ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ დაუდებენ - კვირის პალიტრა

ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ დაუდებენ

ძლიერი ხასიათი, სულის სიმტკიცე, სირთულეებთან გამკლავება - ამ თვისებებს მამაკაცებს მიაწერენ. თუმცა ყველა ეპოქაში გამოჩნდებოდა ქალი, რომელიც გამბედაობითა და სიმამაცით გამოირჩეოდა.

დღეს რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ.

საფო

საფო ძველი ბერძენი ლირიკოსი ქალი გახლდათ. იგი ერთ-ერთი პირველია იმ ქალ მწერლებს შორის, რომელთა ნაწარმოებებიც ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. საფო კუნძულ ლესბოსზე, ძვ. წ. დაახლოებით 630-სა და 612 წლებს შორის დაიბადა. მან ბავშვობა ამავე კუნძულზე მდებარე ქალაქ მიტილენში გაატარა. იგი გახდა ავტორი მრავალი სასიყვარულო და ვნებიანი პოემისა, რომელთა დიდი ნაწილიც სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს ეძღვნებოდა. ბერძენ ლირიკოსს ხშირად განიხილავენ, როგორც ლესბოსელური ლიტერატურის პიონერ მწერალს. საფოს რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა მას შემდეგ, რაც მისი სექსუალური ორიენტაცია გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა, იგი 10 საუკეთესო პოეტს შორის დაასახელა.

მარგარეტ ტეტჩერი - ”რკინის ლედი”

მარგარეტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ 1979-90 წლებში. მან მსოფლიოს თავი სიბრძნით, ძალაუფლების სიყვარულით, მონდომებით, შემართებით დაამახსოვრა. ბევრ ეპითეტს გაიგონებდით მისი მისამართით. სიჯიუტისა და გაუტეხლობის გამო „რკინის ლედი“ შეარქვეს, ზოგი „მოუსვენარ კუდიანსაც“ ეძახდა, მაგრამ საოცარი შრომისმოყვარეობის გამო მარგარეტ ტეტჩერი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მარგარეტის სახელთან არის დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეფორმები ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ინდირა განდი

ინდირა განდი 1917 წელს დაიბადა ინდოეთის ერთ მდიდარ ოჯახში. იგი პოლიტიკურ გარემოში იზრდებოდა, მისი ბაბუა ინდოეთის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერი იყო, მამა კი დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი. 1941 წელს ინდირაც ჩაერთო ინდოეთის დამოუკიდებელ მოძრაობაში. 1966 წელს კი იგი თავად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად. თავიდან მისი მოწინააღმდეგეები ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდნენ, "სულელი თოჯინაც" კი შეარქვეს, მაგრამ "მთვარის ქვეყანამ" მალევე დაამტკიცა როგორ ცდებოდნენ ისინი. უდიდესი ტკივილის მიუხედავად, რაც ჯერ ქმრის, შემდეგ მამისა და უმცროსი შვილის გარდაცვალებამ მიაყენა, იგი მაინც ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას. ძნელი წარმოსადგენია როგორ მოერია ამხელა განსაცდელს, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. თავისი გამძლეობით, სიბრძნით, ჭკუით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალ ლიდერად იქცა.

დედა ტერეზა

დედა ტერეზა ალბანელი კათოლიკე მონაზონი გახლდათ, მან ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები” დააფუძნა და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მას სიცოცხლეშივე წმინდანად თვლიდნენ. მომავალი მისიონერი 18 წლის ასაკში ირლანდიაში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა. მალე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა. იგი უპოვრებს, უსახლკაროებს, მომაკვდავებსა და მძიმე ავადმყოფებს ეხმარებოდა. 1969 წელს BBC-იმ დედა ტერეზაზე გადაცემა გააკეთა და იმ დღიდან იგი მსოფლიოს ცნობილი ადამიანი გახდა. გადაცემის გასვლის შემდეგ უამრავმა ადამიანმა მასთან თანამშრომლობისა და დახმარების სურვილი გამოთქვა. დედა ტერეზა 1997 წელს კალკუტაში, ქველმოქმედი მისიონერის ოჯახში გარდაიცვალა. ამ დროისთვის უკვე მსოფლიოს 123 ქვეყანაში 4 000 ქველმოქმედი მისიონერი მოღვაწეობდა.

კოკო შანელი - მოდის ინდუსტრიის დედოფალი

კოკო შანელმა მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტების გამოყენებით ქალის ახალი და განსხვავებული სტილი შექმნა. უარყო კორსეტი, გადატვირთული კაბები, შემაწუხებელი ვარცხნილობა, პირველმა ჩაიცვა შარვალი, თმა მოკლედ შეიჭრა და შავი ფერი კლასიკად აქცია. შექმნა ლეგენდარული პარფიუმი Chanel No. 5. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც დიზაინერის სახელს ატარებდა და დღესაც, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადია. ის ერთადერთი დიზაინერია, რომელიც XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.

