"დე­და მა­ინც, ბო­ლომ­დე მი­სი ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა" - კვირის პალიტრა

"დე­და მა­ინც, ბო­ლომ­დე მი­სი ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა"

მიტოვებული ოჯახის ტკივილი და ქალი, რომელმაც შვილს ცოლის ღალატი არ აპატია

"მე 56 წლის სერგი ჭირაქაძე ვარ. დედის გვარი მაქვს, რადგან მამას ფაქტობრივად, არ ვიცნობ და დროთა განმავლობაში, მისი გვარის ტარების სურვილიც გამიქრა. ჩემს მეგობრებს ახსოვთ, რომ ოდესღაც სხვა გვარი მქონდა, მაგრამ ჩემთან მოგვარეებზე ლაპარაკს ვერ ბედავენ. იციან, რომ ჩემი ნამდვილი მოგვარეებიცა და სისხლ-ხორციც მხოლოდ ჭირაქაძეები არიან. სულ ვოცნებობდი, მამას არ დავმსგავსებოდი, მასავით შვილი არ დამეკარგა. მართალია, მე და ჩემს ცოლს შვილი არ გვეყოლა, მაგრამ ვზრდით ბავშვს, რომელსაც არასდროს ვუღალატებ. ის იამაყებს ჩემი გვარით, მამით და იმით, რომ იმ დროს გამოვჩნდი მის ცხოვრებაში, როცა ეს ძალიან სჭირდებოდა".

- ბატონო სერგი, მამათქვენზე რისი მოყოლა შეგიძლიათ? რამდენი წლის იყავით, როცა მიგატოვათ?

- 2 წლის ვიყავი, როცა სხვასთან გაიქცა. მან არა მარტო საყვარელი ქალი, არამედ შვილიც მიატოვა ვიღაც უსინდისოს გამო, რომელიც ჩვენს ოჯახში გველივით შემოძვრა და რაც ბრჭყვიალებდა, იმის მითვისება გადაწყვიტა. ის ქალი დედას ნათესავი იყო. სოფლიდან თბილისში ჩამოსულს, ახალდაქორწინებულმა ოჯახმა ფართოდ გაუღო კარი და მასთან აცხოვრებდა. როგორც დედა ამბობდა, ახალგაზრდა ქალმა მის ქმარს თავბრუ დაახვია, გააგიჟა და კაცს ნებისყოფამ უმტყუნა, დაჰკრა ფეხი და სახლიდან წავიდა. დედას არასდროს გაუმტყუნებია მამა, ყოველთვის ქალს ადანაშაულებდა საკუთარ უბედურებაში. შეიძლება, მართალიც იყო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამით უბრალოდ, თავს ინუგეშებდა: ქმარს ვუყვარდი, მაგრამ იმან აცდუნაო. ასე იყო თუ ისე, ოჯახის უფროსის გარეშე დარჩა ჩვენი ოჯახი. სახლს საძირკველი გამოეცალა და წლები დასჭირდა დედას, რომ გონს მოსულიყო. თურმე, პირველ ხანებში იმდენად ცუდად იყო, რომ სოფლიდან ჩამოსული ქმრის დედა ედგა მხარში. მამას არ ვცნობ, მაგრამ ვიდრე ცოცხალი იყო, ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი სოფელში. ის ჩემ მიმართ საოცარ სითბოს ამჟღავნებდა, ყველაფერში ხელს მიწყობდა და რასაც მოვისურვებდი, შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებლად ცდილობდა ჩემი ოცნებების ახდენას. საოცარი ადამიანი იყო.

- მასთან, სოფლად ჩასული, მამას არასდროს შეხვედრიხართ?

- არ შევხვედრივარ, ვინაიდან ბებიამ მას სოფელში ჩასვლა, მისი ნახვა აუკრძალა. უთხრა: თუ შენი შვილი არ გინდა, მეც არ გენდომები. ჰოდა, ჩემს დასაფლავებაზეც ნუ მოხვალ, არაფერში მჭირდებიო. ვინაიდან მცირეწლოვანი ვიყავი, მან დედაჩემის სახელზე გააფორმა სახლი, - "იმ კაცმა" და მისმა უცხვირპირო ცოლმა არ წაართვან ქონება ჩემს ანგელოზს. თქვენ უფრო გჭირდებათ სახლიც და ფულიცო. ეს ქალი სიკვდილამდე ჩვენი მფარველი ანგელოზი იყო და დარწმუნებული ვარ, გარდაცვლილიც ჩემს მფარველობას ცდილობს. სხვათა შორის, ჩემს ქალიშვილს ახლა მისი სახელი ჰქვია. მსიამოვნებს, როცა მაიკოს ვეძახი და ზოგჯერ, უმიზეზოდაც ხშირად ვიძახი მის სახელს.

- ანუ მას მერე, რაც ოჯახი მიატოვა, მამა არ გინახავთ? მას თქვენთან შეხვედრა არ უცდია?

