ცოდვის სიმძიმე, ანუ ბრძოლაში ყველა ხერხი გამართლებული როდია - კვირის პალიტრა

ცოდვის სიმძიმე, ანუ ბრძოლაში ყველა ხერხი გამართლებული როდია

მე და სალომემ გადავწყვიტეთ, თინათინი შენ მოგანათვლინოთ. ნათლია რომ იქნები, აღარ დაგვეკარგებიო. გულს შემოეყარა გოჩას. არა, ამას ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა, გული გაუსკდებოდა

ოჯახში სიტუაცია დაიძაბა. ზურას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გამომტყდარიყო, რომ ნარკოტიკებს მიეძალა

მიზნის მისაღწევად ყველანაირი ხერხის გამოყენება არ შეიძლება. ეს ამბავი ერთი წყვილის ურთიერთობას ეხება და კიდევ მესამე ადამიანს, რომელიც მათ შორის ჩადგა და ყველაფერი გააკეთა მათ დასაშორებლად...

უბნის თვალი იყო სალომე. ყველამ იცოდა, რომ გამორჩეულ ბიჭს უყვარდა, იმავე უბნელს, ზურას, ამიტომაც ვერავინ უბედავდა სიყვარულში გამოტყდომას. იცოდნენ, სალომე ზურასი იყო და მორჩა!

წლობით გაუმხელელმა გრძნობამ ჯერ გულჩათხრობილი გახადა გოჩა, მერე კი გააბოროტა. ვერაფრით შლიდა წარსულს გონებიდან. სულ ახსოვდა, სხვა ბავშვებთან ერთად როგორ თამაშობდა ეს სამი - სალომე, ზურა და გოჩა, როგორ იცავდნენ ბიჭები გოგონას სხვებისგან და ცდილობდნენ, რაიმეთი, თუნდაც ბავშვური წვრილმანით გაეხარებინათ. მერე გაიზარდნენ და სალომემ ზურა აირჩია. გოჩა ეცადა, სხვაზე გადაეტანა ფიქრი, არაფერი გამოუვიდა. სიყვარულში ხელმოცარულს სამსახურში გაუმართლა. ამასობაში სალომე და ზურა დაოჯახდნენ, გოგონა შეეძინათ, თინათინი.

გოჩა ცდილობდა, მათგან თავი შორს დაეჭირა, მაგრამ ზურა არ ასვენებდა - თვეში ერთხელ დაურეკავდა: - კვირაში ერთხელ მაინც არ უნდა შეგვეხმიანო? გადიდკაცდი და ბავშვობის მეგობრები სულ დაივიწყე? სალომეც საყვედურს გითვლისო.  გოჩა იძულებული იყო, შინ სწვეოდა ბედნიერ წყვილს, მაგრამ იქიდან ყოველთვის გულდამძიმებული ბრუნდებოდა.

უჭირდა იმის გაცნობიერება, რომ სალომე სამუდამოდ დაკარგა, რომ მისი უსაყვარლესი ადამიანი სხვა კაცის ცოლი და შვილის დედა იყო. ერთ დღეს ზურა ისევ შეეხმიანა - მე და სალომემ გადავწყვიტეთ, თინათინი შენ მოგანათვლინოთ. ნათლია რომ იქნები, აღარ დაგვეკარგებიო... გულს შემოეყარა გოჩას. არა, ამას ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა, გული გაუსკდებოდა.

იძულებული გახდა, ტყუილი ეთქვა - ერთწლიანი სტაჟირებით გერმანიაში მივდივარ, მაპატიე, რომ უარს გეუბნები. მონათლეთ თინათინი, მეგობრების მეტი რა გყავთ, მე კი გპირდებით, გერმანიიდან რომ ჩამოვალ, თქვენთან სიარულს მოვუხშირებო. ზურას ცოტათი კი გაუკვირდა, - ნათლობაზე უარის თქმა როგორ შეიძლებაო, მაგრამ არ სწყენია, - ალბათ, მართლაც არ სცალია და წასასვლელად ემზადებაო...

ერთი თვის განმავლობაში გოჩა საგულდაგულოდ ემალებოდა ზურას, მერე კი, მისდა გასაოცრად, უცხოეთში მართლა მიიწვიეს რამდენიმე კაცი სტაჟირებაზე. ყველაფერი გააკეთა გოჩამ, რომ იმ რამდენიმე კაცში ერთ-ერთი თვითონ ყოფილიყო და ცოტა ხანში სამ თანამშრომელთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. მართალია, იქ ერთი წლის ნაცვლად 6 თვე დაყო, მაგრამ, რაც მთავარია, იმ რთული და უხერხული სიტუაციიდან კარგად "გამოძვრა". თბილისში დაბრუნებისთანავე ესტუმრა მეგობრებს, საჩუქრებიც უხვად მიუტანა... მერე კი, ზურა დაიმარტოხელა და თეთრი აბები დაანახვა, - ნახე, რა ჩამოვიტანეო.

- ეს რა არის? - გაუკვირდა ზურას.

- ახალი ნარკოტიკია, თან კაიფობ, თან არაფერს გიშავებს, ძალიან მაგარია! - უთხრა და თვალი ჩაუკრა. ზურას უნებურად მეათე კლასში მომხდარი ამბავი გაახსენდა და სიცილი აუტყდა...

