"ლამაზი ნიკო" ქალებს დაერია - კვირის პალიტრა

"ლამაზი ნიკო" ქალებს დაერია

"ფული, რომელიც არ ამიღია, შემიძლია, ამ ქალებს ახალ წელს ვაჩუქო"

49 წლის ქართველი ალფონსი ბელორუსიის ქალაქ გომელში თაღლითობისთვის გაასამართლეს. ბაჩუკი ტიბუას, იმავე "ლამაზ ნიკოს", განაჩენი გამოუტანეს - ქონების კონფისკაცია და 7 წელი გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში, ასევე დააკისრეს 30 მილიონი რუბლის გადახდა მორალური ზიანისთვის. კაცმა, მოტყუებით, ოთხ გომელელ ქალს 15.000 დოლარის ღირებულების ოქროს სამკაული და ფული დასცინცლა.

"ლამაზი ნიკოს" პირველი მსხვერპლი გახდა 40 წლის მედდა ირინა, რომელმაც სოცქსელში მიიღო შეტყობინება უცნობი მამაკაცისგან. გაიმართა მიმოწერა და კაცმა დროებითი საცხოვრებლის გამოძებნაც სთხოვა. მარტოხელა ირინამ, რომელსაც თვალითაც არ ენახა ნიკო, თავის ნათესავ ქალს სთხოვა, შეეკედლებინა მამაკაცი. მალე ირინას ახალმა ნაცნობმა ფულის სესხება სთხოვა, მანაც თავისი საბანკო ანგარიშიდან მოხსნა 300 დოლარი და მიუტანა. რამდენიმე დღეში კი ქალიშვილის სწავლისთვის გადადებულ ფულს 200 დოლარი მოაკლო და ისიც ქართველ "ბიზნესმენს" ასესხა.

ამასობაში კი ნიკომ ურთიერთობა გააბა კიდევ სამ ქალთან: 48 წლის ლაბორანტმა ტატიანამ მას ფული ასესხა ვითომდა სატვირთო მანქანის შესაკეთებლად, რომელშიც გასაყიდად გამზადებული ტვირთი იდო. ქალმა 11.000 დოლარი გამოართვა თავის ვაჟს, ტროლეიბუსის მძღოლს, რომელიც ბინის საყიდლად ფულს აგროვებდა, ამას დაუმატა 3.000 დოლარი, ოქროს სამკაულები და "ლამაზ ნიკოს" გადასცა. დანარჩენი ორი - 49 და 51 წლის ქალბატონისგან "კრასავეცმა" 10 მლნ რუბლი და 400 ევრო ისესხა. ხოლო როდესაც "ბიზნესმენი" მოულოდნელად გაუჩინარდა, ქალებმა მილიციაში საჩივარი შეიტანეს.

მოუხელთებელი ჟიგოლო სამართალდამცავებმა მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავიდან მინსკში ჩამოსვეს.

თავად ნიკო კატეგორიულად უარყოფდა დანაშაულს და ირწმუნებოდა, რომ ქალებისთვის არაფერი გამოურთმევია.

- არაფერი ამიღია, არც ფული, არც ოქრო. უდანაშაულო ვარ. იმას კი ვიტყვი, რომ როგორც ბიზნესმენი, ვეხმარებოდი ბავშვთა სახლებს, ვაშენებდი ეკლესიებს. ფული, რომელიც არ ამიღია, შემიძლია, ამ ქალებს საახალწლოდ ვაჩუქო, თუმცა არაფერი დამიშავებია, - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოზე.

- განაჩენზე ნიკოს ძალიან მშვიდი რეაქცია ჰქონდა, არ აღშფოთებულა, - განაცხადა სახელმწიფო ბრალმდებელმა დმიტრი რუსაკოვმა, რომელიც "ბიზნესმენისთვის" 8-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

დაზარალებულებიდან სასამართლო პროცესზე მხოლოდ ირინა მივიდა...

სოფო გამრეკელი