ნუთუ შეიძლება ორი ქალი ერთდროულად გიყვარდეს... - კვირის პალიტრა

ნუთუ შეიძლება ორი ქალი ერთდროულად გიყვარდეს...

უცნაური რამ ხდება ჩემს თავს... ისიც უცნაურია, რომ ახლა თქვენ გწერთ წერილს.

ცოლი სიყვარულით შევირთე. გვყავს პატარა გოგონა. ჩემი და ცოლის მშობლები მის გაზრდაში გვეხმარებიან, ჩვენ კი ყველგან ერთად დავდივართ, მაგრამ... სწორედ ამ "მაგრამმა" დამიკარგა მოსვენება. რამდენიმე თვის წინ მეგობრებთან ერთად რესტორანში წავედი. ჩემმა ცოლმა შინ ყოფნა არჩია.

რესტორანში თავის თანამშრომლებთან ერთად ჩემი ყოფილი შეყვარებულიც სადილობდა. მე და თეას ხუთი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, მერე ვიჩხუბეთ და დავშორდით. ლამის გული გამისკდა, როცა გავიგე, გათხოვდაო. მივხვდი, ეს ჩემს ჯიბრზე გააკეთა, მაგრამ საკუთარ თავსაც ავნო. მალევე გაშორდა ქმარს. ამასობაში გავიცანი ძალიან კარგი გოგონა, ნანა. ერთმანეთი შეგვიყვარდა. ბევრჯერ გამქცევია ფიქრი თეასკენ, მაგრამ თავისთვის მიჯობნია.

როგორღაც ამოვიგდე გონებიდან მისი სახე (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა)... რესტორანში შემთხვევითმა შეხვედრამ კი ძალიან ამაფორიაქა. მივხვდი, ისევ მიყვარდა. თეამაც დამინახა, შორიდან გამიღიმა და თავი დამიკრა. ვერ მოვითმინე, მივედი და თბილად მოვიკითხე... მინდოდა, მოგვიანებით საცეკვაოდ გამეწვია, მაგრამ თეა ადრე წავიდა. იმ დღიდან ჭკუაზე აღარ ვარ. გულს ვერაფერს ვუდებ, სულ თეაზე ვფიქრობ, არადა, გეფიცებით, ნანაც ძალიან მიყვარს.

ვიცი, კაცები ხშირად ორმაგ ცხოვრებას ეწევიან, ერთი ქალი უყვართ, მეორესთან მოვალეობა აკავშირებთ. მე კი, საუბედუროდ, ორივე ძალიან მიყვარს. მითხარით, ეს ნორმალური მოვლენაა? და რით შეიძლება ამგვარი ურთიერთობა დასრულდეს?

გ.ს. თბილისი