არშიყი "ფეისბუკით", ანუ "ვაჟკაცი" ცოლის მახე - კვირის პალიტრა

არშიყი "ფეისბუკით", ანუ "ვაჟკაცი" ცოლის მახე

ნაზიკო კი ერქვა, მაგრამ სინაზისა არაფერი ეცხო. თმას ყოველთვის ბიჭურად იჭრიდა, ხმაც ბოხი, მამაკაცური ჰქონდა. ბიჭივით ჩხუბსაც არ ერიდებოდა. როგორც კი გათხოვდა, ოჯახის სადავეები ხელთ იგდო, რაზეც სულ არ წუხდა ბადრი.

რა ენაღვლებოდა? შვილებსაც და მასაც არც საჭმელ-სასმელი აკლდათ, არც ჩასაცმელ-დასახური. მერე რა, რომ მთლად შეხედული არ ეთქმოდა ნაზიკოს, სამაგიეროდ, ოჯახში კაციც იყო და ქალიც, მამასახლისიც და დედაბოძიც, მარჩენალიც და შემომტანიც... ყველაზე მეტად რაც სიამოვნებდა და ეამაყებოდა ბადრის, ის გახლდათ, რომ ნაზიკომ ჩხუბს თავი დაანება. მას შემდეგ, რაც თურქეთიდან ჩამოტანილი ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყო, ნაზიკომ ხელი ჩაიქნია, - მიხვდა ქმრის გამოსწორება არ იქნებაო. ნერვებს კი სამუდამოდ გაიფუჭებდა. ბადრი სპეციალობით ენერგეტიკოსი გახლდათ. ერთხანს სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა. მერე იქ ახალგაზრდები მოვიდნენ და "ძველგაზრდები" შემცირებაში მოაყოლეს. არც უდარდია, არც ახალი სამსახურის ძებნით შეუწუხებია თავი. ნაზიკოს ორ მეზობელ ქალთან ერთად უკვე დაწყებული ჰქონდა ბიზნესი და იმედი ჰქონდა, ცოლი ოჯახს არაფერს გაუჭირვებდა...

სამაგიეროდ, ბადრიმ გაშალა ფრთები. გაგიხარია,  შესაშური სიმღერა და მოლხენა კი იცოდა. ქართული გინდა, რუსული თუ სხვა - რა სიმღერას არ შეგისრულებდა გიტარაზე. ამიტომაც სამეზობლოსა თუ სანაცნობოში ჭიქა არ გაწკარუნდებოდა უმისოდ. ერთი სიტყვით, ბადრი დაქეიფობდა, ნაზიკოს კი ცხრა პირი ტყავი ჰქონდა გადამძვრალი მუშაობით. დროთა განმავლობაში უფრო გამკაცრდა და გაუხეშდა, ხმაც უფრო დაუბოხდა...

ნაზიკო შინ იმდენად დაღლილი ბრუნდებოდა, რომ ქმრის სათვალთვალოდ არც ეცალა. ხუმრობა ხომ არ იყო, უკვე რამდენიმე მაღაზია ჰქონდა, მაგრამ მაინც მუხლჩაუხრელად შრომობდა. თურქეთში ხან სხვას გზავნიდა, ხან თვითონ მიდიოდა, თითქმის ყოველდღე ამოწმებდა ყველა მაღაზიას, აინტერესებდა, რომელ ტანსაცმელზე იყო მეტი მოთხოვნა. სხვათა შორის, ბადრიმ საშინაო საქმეში უფრო იმარჯვა. დაღლილ-დაქანცულ ცოლს ყოველთვის ხვდებოდა გემრიელი სადილი, შვილებიც დაპურებული და მოვლილი ჰყავდა. ნაზის სხვა რამ აღარ ადარდებდა... თუმცა, რამდენჯერმე მაინც უცნაურად მოხვდა თვალში მობილურზე ჩაშტერებული ქმარი. თანამშრომლებს ეს "უცნაურობა" რომ გაუზიარა, ურჩიეს: ეშმაკს არ სძინავს, სიმწრითა და ოფლით ნაშენები ოჯახი ხუხულასავით არ დაგენგრეს თავზეო. ეს ის რჩევა გახლდათ, რომელიც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა ნაზის. ერთხელ, ნაშუაღამევს, ბადრის ეძინა, ნაზიმ მისი მობილური ჩართო და როგორც დაარიგეს, ჯერ მესიჯები გახსნა. საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. მერე კომპიუტერს მიუჯდა ე.წ. "ფეისბუკში" შევიდა და რას ხედავს, ნაირ-ნაირი ქალი ჰყავს მის "მეოჯახე" ბადრის "მეგობრების" სიაში. ერთ ქერათმიან ლამაზმანთან ფლირტიც წამოუწყია.

