"ორი თვეც არ იყო გასული, რომ რძალი თავისი "უფლებების" რეალიზებას შეუდგა" - "რძალმულიანი" ანუ მესამე ყოველთვის ზედმეტია? - კვირის პალიტრა

"ორი თვეც არ იყო გასული, რომ რძალი თავისი "უფლებების" რეალიზებას შეუდგა" - "რძალმულიანი" ანუ მესამე ყოველთვის ზედმეტია?

მატარებლის სადგურში ისე წავიდა, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არაფერი უთქვამს

აჩი და ანი ადრე დაობლდნენ და დარჩნენ ერთმანეთის ანაბარად. აჩი 18 წლის იყო, ანი - 12-ის. ნათესავები ცდილობდნენ და-ძმისთვის არაფერი მოეკლოთ, მაგრამ ნათესავი მშობლებს ვერასოდეს შეცვლის.

ადრინდელი უდარდელი და ლაღი ბიჭი უცებ დაკაცდა, მეგობრებისთვის აღარ ეცალა, ლექციების მერე (უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა) შინ გარბოდა, - ანის უნდა მივხედოო. ანი აჩის დაუკითხავად ნაბიჯს არ დგამდა.

ერთმა შეძლებულმა ნათესავმა აჩი თავისთან, სამსახურში მოაწყო, ანიმაც უცხო ენების ინსტიტუტში ჩააბარა და ასე თუ ისე მათი ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. ეგ იყო, აჩი თუ თავს იკავებდა და ტკივილს არც ანის, არც არავის ანახებდა, ანის ხანდახან ისე მოენატრებოდა მშობლები, დადგებოდა მათი სურათების წინ და საათობით თვალს არ აშორებდა. როცა აჩი შინ არ იყო, ხმამაღლა ტიროდა.

ერთ მშვენიერ დღეს, ექსკურსიიდან დაბრუნებულ ანის შინ უცხო გოგონა დახვდა. იგი შინაურულად მიესალმა და გაეცნო - მე ეკა ვარ, აჩის ცოლი, ამიერიდან ერთად ვიცხოვრებთო. ძმის ეს ნაბიჯი იმდენად გაუკვირდა ანის, რომ სიხარულიც ვერ გამოხატა. ის და აჩი ხომ არაფერს უმალავდნენ ერთმანეთს. ძმის მეგობარ გოგონებს თითქმის ყველას იცნობდა, ეკას შესახებ კი არაფერი გაეგონა და ამიტომაც გაოცებული მისჩერებოდა გოგონას, რომელსაც მისი ქოშები და მაისური ეცვა...

აჩი მაღაზიიდან პროდუქტით და სასმლით ხელში დაბრუნდა და და გადაკოცნა - მომილოცე გაბედნიერებაო... მერეღა მოვიდა გონს ანი და ორივეს გადაეხვია, გულითადად მიულოცა ბედნიერება.

ორი თვეც არ იყო გასული, რომ რძალი თავისი "უფლებების" რეალიზებას შეუდგა. ანის უთხრა, ბევრი ტანსაცმელი მაქვს, ჩვენს ოთახში რომ კარადაა, იქ არ ეტევა და შენთან უნდა შემოვიტანოო. ანის უარი არ უთქვამს. იმ დღიდან მოსვენება დაუკარგა გოგოს, როცა უნდოდა, მაშინ შეუღებდა ოთახის კარს. მეცადინეობდა თუ ეძინა, არას დაგიდევდათ, მიაჩნდა, რომ ის იყო დიასახლისი და ყველა კუთხე-კუნჭული მას ეკუთვნოდა. ანი ცდილობდა, შინ გვიან მისულიყო, რომ ნაკლებად შეეწუხებინა რძალი. როცა შინ იყო, რძალს ეხმარებოდა... მაინც ვერ მოიგო ეკას გული. არ უნდოდა "ზედმეტი მესამე" და მორჩა. იმდენი ქნა, აჩიც აუმხედრა.

სხვა გზა არ იყო, ამიტომაც ძმას შეჰბედა, - იქნებ ბინა გავყოთ, თქვენ ორი ოთახი, მე კი - ერთიც მეყოფაო. თითქოს არ იყო წინააღმდეგი აჩი, მაგრამ ცოლთან მოლაპარაკების შემდეგ გაფიცხდა და დას უდიერად მიმართა: შენზე ამხელა ამაგი მაქვს და ბინის წილს როგორ მთხოვო?

- აბა, რა ვქნა, სად წავიდე, ჩემი მშობლების ბინიდან ნუთუ წილი არ მეკუთვნის? - ტირილი წასკდა ანის.

- გოგო ხარ, რა წილს მთხოვ, გათხოვდები და შენი ქმრის ბინაში გექნება წილიც და ადგილიც! - მიუგდო აჩიმ და გაეცალა.

ამ საუბრის შემდეგ აჩი პირს აღარ უჩვენებდა დას. თავისთვის მწარედ ფიქრობდა ანი და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა: - რა ვქნა, არავინ მიყვარს და უსიყვარულოდ როგორ გავთხოვდე, თორემ იქ გაჩერება ჩემთვისაც სატანჯველია. სად წავიდე, სად გადავიკარგოო...

