ერთადერთი ოფროუდერი ქალი საქართველოში - კვირის პალიტრა

ერთადერთი ოფროუდერი ქალი საქართველოში

"საჭესთან რომ ვჯდები, ადრენალინის მოზღვავებისგან ხელები მიკანკალებს, საჭის დაჭერას დიდი ძალა უნდა. შეჯიბრება ზოგჯერ 8-9 საათი გრძელდება... რომ მთავრდება, მთელი სხეული მტკივა..."

მაია გოშაძე ერთადერთი ოფროუდერი (ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს გზის იქით). ქალია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ის ამ სფეროში მამაკაცებს ღირსეულ კონკურენციას უწევს. OFF ROAD-ი ავტომოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი სახეობაა, სადაც ავტომობილის და მისი ეკიპაჟის გამოცდა ხდება. იქ, სადაც მთავრდება გზა და აღარ არის ასფალტი - იწყება ოფროუდი. შეჯიბრებები სხვადასხვა სახისაა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მაღალი გამავლობის მანქანა.

მაია 30 წელზე მეტია, საჭეს უზის. უყვარს ბუნება, ექსტრემი, ადრენალინის შეგრძნება და ადამიანები, რომლებიც გუნდურად მოქმედებენ. თავისუფალ დროს, მეგობარ "ოფროუდერებთან" ერთად, ექსპედიციებში მიემგზავრება. ჰყავს ორი შვილი და თვლის, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. გუნდური გასვლების დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, მანქანა ტალახში სრიალებს ან ორმოდან ვერ ამოდის; ზოგჯერ რაღაც ნაწილი ფუჭდება. ამ დროს"ოფროუდერები" ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. მაიას შეჯიბრებაში თურქეთშიც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. მსაჯიც კი იყო, რის გამოც დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან ოფროუდის"ქალი მსაჯი, თანაც - მუსლიმანურ ქვეყანაში, ძნელად წარმოსადგენია.

პირველად კოჯრის მოყინულ გზებზე სასრიალოდ ოფროუდის" კლუბის წევრებთან ერთად საკუთარი "ნივით" წავიდა. მალევე "ნივა", რომელიც ერთ-ერთი გასვლის დროს დაიშალა, "პაჯეროთი" შეცვალა. გული სწყდება, რომ ამ სახეობას საქართველოში ცოტა გულშემატკივარი ჰყავს. მანქანის მომზადებას დიდი თანხა სჭირდება, ამიტომ ძნელია სპონსორის შოვნა.

- "სტარტს რომ ვიღებ, ყველაფერი მავიწყდება. რჩება მარტო ტრასა, რომელიც უნდა გავიარო. ადრენალინის მოზღვავებისგან ხელები მიკანკალებს. საჭის დაჭერას დიდი ძალა უნდა. შეჯიბრება ზოგჯერ 8-9 საათი გრძელდება; რომ მთავრდება, მთელი სხეული მტკივა... - ამბობს მაია.

მაია გოშაძე ფიქრობს, რომ ყველა ადამიანმა იმ სფეროში უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, რომელიც უყვარს. ამისთვის მთავარი სურვილი და მონდომებაა, რადგან შეუძლებელი არაფერია. როდესაც საქმეს სიყვარულით აკეთებ და თავს არ ზოგავ, წარმატებაც არ დააყოვნებს...

თეა ინასარიძე