"ჩემი ბიჭის ცხოვრებაში 2 საბედისწერო შეხვედრა მოხდა, რის გამოც, მისი ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი ბიჭის ცხოვრებაში 2 საბედისწერო შეხვედრა მოხდა, რის გამოც, მისი ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა"

"ჩემი შვილის შესახებ მინდა, მოგწეროთ. ის ახლა 27 წლისაა. მის ცხოვრებაში 2 საბედისწერო შეხვედრა მოხდა, რის გამოც, მისი ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა.

23 წლის ასაკში ის გოგონა შეუყვარდა, რომელიც მეც ძალიან მომწონდა და მოუთმენლად ველოდი - ჩემს ოჯახში როდის შემოვიდოდა. მისი მშობლები კი, ჩემს შვილს მხოლოდ იმიტომ იწუნებდნენ, რომ მდიდარი არ იყო. ამის გამო, მე მათ საქმეში არ ვერეოდი. თუ მოიყვანდა, სიხარულით მივიღებდი, თუ არა და, ძალას არ დავატანდი. საბოლოოდ, ახალგაზრდებმა შეუღლება გადაწყვიტეს და გაიპარნენ. დათომ ძალიან დიდი ჩხუბი და დამცირება გადაიტანა. უმამოდ გაზრდილი ბიჭი ისე სცემეს, რომ ლამის მოკლეს, მაგრამ გოგომ განაცხადა, რომ უყვარდა და მხოლოდ ამის გამო დაინდეს.

თავიდან, მე და გვანცამ ურთიერთობა ძალიან კარგად ავაწყვეთ - დედას მეძახდა, მეც თან ვყვებოდი... იმის შემდეგ, რაც დედამისმა შვილზე გული მოიბრუნა, ჩვენთან სტუმრობას მოუხშირა და როცა გაიგო, გვანცა დედას მეძახდა, ისეთი თვალებით შეხედა, რომ ლამის ადგილზე გააქვავა. საღამოს, ტელეფონით მთელი 2 საათი ესაუბრა და იმ დღიდან, რძალს ჩემთვის დედა აღარ დაუძახია. დედამისის წყალობით, ჩვენ შორის შავმა კატამ არაერთხელ გაირბინა, მაგრამ ჩემს თავს აღარ ვჩიოდი, ვგრძნობდი, რომ ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორისაც დაიძაბა. ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მათ საქმეში არ ვერეოდი. თუმცა, გვანცა რამდენჯერმე დავსვი, რაღაც-რაღაცები ავუხსენი, დედაშვილური დარიგებაც არ დავაკელი, მაგრამ მისი გადმობირება ვერაფრით შევძელი, რადგან დედა მისთვის ძვირფას ტანისამოსს ყიდულობდა, სწავლის ფულს უხდიდა და ყველა კაპრიზს უსრულებდა. თუ გვანცა მას არ დაუჯერებდა, ამ ყველაფერს უნდა დამშვიდობებოდა. ბუნებრივია, გოგონა თავისი გამოუცდელობის გამო დედის დარიგებებს ითვალისწინებდა. ერთ საღამოს, ცოლ-ქმრის ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა. ჩემს ოთახში შევედი, რადგან თავს ძლივს ვიკავებდი, რომ მათთან არ შევსულიყავი. ცოტა ხნის შემდეგ, შემოსასვლელი კარის ხმა გავიგონე - გაბრაზებული დათო

შინიდან გაიქცა, გარაჟიდან მანქანა გამოიყვანა და სადღაც წავიდა. მისთვის ხელის შეშლა ვერ მოვასწარი. იმ ღამით, ის ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოდან დაგვირეკეს და ეს ამბავი შეგვატყობინეს. მე და გვანცა მაშინვე იქით გავიქეცით. გოგონა ტიროდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა, მე კი ვამშვიდებდი და ნუგეშს ვცემდი. დათო საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი. როგორც იქნა, ოპერაცია დამთავრდა. ექიმმა გვითხრა, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ ფეხი - ვერა. ეს თავზარდამცემი ამბავი რომ გავიგეთ, გვანცას მშობლები უკვე იქ იყვნენ. დედამისმა თავისი შვილი იმავე საღამოს შინ წაიყვანა იმ მიზეზით, რომ დასვენება სჭირდებოდა. იმის შემდეგ, გვანცა ჩვენს სახლში მხოლოდ ერთხელ მოვიდა - თავისი ტანისამოსი ტირილ-ტირილით ჩაალაგა და წავიდა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, დათოსთვის ფეხის შენარჩუნება შეიძლებოდა, მაგრამ გამოუცდელი ექიმი შეხვდა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, მისი ამპუტაცია ამჯობინა. ასე დაიღუპა ჩემი შვილი. მისთვის უბედურების მომტანი ჯერ ცოლთან, მერე კი - ექიმთან შეხვედრა იყო.

ჩემმა ყოფილმა მძახალმა კი საკუთარ შვილსაც აურია ცხოვრება და ჩემიც ლამის დაღუპა.

წყარო