"ვსვამდი და მახსენდებოდა, როგორ გალოთდა მამაჩემი. ალბათ, მეც ასე მოვკვდები-მეთქი"
08-02-2016
"ვსვამდი და მახსენდებოდა, როგორ გალოთდა მამაჩემი. ალბათ, მეც ასე მოვკვდები-მეთქი"
მაკა ქუჩაში გავიცანი. გვიან ღამით, ვიღაც კაცი სცემდა. ხალხი მიეშველა. ფეხზე წამოაყენეს. მთვრალი იყო. ამიტომაც მათ, ვინც მოძალადეს გაარიდა, ზურგი აქციეს. ერთი-ორმა ნირწამხდარმა ჰკითხა, ლოთი ხარ, გოგოო? უმწეოდ იდგა. პალტო და კაბა გავუფერთხე. ფეხზე დგომა უჭირდა. ვკითხე, ვინ დაესხა თავს. მეგობარი იყო, მასთან ერთად მოვდიოდი, სუფრაზე ერთად ვიყავითო. ვერ იხსენებდა, რატომ დაესხა თავს ის ვითომ მეგობარი. ტირილი დაიწყო და ასფალტზე დაჯდა. ძლივს წამოვაყენე.

მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა. მივაცილე. სახლის კარი ღია
დახვდა, შევიდა და იქვე, ზღურბლთან წაიქცა. მხოლოდ დედა ჰყოლია შინ, ისიც ლოგინად ჩავარდნილი. მაკა ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახე. მოვიდნენ, დაგვამშვიდეს, სასმლით ინტოქსიკაციის ბრალიაო. რჩევები და მედიკამენტური დანიშნულება დამიტოვეს. მივუტანე ყველაფერი. ის ღამე მაკას გვერდით, სავარძელში გავათენე. ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რამ ოდესმე
მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. დილით, როდესაც გამოფხიზლდა, ჯერ შეცბა, უცებ ვერ მიცნო, მერე კი ტირილი აუვარდა. ბოდიშს მიხდიდა, ალბათ, ძალიან შეგაწუხეთო. მაკა ღარიბულად ცხოვრობს. წლებია ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის. ერთადერთი ძმა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. დედამ შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო და ინსულტი დაემართა. მამა ნერვიულობის გამო გალოთდა და ღვიძლის სიმსივნით დაიღუპა.

მაკა: - მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებელი კარგი მაჩვენებლებით დავამთავრე, სამსახური ვერ ვიშოვე. ვერც უცხოეთში წავედი სამუშაოდ. ვისთვის დამეტოვებინა ავადმყოფი დედა?! ხელსაქმე ვისწავლე, ხან ვკერავდი, ხან ვქარგავდი, კარგად გამომდიოდა, მაგრამ იმდენ ფულსაც ვერ ვშოულობდი, რომ საჭმელსა და მედიკამენტებში გვყოფნოდა. მაღაზიები ჩემს ნახელავს სიამოვნებით იბარებდნენ, ძვირადაც ყიდდნენ, მაგრამ მე მცირე ნაწილს მაძლევდნენ. ამიტომაც მუდმივად ვალი მქონდა. ერთხელაც ისეთი გაბოროტებული ვიყავი, ვიფიქრე, თავს მოვიკლავ, მტკვარში გადავხტები და ამით დასრულდება ჩემი ტანჯვა-მეთქი. კარგა ხანს დედაენის ბაღში ვიბოდიალე.

მიუხედავად იმისა, რომ საშინელი მიზანი მამოძრავებდა, ვერ გავბედე სანაპიროსთან ახლოს მისვლაც კი. იქვე, ხის სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი ამივარდა. ვიღაც ქალი მომიჯდა გვერდით, რა გატირებსო. რატომღაც ყველაფერი ვუთხარი. ჩანთიდან ბოთლი ამოიღო და მომაწოდა, დალიე, დაგამშვიდებსო. ვსვამდი და მახსენდებოდა, როგორ გალოთდა მამაჩემი, როგორ დაეშალა ღვიძლი. უფრო მეტად მერეოდა ტკივილი, ალბათ, მეც ასე მოვკვდები-მეთქი, ვფიქრობდი და ვბღაოდი, ოღონდ სირცხვილის განცდა აღარ მქონდა.

მერე რა მოხდა, არ მახსოვს. თურმე სიმთვრალისგან გავითიშე. იქვე მივწექი სკამზე და დამეძინა. სრულიად უცხო გარემოში გამეღვიძა. ვიღაცის სახლში ვიყავი, ირგვლივ სულ ნახატები იყო და პირველი, რაც მძაფრად ვიგრძენი, რაღაცნაირი უმძიმესი, სიგარეტის სუნი იდგა. ტანსაცმლიანად ვიწექი, იქვე იდო ჩემი პალტო, ფეხსაცმელები... თავი გაბრუებული მქონდა, წამოწევაც კი მიჭირდა, არათუ საწოლიდან გადმოსვლა. როგორც ჩანს, გავცივდი სანაპიროზე, ზამთრის ღამეში სკამზე მიწოლილი.