მაშინ ორივეს ძალიან აინტერესებდა, რა იყო "კაიფი". მთელი მათი უბანი, როგორც იტყვიან ხოლმე, "წამალზე იჯდა" და რადგან ნემსისა სიკვდილივით ეშინოდათ, ერთ ბიჭს მოატანინეს მოსაწევი. მაგრამ მოწევის მერე ისე ცუდად გახდნენ, ისეთი ხველება აუტყდათ, კინაღამ გაიგუდნენ... ახლა კი ზურას ცნობისმოყვრეობამ სძლია და წამალიც "გასინჯა". ეტყობა, კმაყოფილი დარჩა, რადგან ერთი კვირის შემდეგ გოჩას შეეხმიანა, - ერთი აბი მაინც თუ შემოგრჩა, მიწილადე და ვალში არ დაგრჩებიო... იმანაც "უწილადა" და ასე ნელ-ნელა, ზურა წამალდამოკიდებული შეიქნა.

სალომე ატყობდა ქმარს ცვლილებას, მაგრამ ვერ გაეგო, რა იყო ამის მიზეზი. ადრინდელი თბილი და მოსიყვარულე ზურა ახლა ფეთქებადი და უხეში გახდა... გვიან მიხვდა, რომ მისი ქმარი ერთ წელიწადში ნარკომანად ქცეულიყო. ოჯახში სიტუაცია დაიძაბა. ზურას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გამომტყდარიყო. ოღონდ ამბობდა, კუჭი მაწუხებს და ტკივილს ნარკოტიკით ვიყუჩებდიო. როგორ არ ეცადნენ სალომე და ზურას მშობლები, მაგრამ ვერაფრით დაანებებინეს თავი...

იქნებ, ჭკუაზე მოვიდესო, - იფიქრა სალომემ და შვილთან ერთად მშობლებთან წავიდა.

- სალომემ დამტოვა, - შესჩივლა ზურამ გოჩას, ამან კი ანუგეშა, - ქალებმა ასე იციან, როცა უნდათ, რომ ქმარი "დააჩმორონ" და თავის ნებაზე ატარონ... ცოტა ხანში დაგიბრუნდება, შენ ნუ მიაკითხავო და მერე "საიდანღაც" კიდევ ერთი აბი ამოაძვრინა... ზურას ეს პატარა თეთრი აბი სალომესაც, თინათინსაც, დედ-მამასაც და მთელ სიცოცხლეს ერჩივნა. "ლომკა" ისეთი საშინელი და ამაზრზენი რამ იყო, რომ მის მოსახსნელად ლამის უკანასკნელი პერანგი გაეყიდა. ზოგჯერ დარდობდა მეუღლისა და ბავშვის წასვლას (გოგონა სადაცაა, სკოლაში წავიდოდა), მაგრამ მაინც ჯიუტად სჯეროდა, რომ ცოლი დაუბრუნდებოდა... სალომე აღარ დაბრუნდა.

ზურას მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მთელი საახლობლო ფეხზე დადგა, განგაშის ზარებს შემოჰკრეს - ზურა ხომ ძალიან კარგი, ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა იყო, რომლითაც მშობლებიც ამაყობდნენ და ნათესავებიც. ზურა დაარწმუნეს, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დაეწყო, ამისათვის კი თბილისს დროებით უნდა გასცლოდა. იგი ერთ-ერთ მამათა მონასტერში წავიდა... იქ ზურა იმდენად კარგად გრძნობდა თავს, რომ აღარც აპირებდა დაბრუნებას. სალომეს უნდოდა, გამოსწორების გზაზე დამდგარი ქმარი ენახა, მაგრამ ზურამ უარი შემოუთვალა... მას C ჰეპატიტი აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში ციროზად ჩამოყალიბდა. იცის ზურამ, რომ მისი დღეები დათვლილია, ამიტომაც აღარ უნდა ცოლის ნახვა.

- როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, მირჩევნია, ჩემზე გულნატკენი იყოს, ვიდრე გულმობრუნებული. დამნაშავე ვარ ცოლ-შვილისა და ახლობლების წინაშე. ერთმა მეგობარმა დამღუპა და ახლა ვხვდები, რატომ გააკეთა ეს - მას სალომე უყვარდა! ეს ჩემს მოძღვარსაც ვუთხარი და მინდა შენც იცოდე, რატომ და ვისი ხელით გავუბედურდიო, - უთხრა ზურამ თავის ნათესავს, რომელმაც ამ ქვეყნისგან გამდგარი მოინახულა...

არ ვიცი, ამ წერილის წაკითხვის მერე რას იზამს სალომე (აქ ხომ მხოლოდ სახელებია შეცვლილი), ან რაღა ეშველება ზურას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი შეცდომაც და ისიც, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია! საინტერესო ისაა, როგორ შეძლებს გოჩა ცხოვრების გაგრძელებას ან როგორ უნდა ატაროს 29 წლის ბიჭმა ის მძიმე ტვირთი, რომელსაც დიდი ცოდვა ჰქვია...