთან შეხვედრას ვერიდები. ისეთი ურცხვია, თავი ისე უჭირავს, თითქოს არაფერი ხდება. ერთხელ ვუთხარი, შენს შვილს რომ ვუღალატო, მოგეწონება-მეთქი? ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი, თორემ შედეგებზე პასუხისმგებელი შენ იქნებიო, მომიგო და გაცეცხლებულმა თითი სულ ცხვირწინ მიტრიალა.

- რატომ არ ამხელ მის საიდუმლოს?

- სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია, ჩემმა ნათქვამმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი ოჯახი, თანაც ჩემი დედამთილი განსაკუთრებულად მექცევა, საჩუქრებით მანებივრებს, მაგრამ მე სინდისი მაწუხებს. არ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

სოფო გამრეკელი