"თაღლითობით ნაშოვნი ბინა თაღლითმა წამართვა"
01-02-2016
"თაღლითობით ნაშოვნი ბინა თაღლითმა წამართვა"
"ვფიქრობდი, თუ ასეთ გოგოს შევაბამ, ერთბაშად მოგებული ვიქნები, გირაოს ფული არ მექნება დასაბრუნებელი, კარგი ცოლიც შემრჩება და კიდევ მისი სახლი, რომელიც შენდება, ჩემი იქნება-მეთქი. კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო..."

რედაქციაში მოსულმა ახალგაზრდა კაცმა მითხრა, ერთ ძალიან ჭკვიან ქალზე მინდა მოგითხროო. ვიფიქრე, ამას ეტყობა, თავდავიწყებით უყვარს ის ქალი და უნდა, თავისებური ფორმით­ აუხსნას სიყვარული-მეთქი. არც შევმცდარვარ. კაცი მართლაც შეყვარებული და, იმავდროულად, სიყვარულის მსხვერპლი­ აღმოჩნდა.

გიგი: - დედა ადრე გარდამეცვალა. ბებია­სთან ვიზრდებოდი.
მამა ვერ მაკონტროლებდა. ცხადია, ვერც ბებო ახერხებდა, თავის ჭკუაზე ვეტარებინე. 17 წლის ვიყავი, ისიც რომ გარდაიცვალა. მოვხვდი ძალიან ცუდ წრეში - თაღლითებთან. ერთხელ დიდ შარში გავეხვიე. მამაჩემმა რის ვაი-ვაგლახით დამიხსნა პატიმრობიდან. მას მერე ვცადე, პატიოსნად მეცხოვრა, მაგრამ როგორც კი შანსი გამიჩნდა, ვითაღლითე.­ ერთხელ გვარიანი თანხა
ვიშოვე და სამოთახიანი ბინა ვიყიდე. ვიფიქრე, გავაქირავებ და მაიმუნობას თავს დავანებებ-მეთქი. ხელი მომემართა - უცხოელებზე ვაქირავებდი, თან ძვირად. ისე მომეწონა ეს საქმე, რომ ბებიასეული ბინაც გავაქირავე, თვითონ აგარაკზე გადავბარგდი. სამწუხაროდ, ძველმა ამფსონებმა მომაგნეს­ და აზარტულ თამაშებში ჩამითრიეს. მოკლედ, 12.000 დოლარი ვალად ავიკიდე, მაგრამ შეძენილი ქონების გაყიდვა­ დამენანა. თან გონს მოვედი, მივხვდი, თუ დიდი ფული მოხვდებოდა ჩემს ხელში, ისევ შემომიჩნდებოდნენ და გამატყავებდნენ. მოკლედ, ბინის დაგირავება გადავწყვიტე.­ გამოვაქვეყნე განცხადება. ბევრი გამომეხმაურა. მოდიოდნენ ბინის სანახავად, ზოგს ვიწუნებდი, არ მინდოდა ჩემს სახლში ეცხოვრა, ზოგს საკმარისი ფული არ ჰქონდა... ერთ საღამოს გოგომ დამირეკა, - თუ ბინა მომეწონება, ხვალვე გავაფორმოთ ხელშეკრულებაო. რაღაცნაირი ხმა ჰქონდა, მშვიდი, რომ ვერ ხედავ, მაგრამ ხვდები, რომ ლამაზი და ჭკვიანია. ნანახი ზუსტად დაემთხვა ჩემს წარმოსახვას. ბინაში რაღაცები მოსაწესრიგებელი იყო. ოღონდ უარი არ თქვა და ყველაფერს უმოკლეს დროში მოგიგვარებ-მეთქი.

- ერთი ნახვით შეგიყვარდა?
- ერთი ნახვით შემიყვარდა. კარგი სამსახური ჰქონდა. სახლს იშენებდა. ძველი ბინა გაეყიდა და ვიდრე მისი სახლი ჩაბარდებოდა, ქირაში ფულის გადაყრას ბინის დაგირავება ამჯობინა. მოკლედ, ბინა მივაგირავე და სარემონტო სამუშაოები დავიწყე. ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი, თუ ასეთ გოგოს შევაბამ, ერთბაშად მოგებული ვიქნები, გირაოს ფული არ მექნება დასაბრუნებელი, კარგი ცოლიც შემრჩება და კიდევ მისი მზითვი, სახლი, რომელიც შენდება, ჩემი იქნება-მეთქი.

ჩემზე ჭკვიანი გამოდგა. დამარწმუნა, რომ შევუყვარდი, დავქორწინდით კიდეც და ისიც მოახერხა, რომ ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, მის სახელზე, ჩემივე თანხმობით დაირეგისტრირა. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ხაფანგში გამაყოფინა თავი.

- როგორ?
- თურმე არანაირ სახლს არ იშენე­ბდა. მე კი ერთხელაც არ შემითავაზებია­ მისთვის, რომ ენახვებინა მშენებარე სახლი. ისიც ტიპური თაღლითი იყო.
სქესობრივი კონტაქტის დროს სულ კონტრაცეპტივებს ხმარობდა. ერთხელ ვკითხე, რატომ აკეთებ ამას, სამსახური გაქვს, ორი ბინა, მესამე შენი შენდება, არაფერი გვაკლია და ბავშვის გაჩენაზე თავშეკავების მიზეზი არ გაგვაჩნია-მეთქი. ჯერ გაბრაზდა, მერე კი, იმის ნაცვლად, პირდაპირი პასუხი გაეცა, მითხრა, რატომ ეხები ჩემს ქონებას, იმ ჩემს მშენებარე სახლს შენს ქონებად რატომ მიიჩნევო. სახტად დავრჩი... მოკლედ, უკმაყოფილების სერიალი დაგვეწყო და მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც გავიგე, რომ არანაირი მშენებარე სახლი არ არსებობდა. ბრაზისგან გონებაამღვრეულმა ერთ დღეს მომახალა, - ვერ ხვდები, რომ მშენებარე სახლი არ არსებობს და ისიც დაკარგე, რაც გქონდა - შენი ბინა ახლა ჩემიაო!

- სახლიდან გამოგაგდო?

- ასე გამოდის. მართალია, რომ ქარის მოტანილს ქარი წაიღებს. ის ბინა თაღლითობით ნაშოვნი ფულით ვიყიდე და თაღლითმა წამართვა. ჩემთან გაყრის შემდეგ გაყიდა. არ ვიცი, ახლა თუ იშენებს რამეს, მაგრამ ვეჭვობ, ფულს მორიგი მამაძაღლობისთვის გამოიყენებს. ვაღიარებ, ძალიან ჭკვიანი და თან სახიფათო ქალია.

სოფო გამრეკელი
დათო
20 სექტემბერი 2017 03:14
ეს ზღაპრები საიდან მოგაქვთ? სტანისლავსკი იტყოდა "არ მჯერავს"!

რედაქტორის რჩევით