"ხუთნი იყვნენ, პირი ამიკრეს და"... - კვირის პალიტრა

"ხუთნი იყვნენ, პირი ამიკრეს და"...

მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რატომ არის აუცილებელი მოზარდებისთვის თვალის დევნებაო...

რედაქციაში შემოსული ბევრი დრამატული წერილი გადაგვიდვია. ამჯერადაც ვაპირებდით თავი შეგვეკავებინა ახალგაზრდა ქალის სულისშემძვრელი ამბის გახმაურებისგან (სახელები და მოქმედების ადგილი შეცვლილია), მაგრამ ანგარიში გავუწიეთ ქეთის დაჟინებულ თხოვნას - მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რატომ არის აუცილებელი მოზარდებისთვის თვალის დევნებაო...

ქეთი: - მეც იმ თაობას ვეკუთვნი, დედები შვილების გადასარჩენად უცხოეთში რომ გადაიკარგნენ. მე და ჩემი ძმა მამასთან დავრჩით. ცოლის გამოგზავნილ ფულს სასმელში ანიავებდა. მე 14 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 8-ის. შინ გაურკვეველი ჯურის ხალხი მოჰყავდა. დილით საძინებლიდან გამოსულს მისაღებ ოთახში გალეშილი უცხო კაცები მხვდებოდნენ. სკოლაში გავრბოდი და შინ დაბრუნება არ მინდოდა.

- ნათესავები არ გყავდათ?

- ბებია, დედა და მამიდა ერთად წავიდნენ უცხოეთში. მამიდამაც პატარა შვილები დატოვა, მაგრამ კარგი ქმარი ჰყავდა, სულ შრომობდა... მაშინ მობილური ტელეფონი, ინტერნეტი არ გვქონდა, რომ დედას დავლაპარაკებოდით და გვეთქვა, რა უბედურებაც ტრიალებდა ჩვენს თავს. დედა როცა ტელეფონზე დარეკავდა, მამაჩემი უმტკიცებდა, ყველაფერი კარგად არისო, ჩვენ სიტყვის თქმას არ გვაცლიდა, ყურმილს ხელიდან გვტაცებდა... მოკლედ, ტანჯვაში გავიდა 2 წელი. დედა ფულს გზავნიდა, იმედი ჰქონდა, მამაჩემი სასმელ-საჭმელს არ მოგვაკლებდა. მე და ჩემი ძმა კი "გალინა ბლანკათი" ვიკვებებოდით. მერე თავს საშინელება დამატყდა - მორიგი ღრეობის შემდეგ რამდენიმე არაკაცმა გამაუპატიურა.

იმ ავადსახსენებელ დღეს მამამ ჩემს ძმას დაუძახა და იძულებით დაალევინა სასმელი. სახედამანჭული ბავშვი ოთახში შემოვარდა და მკვდარივით დაეძინა. თურმე მამაჩემის ამფსონებმა ჩემი გაუპატიურება განიზრახეს და ბექას ხელი რომ არ შეეშალა, სასმელში დასაძინებელი წამალი ჩაუყარეს. მამაჩემი საშიში არ იყო - ორი ჭიქა სასმელი თიშავდა... ხუთნი იყვნენ, პირი ამიკრეს, ოთხი კაცი მაკავებდა და რიგრიგობით გამაუპატიურეს. გონზე რომ მოვედი, ჩემი ძმა მადგა თავზე გაოგნებული.

- მამაშენი სად იყო ამ დროს?

- დილით რომ ფხიზლდებოდა, შინიდან გადიოდა და გვიან საღამომდე არ ბრუნდებოდა. იმ საღამოს მამაჩემი არ დაბრუნებულა... მეორე დღეს ძლივს ავითრიე წელი. არ ვიცოდი, ვისთვის გამემხილა ის საშინელი სირცხვილი.

მამაჩემი არც მეორე ღამით გამოჩენილა. ორი კვირის შემდეგ პოლიციელებმა შეგვატყობინეს, სავარაუდოდ, მამათქვენია მორგში და უნდა ამოიცნოთო. მამიდაჩემის ქმარს შევატყობინეთ. გამოგვყვა. მამა იყო, საშინლად დაჩეხილ-დასერილი... დარწმუნებული ვარ, მისმა არაკაცმა მეინახეებმა მოკლეს.

- უთხარი პოლიციას, რაც დაგატყდა თავს?

- ვერ გავბედე. მეგონა, პოლიციას თუ ეცოდინებოდა, მთელი მსოფლიო გაიგებდა. ის კი ვუთხარით, როგორი ხალხი მოდიოდა მასთან...

- ის არაკაცები კიდევ მოვიდნენ?

- აღარ გამოჩენილან... მამაჩემის დაკრძალვის შემდეგ ჯერ მამიდა დაბრუნდა, მერე ბებია. დედა საზღვარგარეთ დარჩა+. თითქოს შევეგუე იმ ტკივილს, რომელიც მხოლოდ მე და ჩემმა ძმამ ვიცოდით, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერმა შემახსენა თავი. ბიჭი შემიყვარდა. ისე იქცეოდა, მჯეროდა, მასაც თავდავიწყებით ვუყვარდი. ვიფიქრე, მისთვის უნდა გამემხილა ყველაფერი და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. მშვიდად მოისმინა ჩემი ამბავი, მერე მომეფერა და მითხრა, რომ ამ ამბის შემდეგ ერთმანეთთან თავი არ უნდა შევიკავოთო. საყვარლები გავხდით. ერთ დღეს კი მითხრა, რომ შემეძლო ფული გამეკეთებინა. როგორ-მეთქი. გასწავლიო. მის მეგობრებს მიუგდო ჩემი თავი, - ესენი გაგწვრთნიანო... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე საშვილოსნოს სიმსივნის გამო ყველაფერი არ ამომკვეთეს. გადავრჩი, მაგრამ მერჩივნა, მოვმკვდარიყავი. ჩემი ძმა უცხოეთში წავიდა. უარი თქვა ჩემზეც და ოჯახზეც. დაბერებული დედაჩემი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ძლივს ვიცანი. ჯერ ვეხვეოდი და ვტიროდი, მერე კი ხელი ვკარი და ვუთხარი, შენი დანახვაც არ მინდა, რადგან როცა მჭირდებოდა, ჩემ გვერდით არ იყავი-მეთქი. ყველაფერს მოვუყევი. ორივე ვბღაოდით, მაგრამ რა?

სოფო გამრეკელი