ამბავი ცოლ-ქმრისა, რომლებსაც საკუთარი, მაგრამ უკანონო შვილი ჰყავთ(?!) - კვირის პალიტრა

ამბავი ცოლ-ქმრისა, რომლებსაც საკუთარი, მაგრამ უკანონო შვილი ჰყავთ(?!)

სტომატოლოგთან მოსმენილი ამბავი, რომელმაც პირი ორმაგად დამაღებინა

თუ გინდათ საოცარი ამბები მოისმინოთ, ამისთვის იდეალური ადგილია სტომატოლოგის კაბინეტი, სადაც ერთდროულად რამდენიმე ქალი დანტისტი მუშაობს. ყოველთვის მაოცებენ ისეთი ექიმები, რომლებიც პაციენტების თანდასწრებით თამამად ჭორაობენ. ნუთუ არ ეშინიათ, რომ შეიძლება პაციენტი ჭორის ობიექტის ახლობელი გამოდგეს-მეთქი... ეს ამბავი არც ერთ ჩემს ახლობელს არ ეხება, მაგრამ მოსმენილის გამო პირს სტომატოლოგის გარეშეც დავაღებდი... მოკლედ, ვინმე ლევანს უკანონო შვილი ჰყავს, თაკო ლევანის საცოლეა. თურმე ლევანის ოჯახი თაკოს აღმერთებს, შვილიანი ბიჭი თავდავიწყებით უყვარს და ბავშვსაც თავს ევლებაო. თითქოს გასაკვირი რა უნდა იყოს, მაგრამ... ლევანს უკანონო შვილი სწორედ თაკოსგან ჰყოლია. გაოცდით? მეც. ამიტომ უფრო დავაღე სტომატოლოგთან ვალდებულების გამო ისედაც დაღებული პირი.

თაკოს მამა არ ჰყავს. დედა დიდი ხანია უცხოეთშია. გოგონა ბებიას გაუზრდია. მოხუცი ორიოდე წლის წინ გარდაცვლილა. ლევანს თაკოსთან დაუწყია სიარული. გოგონა დაორსულებულა. ბიჭს ვერ გაუბედავს მდიდარი და გავლენიანი მშობლებისთვის გაემხილა, რომ ვიღაც უპატრონოსთან შვილი გაუჩნდა, გოგოს დაკარგვაც არ უნდოდა, ვერც ბავშვი გაუმეტებია სააბორტოდ და როგორღაც მოახერხეს, ქვეყნიერებისთვის დაემალათ თაკოს ორსულობაც და მშობიარობაც. მაგრამ ბავშვს ხომ ვეღარ დამალავდნენ. თაკოს ახლობლებისთვის უთქვამს, ძიძად მუშაობა დავიწყეო. ბავშვი რომ წამოზრდილა, ლევანს თურმე შვილის მშობლებისთვის გაცნობა მოუნდა. პატარა შინ მიუყვანია და გამოუცხადებია, ეს ჩემი შვილია, უნდა მიიღოთ, დედაზე კი არაფერი მკითხოთ, მოუსავლეთში გავუშვიო. გაგიჟებულა ბებია-ბაბუა, გულში ჩაუკრავთ შვილიშვილი. ცოტა ხნის შემდეგ, ლევანს გამოუცხადებია, ერთი ძალიან ღირსეული გოგო მომწონს, ამბობს, რომ მზად არის ჩემი შვილი მიიღოს და ბავშვი უნდა გავაცნოო. სამამამთილო და სადედამთილო მოუთმენლად ელოდნენ თურმე თაკოს გამოჩენას და კინაღამ აღტაცებისგან დამუნჯებულან, ბავშვმა და სარძლომ ერთმანეთი დედა-შვილივით რომ მიიღეს. თურმე მონატრებულ ბავშვს ხელიდან არ უშვებდა გოგო. გულაჩუყებულ სადედამთილოს უხვად დაუსაჩუქრებია მომავალი რძალი, ნათესავებისთვის კი განუცხადებია, ეს რა ადამიანია, რა ღირსეული. მართალია, ჩვენი ოჯახის შესაფერი არ არის, მაგრამ ჩვენს ლევანს, შვილიანს, ასე რომ გოგო მიიღებს, იმის სიმდიდრე-სიღარიბე რაღა სალაპარაკოაო და მალე დაუნიშნავთ კიდეც. ქორწილი ნაახალწლევს იქნებაო.

ნათქვამია, დაფარული არაფერიაო და ლევანის ამბავი თაკოს უახლოესი მეგობრისგან უკვე მოსდებია ქალაქს. სამმა სტომატოლოგმა რომ იცის და კიდევ სულ ცოტა, სამმა პაციენტმა, უკვე ქვეყნიერებამ იცის ეს უცნაური საიდუმლო, რომელიც გაუგებარია, რატომ გაასაიდუმლოეს, იმიტომ, რომ ლევანს სხვანაირად თაკოს ცოლად მოყვანის შანსი არ ჰქონდა? ხომ შეიძლებოდა, შეშინებულებს მუცლადმყოფი ნაყოფი სასიკვდილოდ გაემეტებინათ?

სოფო გამრეკელი