- ვინ გიხსნა, ვინ წაგიყვანა თავისთან?
- იმ კაცმა, წუხელ რომ მცემა. სახლში არა, სახელოსნოში მივუყვანივარ. რამდენიმე მეგობარს აქვს საერთო სახელოსნო.

- შეგიყვარდა?
- კი. ის რომ არ გამოჩენილიყო, იმ ღამეს მოვკვდებოდი და მიუხედავად იმისა, რომ თავი ვერ მოვიკალი, მაინც დასრულდებოდა ჩემი ტანჯული ცხოვრება. იმ კაცის სახელს ვერ გეტყვით. არც ცნობილი მხატვარია. უბრალოდ, ხატავს და ფულს ამით შოულობს. ჭკვიანია, სხვებივით ლოთობაში არ გაუფლანგავს. რაც იშოვა, პატარა კომერციული ფართობიც იყიდა და არ უჭირს. წლებია მეხმარება, დედაჩემს პატრონობს. საჭმლით გვამარაგებს.

- თუ ასე გევლება თავს, რა დაემართა, ქუჩაში სახალხოდ რატომ გცემა?
- სიმთვრალის გამო.

- ხომ მითხარი, რომ სუფრასთან ერთად იყავით, რატომ მოგცა დათრობის უფლება, თუ ასე აღიზიანებს შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა?
- თავიდან ერთად ვიყავით, მერე მეგობარმა დაურეკა და წავიდა. მე დავრჩი და დავთვერი. სამწუხაროდ, მამაჩემის კვალს გავყევი, ძალიან მივეჩვიე სმას, რის გამოც ხშირად მეჩხუბება.

- გინდა თქვა, რომ წუხელ პირველად არ გცემა?

- ჰო, სამწუხაროდ, ასეა.

- მერე უჩივლე, შენ კიდევ იმკურნალე. გინდა ლოთის სახელი გქონდეს?

- ვერ ვუჩივლებ, მე ვარ დამნაშავე. ის ცდილობს, გამომასწოროს.

- ცემით გამოსწორებული ვინ გინახავს? ეს ძალადობაა. თუ დახმარება არ შეუძლია, გაგშორდეს.
- ამბობს, რომ ვუყვარვარ და უნდა გადამარჩინოს. იმ ღამით, როგორც კი მეგობართან საქმეს მორჩა, დამირეკა, სად ხარო. აქ შევხვდი, რომ დამინახა, გაცოფდა, ვშიშობდი, რომ ამას იზამდი, ღორივით დათვრებოდიო და როცა ბოდიშის ნიშნად ჩახუტება ვცადე, ხელი მკრა. რომ წავიქეცი და ასაყენებლად დაიხარა, ფეხზე შემოვეხვიე და კოცნა დავუწყე. ამან გააცოფა, რა საზიზღრად იქცევიო და მცემა.

- არ გინდა დაგეხმარო ექიმებს ან ფსიქოლოგებს დაგაკავშირო და განკურნებაში დაგეხმარო?
- არა. მინდა მოვკვდე.

P.S. ამ რუბრიკაზე მუშაობის დროს უამრავი იმედგადაწურული ადამიანი მინახავს, მაგრამ მათ რჩევა სჭირდებოდათ, დახმარებას ითხოვდნენ, მაკა კი არაფერს ითხოვს, პირიქით, მთელი ძალით მიიწევს ჭაობისკენ და არ ვიცი, როგორ ვუშველო. იქნებ ჩემი საქმე არც არის მისი შველა?!

სოფო გამრეკელი
Tu simartlea
23 თებერვალი 2016 01:08
თუ ეს ამბავი მართალია დამაკავშირეთ ამ ადამიანს ვეცდები დავეხმარო
eeeeeeh
18 თებერვალი 2016 22:45
იქნებ რამე მოიფიქროთ ამ უბედური ხალხის გადასარჩენად! მე რომ ფული მქონდეს გავხსნიდი ლოთების იძულებით სამკურნალოს! ვისაც შეგიძლიათ უშველეთ ახალგაზრდებს მაინც რაა?!
ელდარი
14 თებერვალი 2016 03:09
ალკოჰოლზე დამოკიდებულ ახალგაზრდობას აუცილებლად სწირდება მკურნალობის უფასო პროგრამა, საქარტველოს საკნონ
მდებლო ორგანოს ვტხოვტ მიიგოს დადგენილება.

რედაქტორის რჩევით