"ჩემი ქმარი თან მყვება, მაგრამ შერიგებას არ მთხოვს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი თან მყვება, მაგრამ შერიგებას არ მთხოვს"

როდესაც რედაქციაში შემოსულ წერილებს ვკითხულობ, მიკვირს, ადამიანები რატომ არ სთხოვენ დახმარებას ფსიქოლოგებს.

განა ისინი უკეთ არ დაეხმარებიან?! ადამიანები მათი თავგადასავლის გამოქვეყნებას ითხოვენ, მაგრამ უსათუოდ შეცვლილი სახელებით, რომ არავის ეცნოს მათი მონათხრობი. დამცინებენ, ვერ გამიგებენო, - იმართლებენ თავს და მერე გულმოდგინედ ეძებენ ჩვენს საიტზე მკითხველის კომენტარებს.

ერთმა ახალგაზრდა ქალმა თავისი სატკივარი მიამბო და როცა ვკითხე, რატომ გინდა, ამის შესახებ გაზეთში დაიწეროს-მეთქი, მიპასუხა, მაინტერესებს, სხვები როგორ იქცევიანო. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების წესი აქვს და იქნებ მათ რჩევებს სჯობს, ფსიქოლოგის დახმარებით ეძიოთ გამოსავალი-მეთქი, ამაოდ ვცდილობდი მის დაჯერებას... თაკო რამდენიმე თვის წინ გასცილდა ქმარს. ორი შვილი ჰყავს, გოგონები. დედაქალაქში რძალი დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდა, ქმარი კი რაიონში მუშაობდა...

თაკო: - რამდენიმე წელია, მიხა რაიონში მუშაობს. ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა. წელიწად-ნახევრის წინ სიარულს მოუკლო, ბოლოს ორ თვეში ერთხელ ძლივს ინებებდა გამოჩენას. მიზეზი არ ელეოდა. ძალიან უხეშად მექცეოდა, თითქოს ვეზედმეტებოდი. არც ბავშვების ბედი ადარდებდა. ერთ დღეს ჩემმა მამამთილმა გამწარებულმა აღიარა, - ჩემი შვილი მუდმივად ფულს მთხოვსო. ვერ მივხვდი, რატომ ითხოვდა ფულს კაცი, რომელიც მიმტკიცებდა, მუშაობით წელებზე ფეხს ვიდგამო. არადა, შინ არაფერი მოჰქონდა. მაშინღა დავეჭვდი, რომ სადღაც ფლანგავდა. მეთვალყურე მივუჩინე. მალე მომივიდა ცნობები, ფოტოები... ვიღაც არარაობასთან დადიოდა. ის გოგო მოთამაშე ყოფილა და ფცქვნიდა ჩემს ბრიყვ ქმარს... ავდექი და შვილებთან ერთად ჩავედი რაიონში, ჩემი მშობლების სახლში. იმავე საღამოს დამირეკა, მიმტკიცებდა, ცდებიო, ეგ გოგო ჩემი მეგობრის საყვარელია, იმას ეჭვიანი ცოლი ჰყავს, ოჯახი რომ არ აერიოს, მე ვხვდებოდი ფულის მისაცემადო. სულელის მეტი ვინმე დაიჯერებს ასეთ ტყუილს? ახლა ბავშვებს დღეში ორჯერ ურეკავს. მე მანქანა გამომიგზავნა საჩუქრად, მთებში ხარ და ჯიპი გამოგადგებაო... ახალ წელს საჩუქრებით აგვავსო, ყოველთვე ფულს მიგზავნის...

- აპირებ, შეურიგდე?

- არ ვიცი, თუმცა, შერიგებას არც მთხოვს. როცა მისი ცოლი ვიყავი, ერთი თეთრის დახარჯვაც არ უნდოდა, ახლა კი თან გვყვება. ვერ მივხვდი, რა ამოძრავებს. რა ჰქვია მის საქციელს, ვინმე მეტყვის?

სოფო გამრეკელი