მე შენ გიჩვენებ არშიყობასო, - დაიქადა გულში და მეორე დღეს ახალგაზრდა თანამშრომელს სთხოვა, ვინმე ლამაზი გოგოს ფოტოები მოეძებნა, საიტზე დაედო და სხვა სახელითა და გვარით ქმართან დაეკავშირებინა. ბადრი იოლად გაება ხაფანგში. ორკვირიანი სასიყვარულო მესიჯების მერე როგორც იქნა, ლამაზი "ინგა" შეხვედრაზე დაითანხმა. უცნაური ის იყო, რომ ამ ლამაზმა ქალმა მაინცდამაინც ღამის 12 საათზე შესთავაზა შეხვედრა, თან დაამატა, როგორი ამინდიც უნდა იყოს, უსათუოდ მოდი, რადგან ამ პირველ შეხვედრაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ურთიერთობაო.

იმ დღეს ბადრიმ დილიდანვე დაიწყო მზადება. წვერი გაიპარსა, იბანავა, სადილი მოამზადა, ცოტა ხანს წაიძინა. "ინგა" კიდევ ერთხელ შეეხმიანა, - იღრუბლება, შეიძლება გაწვიმდეს და ხომ ნამდვილად მოხვალო. ბადრიმ - სინდისს გეფიცებიო. ნაზიკომ საღამოს 8-ზე შემოაღო სახლის კარი. ქმარს ფორიაქი შეატყო და "შეშფოთებულმა" ჰკითხა, - გული ხომ არ გაწუხებს ან წნევამ ხომ არ აგიწია, რატომ ხარ მოუსვენრადო? ბადრიმ - ისეთი არაფერი, ერთმა ძველმა მეგობარმა სამსახურში დამპატიჟა ლუდზე, სადღაც ღამის დარაჯად მუშაობს და უნდა ვინახულო, შენ ნუ დამიცდი, დაიძინეო. თერთმეტი საათისთვის კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ნაზი დაწვა თუ არა, მაშინვე "დაეძინა". ბადრიმ საწვიმარი მოისხა, რეზინის ჩექმები ჩაიცვა და ფრთხილად გაიხურა კარი, თან წინდაწინ ნაყიდი თაიგული გაიყოლა. მანქანები კანტიკუნტად დაქროდნენ. ბადრი გახარებული მიაბიჯებდა "მდინარეში". აი, მიუახლოვდა კიდეც ხიდს, მიმოიხედა. არავინ ჩანდა. იდგა თაიგულით ხელში და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ "ინგა" მივიდოდა პაემანზე. უცებ ვიღაცამ მის ზურგს უკან დაიქუხა:

- რას შვრები, ყმაწვილო, ამ წვიმაში ცხელ გულს იგრილებ?

საიდანღაც ეცნო ხმა, მაგრამ ყურს არ დაუჯერა, ამ ყიამეთში ნაზის აქ რა უნდა, თანაც ის ხომ დაძინებული დავტოვეო. ნელა შემოტრიალდა ბადრი და რას ხედავს - დგას ნაზი დიდი ქოლგით ხელში და ინტერესით მისჩერებია ქმარს. ტუჩზე იკბინა კაცმა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ ნაზიმ: ამ თაიგულით იმ ძველ მეგობარს ელოდები, ლუდზე რომ დაგპატიჟაო? ვაი, დედაო, - ერთი კი ამოიკვნესა, თაიგული ესროლა "ვაჟკაც" მეუღლეს და უკანმოუხედავად გაიქცა...

ერთი კვირა შინ მისვლა ვერ გაბედა. ბოლოს, ნათესავი მიუგზავნა ცოლს შუამავლად და პატიება სთხოვა. ნაზიმაც აპატია. ამ შემთხვევამ ორი სასიკეთო შედეგი გამოიღო: ბადრი მობილურს აღარ გაჰკარებია, ნაზიმ კი უფრო ქალურად დაიწყო ჩაცმა და, თქვენ წარმოიდგინეთ, დანაზდა კიდეც...