- ამის მცდელობა წლების შემდეგ ჰქონდა. როცა გოგონა გაუჩნდა, თურმე იფიქრა, - და-ძმას ერთმანეთს გავაცნობ. რა იცი, რა ხდება და ერთმანეთი არ შეუყვარდეთო. ისევ იმ გოგოს გამო მოუნდა ჩემთან შეხვედრა, თორემ ჩემი სიყვარული კი არ აწუხებდა. ჰოდა, როგორც

მოვიდა, ისე გავაბრუნე უკან: მამა არასდროს მყოლია და ვერც მომავალში მეყოლება-მეთქი. მისმა შვილმაც სცადა ჩემთან დაკავშირება, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით გავისტუმრე. სწორედ მათი ასეთი შემოტევის შემდეგ გადავწყვიტე, გვარი შემეცვალა და ბოლოს რომ ველაპარაკე ჩემს ასე ვთქვათ, ნახევარდას, ვუთხარი: ახლა მაინც მოისვენეთ, ჩვენ ერთი გვარიც კი აღარ გვაქვს-მეთქი. იმ დღის შემდეგ არ შევუწუხებივარ...

- დედა აღარ გათხოვილა?

- მთხოვნელები ჰყავდა და მეც ვეუბნებოდი, რომ ჩემ გამო უკან არ უნდა დაეხია. ვეუბნებოდი, რომ მასაც ჰქონდა ბედნიერების უფლება! ყოფილი ქმრის დედაც კი ეხვეწებოდა, - ბედნიერება სხვაგან იპოვე. ვიდრე ცოცხალი ვარ, შენს შვილზე მე ვიზრუნებ, თუ ეს იქნება ხელის შემშლელიო, მაგრამ არაფრით გათხოვდა, ბოლომდე იმ კაცის ერთგული დარჩა, ვინც მის თავგანწირვას ნამდვილად არ იმსახურებდა. ალბათ, ელოდებოდა, თავისებურად იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე კაცი დაბრუნდებოდა. ვერ გათვალა, რომ მის მისაღებად მე არ ვიქნებოდი მზად და ე.წ. მამაჩემს დედასთან ურთიერთობის აღდგენის სურვილიც რომ გამოეთქვა, ამ ამბავს მე ჩავშლიდი.

- ასე რატომ აგიცრუვდათ გული მამაზე? ვიცი ამბები, როცა მიუხედავად ყველაფრისა, შვილები ყველანაირად ცდილობენ, გაყრილი მშობლები შეარიგონ...

- ალბათ, მე ასეთი კარგი ბავშვების კატეგორიას არ მივეკუთვნებოდი. მართალია, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მან მიგვატოვა, მაგრამ დღემდე მახსოვს, როგორ განვიცადე და მემწარა სიტყვები, რომელიც ნათესავმა მომახალა: როცა ვიკითხე, - მამა როდის დაბრუნდება-მეთქი? დედის ნაცვლად, მან მიპასუხა, - ის სასიკვდილე აღარ დაბრუნდება, მიგატოვათ, სხვის სიყვარულში გაგცვალათო... ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ თითქოს, ერთბაშად გავიზარდე, დავკაცდი და უნებურად ისეთი რაღაცების თქმა დავიწყე, რომ ყველას უკვირდა, - პატარა ბავშვი ასე უცნაურად როგორ აზროვნებსო?.. სხვათა შორის, ერთი კაცი გიჟდებოდა დედაჩემზე. ბატონ ბოჩიაზე მეც მაბოდებდა. საოცარი ადამიანი იყო, მოკრძალებული. ყოველდღე კანფეტით ხელში მხვდებოდა, მეფერებოდა, მელაპარაკებოდა ათასგვარ საკითხზე, ფეხბურთს მეთამაშებოდა (როცა საამისოდ დრო ჰქონდა). ერთხელაც, დედა გამიბრაზდა, - იმ კაცს თავი დაანებე, ნუ ეთამაშებიო. - რატომ-მეთქი? - გამიკვირდა. - კარგი კაცია, მაგრამ არ მინდა, მასთან ურთიერთობა რომ გქონდესო. - მე კი ძალიან მინდა, რომ ის მამაჩემი იყოს-მეთქი, - გაუაზრებლად ვუთხარი. დედას ტირილი აუტყდა, - რას მეუბნებიო? გამიკვირდა. ვერ მივხვდი, რატომ ეწყინა ჩემი სიტყვები. როცა გავიზარდე, მერე უფრო კარგად გავიაზრე, რომ იმ კაცს დედა უყვარდა და მისი სიყვარულით, მე მეფერებოდა, მაგრამ დედამ ვერ გარისკა ან ვინ იცის, იქნებ ისევ მამაზე ოცნებობდა და ამიტომაც უთხრა უარი ბოჩიას, რომელსაც მის გამო ცოლი არასდროს შეურთავს. როცა დედა მოკვდა, მხოლოდ ამის მერე გაბედა და დაკრძალვაზე მოსულმა მითხრა: მთელი ცხოვრება დედაშენს შევნატროდი, მან კი შემოხედვის ღირსიც არ გამხადა. ახლა მაინც მომეცით უფლება, რომ დავიტიროო. მისი სიტყვები იმდენად გულწრფელი იყო, ვიგრძენი, მას დედა ჩემზე არანაკლებად უყვარდა. ამიტომ, დავიფიცე, რომ სიცოცხლის ბოლომდე, ამ კაცს მამასავით ვუპატრონებდი და ასეა დღემდე, მას მამად მივიჩნევ და ყოველდღე ვერა, მაგრამ კვირაში რამდენჯერმე ვნახულობ.

- ნახევარდა რატომ არ მიიღეთ? მას ხომ არაფერი დაუშავებია თქვენთვის და არც არასდროს მიუტოვებიხართ.

გაგრძელება