დები მირაბალები

დები მირაბალები - პატრია, მინერვა და მარია-ტერესა, ქმრებთან ერთად წინ აღუდგნენ დომინიკაში პრეზიდენტ რაფაელ ტრუხილიოს რეჟიმს. იბრძოდნენ სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის, იყვნენ იატაკქვეშა რევოლუციური მოძრაობის წევრები. მიუხედავად არაერთგზის დაპატიმრებისა, ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. 1960 წლის 25 ნოემბერს მთავრობა გაუსწორდა დებს - სამივე წამებით მოკლეს, რამაც ბიძგი მისცა მასობრივ მოძრაობას - 6 თვის შემდეგ ტრუხილიოს რეჟიმი დაეცა. მას შემდეგ გაერომ 25 ნოემბერი ქალების მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ნენსი უეიქი

მისი თავი გესტაპომ 5 მილიონ ფრანკად შეაფასა, თუმცა ნენსის, მეტსახელად "თეთრი თაგუნიას", დაჭერა ფაშისტებმა მაინც ვერ მოახერხეს. ნენსი საფრანგეთის აგენტი იყო, მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში, ერთხელ გერმანელი გუშაგი შიშველი ხელებით გამოასალმა სიცოცხლეს. ომის შემდეგ ქალი სხვადასხვა ქვეყნის მედლითა და ორდენით დააჯილდოეს. ნენსი უეიქი 2011 წელს 98 წლისა გარდაიცვალა.

ჟანა დ,არკი

ჟანა საფრანგეთის ეროვნულ გმირად იქცა. სათავეში ჩაუდგა სახალხო არმიას და ბრძოლას ბრძოლაზე იგებდა, ინგლისელთა ალყიდან გაათავისუფლა ორლეანი... ის მტრის მომხრე ბურგუნდიელებმა ჩაიგდეს ტყვედ და ინგლისელებს გადასცეს, თუმცა სასამართლო პროცესზე ნათელი გახდა, რომ მისი დადანაშაულება არც ისე იოლი იყო - თავი ღირსეულად ეჭირა და მტკიცედ უარყოფდა ბრალდებებს ერესსა და ეშმაკთან კავშირის შესახებ. ჟანა ვერ გატეხეს, მაგრამ მაინც კოცონზე დაწვეს. ჟანა დ,არკი შევიდა მსოფლიო ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმამაცესი ქალი.

ლილიან ბლენდი

ერთხელ ერთ წინდაუხედავ ყმაწვილს ლილიან ბლენდთან წამოსცდა, - ქალი და ტექნიკა შეუსაბამოაო. ქალბატონ ფოტოგრაფსა და რეპორტიორს დიდხანს არ უფიქრია, გამოწვევა მიიღო და 1910 წელს ირლანდიაში აეროპლანი ააგო, რომლითაც იმ დროისთვის შთამბეჭდავ მანძილზე, 27 მეტრზე იფრინა. არადა, არც იცოდა, როგორ უნდა ემართა ეს მანქანა. ლილიანმა საინტერესო ცხოვრება გაიარა და 93 წლისა გარდაიცვალა კანადაში.

ჰედი ლამარი

ჰედი ლამარი ბობოქარი ხასიათით გამოირჩეოდა: 16 წლისა შინიდან წავიდა და კინოში თამაში დაიწყო... ცოლად გაჰყვა ავსტრიელ მილიონერს, 4 წლის შემდეგ კი... ჰოლივუდში გაიქცა. ამ მშვენიერმა ქალმა, რომელიც ჩინებულად ერკვეოდა ზუსტ მეცნიერებებში, დააპატენტა ჩაუხშობელი რადიოგადაცემის ტექნოლოგია, რომელიც იმხანად სათანადოდ ვერ დააფასეს. სამაგიეროდ, წლების შემდგომ მისი ნამუშევრების საფუძველზე შეიქმნა GSM, GPS, Bluetooth სისტემები და WI-FI 802.11.

ჯესი კარტრაიტი

ქალბატონი რომელმაც, დიასახლისებს ცხოვრება შეუმსუბუქა, მან გამოიგონა მიკროტალღური ღუმელი, ხოლო შემდეგ შექმნა კომპიუტერი სარეცხი მანქანებისთვის

ბრიტანეთის დედოფალი ანა

სწორედ დედოფალ ანას ეკუთვნის იდეა ტოტალიზატორების შექმნასთან დაკავშირებით. მან იზრუნა აზარტული თამაშის მოყვარულებზე და შეაქმნევინა პირველი ტოტალიზატორი. ყველას შეეძლო ცხენებით შეჯიბრისას ფსონი სასურველ ნომერზე გაეკეთებინა.

იხილეთ ფოტოგალერეა