დღემდე ვერ გამიგია, რა იყო მათი დანაშაული... - კვირის პალიტრა

დღემდე ვერ გამიგია, რა იყო მათი დანაშაული...

იმან, რაც 12 წლის წინ ქარელის რაიონის ერთ სოფელში მოხდა, ყველა გააოგნა. იმ ხანებში მეტი სალაპარაკო არაფერი ჰქონდა ხალხს - ყოფილი შეყვარებულების დაქორწინების ამბავი მარტო იმ სოფელში კი არა, მთელ ქარელში გახდა სალაპარაკო.

უმცირესობა წყვილს ამართლებდა, უყვარდათ ერთმანეთი და სხვების აზრს ყურადღება არ მიაქციეს, ბედნიერებისთვის იბრძოლეს და რას ერჩითო?! უმრავლესობა კი ქოქოლას აყრიდა ქალ-ვაჟს, - უსირცხვილოები, ოჯახებს და სოფელს თავი მოსჭრესო...

არადა, მათი ამბავი ასე დაიწყო:

გოგოს და ბიჭს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი, მერე ლელა მოიტაცეს და მშობლებმა უკან აღარ დაიბრუნეს ქალიშვილი, - შერცხვენილზე ადვილად იტყვიან აუგს, ამიტომ სჯობს იმ ოჯახში დარჩეს, დრო გავა და ქმარი უსათუოდ შეუყვარდებაო... ვერც დრომ, ვერც ორმა შვილმა ვერ შეაყვარა ლელას ქმარი. ქმარს გაგონილი ჰქონდა, რომ ლელას შეყვარებული ჰყავდა. თანდათან ეჭვიანობამ შეიპყრო და ისეთი მკაცრი, უხეში გახდა, რომ ახლობლებიც ვეღარ სცნობდნენ. ცამეტი წელი ითმინა ქალმა, მერე მოჰკიდა ხელი შვილებს და მშობლებთან დაბრუნდა. მათ არ ესიამოვნათ შვილის მობრუნება, მისი ოჯახის დანგრევა, მაგრამ ამჯერად ხელი არ ჰკრეს.

ლევანს (მის შეყვარებულს) ცოლი არ შეურთავს. ჯერ რუსეთში წავიდა, იქ სამ წელზე მეტხანს ვერ გაჩერდა, მერე ფოთში დაიწყო მუშაობა, ნავსადგურში. ბოლოს თბილისში იყო. როცა მეგობრებმა გააგებინეს, ლელა ქმრის ოჯახიდან წამოვიდაო, მაშინვე სოფელს მიაშურა. ბევრი არ უფიქრია, ცოლობა სთხოვა.

ლელა და ლევანი 30 წლისანი იყვნენ, რატომ უნდა ეცხოვრათ ცალ-ცალკე, რატომ უნდა გაევლოთ თავიანთი სავალი გზა დარდით, როცა შეიძლებოდა ერთად ყოფილიყვნენ! მერე რა, რომ ლელას ორი შვილი ჰყავდა. ლევანი მზად იყო, საყვარელ ქალს შვილების გაზრდაში დახმარებოდა. ლელაც დათანხმდა. ქორწილი არ გადაუხდიათ. სხვათა შორის, ყველაზე მშვიდად და ღირსეულად ამ ამბავს ლევანის მშობლები შეხვდნენ - ჩვენს რძალს ლევანი უყვარს და მასაც გაუჩენს შვილებს. ერთად ბედნიერები არიან და ჩვენ მეტი არაფერი გვინდაო.

დღემდე ვერ გამიგია, რა იყო მათი დანაშაული, საჭორაო რომ ვერ გამოლიეს სოფელში.

ხალხმა კარგა ხანს იჭორავა, მერე ნელ-ნელა მიწყნარდა.

ლელამ ჯერ ვაჟი გაუჩინა ლევანს, სამი წლის შემდეგ კი მოყვარულ ცოლ-ქმარს ტყუპი გოგონა შეეძინათ. ლევანი და ლელა ახლა ხუთი შვილით ამაყობენ და იმ გრძნობით, რომელიც ვერც დრომ, ვერც მითქმა-მოთქმამ ვერ გატეხა. სასეიროს და სალაპარაკოს ხალხი ყოველთვის გამოძებნის, მთავარია, ქალ-ვაჟს ერთმანეთისა სჯეროდეს. სხვა დანარჩენი - თავისით მოვა.

ქეთევან გოგინაშვილი, ქარელი