"2016 წელს მბრწყინავი სამოსით უნდა შევხვდეთ" - კვირის პალიტრა

"2016 წელს მბრწყინავი სამოსით უნდა შევხვდეთ"

"მოდაშია მასიური სამკაული. ფეხსაცმელი დახვეწილი და ქალური უნდა იყოს,  არანაირი პლატფორმა და ვულგარულობა"

დღესასწაულისთვის ყველა მანდილოსანი განსაკუთრებულად ემზადება. ქალებს ხომ ისედაც გვიყვარს სარკის წინ ტრიალი, სხვადასხვა სტილის სამოსისა და აქსესუარების მორგება. ცნობილი დიზაინერის რჩევებსაც აქტიურად ვადევნებთ თვალს. ჰოდა, რადგან ასეა, დარწმუნებული ვარ, ყურადღების მიღმა არ დატოვებთ ცნობილი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის რჩევებს, რომელიც 2016 წლის მოდის ტენდენციებს გაგვაცნობს და გვეტყვის, როგორ გამოვეწყოთ საახალწლოდ.

- 2016 წელი მოდის სამყაროში ქალური სილუეტით გამოირჩევა. თუ წინა 2 სეზონი, სულ სხვა სილუეტის სამოსით გამოირჩეოდა. შემდეგი სეზონი საოცრად ქალური იქნება. რაც მთავარია, წელის ხაზი აუცილებლად დაფიქსირებული უნდა იყოს.

- ანუ ასე შემოსილებზე იტყვიან, ქალია თუ გიტარაო?

- დიახ, ასეა, ოღონდ ეს ჩემგან არ დაწეროთ... თუ ქალს ტანიც უწყობს ხელს, რაღა თქმა უნდა... განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წელის ხაზს, ქვემოთ კი სამოსი შეიძლება გაშლილი ან მომდგარიც იყოს. მოდაშია კლასიკური სწორი კაბაც, რასაც მუდმივად გვთავაზობს "შანელი". კაბის სიგრძე მუხლს უნდა ჩასცდეს, პიჯაკი კი თეძოს ფარავდეს.

- რა ფერებია 2016 წელს მოდაში?

- წითელი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, თეთრი. რაც შეეხება აქსესუარებს, მოდაშია მასიური სამკაული. ფეხსაცმელი დახვეწილი და ქალური უნდა იყოს, არანაირი პლატფორმა და ვულგარულობა. მოკლედ, ის მოდა დგება, რაც მე მომწონს და ეს ძალიან მახარებს.

- რა არ მოგწონთ ქართველების ჩაცმულობაში?

- არ მომწონს მიმბაძველობა, დანარჩენი ყველაფერი მისაღებია. მიუხედვად ამისა, ქართველებს განსაკუთრებული გემოვნება აქვთ და ყურადღებით ეკიდებიან მოდის ტენდენციებს. ერთი სიტყვით, ქართველებს გვიყვარს ჩაცმა.

- "ჩაშავებაც" ხომ გვიყვარს, ამას ყველა აღნიშნავს.

- ევროპის არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ, იყო დრო, როცა იტალიის ქუჩები მთლიანად გადაშავებული იყო. მხოლოდ ქართველებს არ გვაქვს განსაკუთრებული სიყვარული შავი ფერის მიმართ. შავი ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ფერია, ამ ფერს დიდი ფილოსოფია აქვს და განსაკუთრებულია.

- ახალ წელს როგორ შევხვდეთ?

- აუცილებლად უნდა გვეცვას ვერცხლისფერი, წითელი ან თეთრი ფერის სამოსი. ქსოვილს კი უნდა ჰქონდეს ბრწყინვალება, რათა 2016 წელი ბრწყინვალე იყოს ყოველი ჩვენგანისთვის.

წლის ყველაზე უცნაური კაბა და ფეხსაცმელი

ჯენიფერ ლოპესის კაბა ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი - წელს "ვერსაჩის" კაბით "შემოსილმა" მეგავარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე "ყველაზე შიშველის" გალაზე იმარჯვა - ჟიურიც და მაყურებელიც პირდაღებული შეჰყურებდა 47 წლის ჯეი ლოს ყველაზე ცნობილ "აქტივსაც" და "ვერსაჩეს" მორიგ სასწაულსაც, რომელიც 2015 წლის კაბად აღიარეს.

2015 წლის ყველაზე უცნაურ ფეხსაცმელად მიიჩნიეს სახელგანთქმული ფილიპინელი დიზაინერის, კერმიტ ტეზოროს მიერ შექმნილი კალმარის ფორმის ქალის ფეხსაცმელი. დიზაინერმა თავად ლედი გაგაც კი მოხიბლა, რომლის კოლექციაში უკვე ტეზოროს რამდენიმე ნაკეთობაა. "მსურს, ადამიანთა გადახრები ჩემი ქმნილებების საშუალებით "ვთარგმნო", - განმარტავს 27 წლის ფილიპინელი.

ეკა სალაღაია