თანდათან აუტანელი ხდებოდა ძმასთან და რძალთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა... რაღაც უნდა მოეფიქრებინა, რომ აქაურობას გასცლოდა. ძმასთან და რძალთან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთად ექცა და უცებ გონება გაუნათდა, - ავდგები და რაიონში წავალ, უცხო ენის მასწავლებელი იქაც ხომ სჭირდებათო... თქვა და გააკეთა. განათლების სამინისტროში მეგობრის დედა მუშაობდა და მას სთხოვა დახმარება. მანაც, ოზურგეთის სკოლაში არის თავისუფალი შტატიო და...

ერთ დღესაც ანიმ მშობლებისეული ძველი ჩემოდანი კარადიდან გამოიღო, ყველაზე საჭირო ნივთები ჩაალაგა და მატარებლის სადგურში ისე წავიდა, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არაფერი უთქვამს, მერე შევეხმიანებიო. დედამისი გურული იყო და იქ ნათესავებიც ჰყავდათ. ერთმა, სკოლასთან ახლოს ოროთახიანი ბინა მაქვს დაკეტილიო და უყოყმანოდ ჩააბარა გასაღები - რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს იცხოვრე, ჩემი ბიჭები მაინც რუსეთში არიან გადაკარგულები, მე და ჩემს ცოლს კი სოფელში ყოფნა გვირჩევნიაო... კიდევ ერთხელ ჩასწყდა გული ანის - ძმამ, რომელიც ასე უყვარდა, - ზურგი შეაქცია, დედის ბიძაშვილმა კი, რომელთანაც სულ სამჯერ იყო ნამყოფი, გულღიად მიიღო.

ნათესავებმა დანესტიანებული, დიდი ხნის უცხოვრებელი ბინა გაურემონტეს, ზოგმა კარადა მოუტანა, ზოგმა საწერი მაგიდა და ტელევიზორი.

შეუდგა ანი ახალ ცხოვრებას. აჩის გულმა ვერ მოუთმინა და ჩააკითხა დას. როცა ბინაში ფეხი შედგა და იქაურობა მოათვალიერა, ცერა თითი დაანახა, - ყოჩაღ, კარგად მოწყობილხარ, შენ არსად დაიკარგებიო... ეგ იყო და ეგ. ამ სიტყვებით ყველაფერი თქვა აჩიმ. მიხვდა ანი, რომ მშობლების ბინიდან თავის წილს ვერ ეღირსებოდა, თუ იჩივლებდა, ალბათ მიაკუთვნებდნენ კიდეც, მაგრამ ამას როგორ იზამდა. დაე, ჩემი ტკივილი ჩემთან დარჩესო, - გაიფიქრა და აღარაფერზე შედავებია ძმას. მათ შორის გაჩენილი ბზარი უკვე ისე იყო გაღრმავებული, ნაპრალი ერქვა და ვერასოდეს ამოივსებოდა...

ქალბატონი ქეთევანი იმავე სკოლაში ასწავლიდა, სადაც ანი მუშაობდა. 60 წლის იუბილეზე უცხოეთიდან ვაჟი ჩამოუვიდა. ირაკლიმ დაინახა თუ არა ანი, ერთ ნათესავს ჩაულაპარაკა, - ვინ არის ეს ანგელოზიო? გაეღიმა გურულს, - მაი, დედაშენის ახალი თანამშრომელია, ბევრი უპრაწავს თვალებს და თუ მოგწონს, სტაცე ხელი, თვარა მეორე ჩამოსვლაზე გათხოვილი დაგხვდებაო. ირაკლის ჭკუაში დაუჯდა რჩევა. მეორე დღეს აპირებდა გერმანიაში დაბრუნებას, მაგრამ ერთი კვირით გადადო გამგზავრება. დედამაც ძალიან უქო მისი მოწონებული გოგო. ანი მოხიბლა ირაკლის თავაზიანობამ, თბილმა დამოკიდებულებამ.

რამდენიმე დღის შემდეგ ცოლობა რომ სთხოვა, ბევრი აღარც უფიქრია. ოზურგეთში მოაწერეს ხელი, პატარა ქორწილიც გადაიხადეს. აჩისაც ეწვივნენ თბილისში. მანაც გაშალა სუფრა. ნათესავებს, ახლობლებს, ყველას უხაროდა ანის გაბედნიერება. მხოლოდ ეკამ ვერა და ვერ გახსნა წარბი, გულზე სკდებოდა - ეს ლაწირაკი რა ბედში ჩავარდაო...

უცებ, თვალის დახამხამებაში მოხდა ყველაფერი. ქარბორბალა რომ დააბზრიალებს ადამიანს, ისე დაემართა ანისაც. გონს რომ მოვიდა, უკვე მიუნხენში იყო.

ასე მოულოდნელად გაუმართლა ანის. ის უსაზღვროდ კმაყოფილია ბედით, მაგრამ გულში მაინც აქვს ჩარჩენილი დარდი - დარდი ძმის გადასხვაფერებისა და მისი საქციელის გამო...

ყველაზე მტკივნეული საყვარელი და უახლოესი ადამიანისგან მიყენებული წყენაა.