"ბავშვი მეცოდება, თორემ ვეჭვობ, დედამისი გონს მოეგოს" - კვირის პალიტრა

"ბავშვი მეცოდება, თორემ ვეჭვობ, დედამისი გონს მოეგოს"

"ქალს დავემუქრე, ბავშვი რომ მოვა სკოლაში გაღიზიანებული და მეტყვის, რომ მამამისმა გცემა, პოლიციას გამოვიძახებ და ბავშვის ჩვენების საფუძველზე მოეთხოვება პასუხი-მეთქი. აქეთ დამემუქრა, ჩემს ქმარს ვეტყვი, მის წინააღმდეგ რომ მაქეზებთო"

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ოჯახური ძალადობის აღკვეთის თემაზე და სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებენ ქალებს, უარი თქვან უსიტყვო მონობაზე და მოძალადე ქმრებს დაშორდნენ, ქალთა ერთი ნაწილი ოჯახურ კოშმარზე შეგნებულად არ ამბობს უარს.

ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრა პედაგოგი ქეთი ნიშნიანიძე: - ძალიან მაღელვებს ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახური მდგომარეობა. დედამისი მუდმივი ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, როგორც ირკვევა, არ ცდილობს მოძალადე ქმრისგან თავდაცვას. გოგონა კი სულ დაძაბულია, იოლად იწყებს ტირილს. განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ბიჭებთან. შესაძლებლობის შემთხვევაში ცდილობს, თავს დაესხას მათ. ერთხელ ვთხოვე, მშობლებისთვის გადაეცა, რომ მათი ნახვა მინდოდა... მამა მოვიდა, ძალიან სიმპათიური, მაგრამ გოროზი კაცი. როდესაც ბავშვის მდგომარეობაზე ველაპარაკებოდი, უსიტყვოდ აქნევდა თავს. გოგონა შეშინებული უყურებდა მამას. კაცს ვურჩიე, ბავშვი ექიმთან მიეყვანათ, მეტი დრო გაეტარებინათ შვილთან, გაეგოთ, რა აწუხებს. უხეშად მითხრა, ლოლიავის დრო არ მაქვსო, ბავშვს ხელი ჩაავლო და წავიდა. შევცბი. დავეჭვდი, რომ ბავშვის ასეთ მდგომარეობაში მამა უნდა ყოფილიყო დამნაშავე.

მეორე დღეს გოგონას ოჯახში დავრეკე. დედამ მიპასუხა. ვუთხარი, თქვენთან მინდა მოსვლა იმის გასაგებად, გოგონა რა გარემოში ცხოვრობს, იქნებ სკოლაში ურთიერთობის დარეგულირებაში დავეხმარო-მეთქი. ქალი ჯერ გაჩუმდა, მერე დაბნეულმა მითხრა, მე თვითონ დაგირეკავთო და ტელეფონი გათიშა.

მოგვიანებით მართლაც დამირეკა, მომიბოდიშა, ქმარი იყო შინ და ვერ დაგელაპარაკეთო. სახტად დავრჩი და კიდევ უფრო გამიღრმავდა ეჭვი, რომ ბავშვის პრობლემები ოჯახიდან მოდიოდა. მოკლედ, მე და დედამისი ერთმანეთს სკოლაში შევხვდით, რადგან მათ ოჯახში მისვლაზე უარი მითხრა.

ულამაზესი ქალი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. მისგან ბევრი ვერაფერი გავიგე, იმეორებდა, მამა შვილს საჩუქრებით ანებივრებს, მაგრამ ბავშვი მაინც ზურგს აქცევს, რაც კაცს ძალიან აბრაზებსო. რატომ-მეთქი. პასუხი არ ჰქონდა. ისევ კლასში ჩუმად შემოსულმა გოგონამ ამოთქვა. ტირილით ჰყვებოდა, მამა დედას სცემს, დასცინის, ამიტომაც მძულს და სულაც არ მინდა, ჩემი მამა იყოსო. ქალი ამაოდ ეხვეწებოდა შვილს, გაჩუმდიო.

მოკლედ, ოჯახში დიდი უბედურება ტრიალებს - კაცი მოძალადეა. არ გამჭირვებია ამ ოჯახის ახლობლების მოძიება, სწორედ მათგან შევიტყვე, რომ კაცს ცოლი, როგორც ლამაზი ნივთი, ისე ჰყავს, რამდენჯერმე მოაშლევინა მუცელი იმის გამო, რომ გოგონებზე იყო ფეხმძიმედ, დასცინოდა, - უვარგისი ხარ, ბიჭის გაჩენა არ შეგიძლიაო.

შევეცადე, ქალისთვის შემეგნებინებინა, რომ ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება არ შეიძლება. ამაოდ. კაცია და რა ვქნა, ერთ დღესაც დაიღლება და მოიშლის ამ უზნეო საქციელსო. კინაღამ გავგიჟდი. ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა. ეს გოგო პროფესიით ექიმია, მაგრამ ერთი დღეც არ უმუშავია. ქმარმა გამოუცხადა, - შენი მუშაობა არავის სჭირდებაო. პროტესტის გრძნობა სულ არ გაგიჩნდა-მეთქი? არაფერი მაკლია და მუშაობა რად მინდა. ცოლი ვარ და ხალხის თვალში ცუდად ხომ არ გამომაჩენს, რაც უნდა ვინატრო, ყველაფერი მაქვს. ვუყვარვარ, მაგრამ თავისებურად და გამოხატვა არ შეუძლიაო...

რამდენიმე თვეა, ვცდილობ გამოვაღვიძო, მაგრამ ამაოდ. დავემუქრე კიდეც, ბავშვი რომ სკოლაში გაღიზიანებული მოვა და მეტყვის, რომ მამამისმა გცემა, პოლიციას გამოვიძახებ და ბავშვის ჩვენების საფუძველზე მოეთხოვება პასუხი-მეთქი. აქეთ დამემუქრა, ჩემს ქმარს ვეტყვი, მის წინააღმდეგ რომ მაქეზებთო.

არ ვიცი, ასეთები ბევრნი არიან თუ არა, მაგრამ ეს ულამაზესი ქალი უტვინოა. ბავშვი მეცოდება, თორემ, ვეჭვობ, დედამისს რამე ეშველოს. როგორც ჩანს, მისი შინაგანი პოზიციაა, იყოს მონა. რა არ შევთავაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებაც კი, მაგრამ...

- არ ჰკითხეთ, მისი მშობლების ოჯახი რას ფიქრობს?

- ჩემმა მშობლებმა რატომ უნდა იცოდნენ ცოლ-ქმრის ცხოვრების დეტალები. დედაჩემიც ასეთი იყო და მეც ასე გამზარდაო. სავარაუდოდ, მამამისიც მოძალადეა.

სოფო გამრეკელი