"სარეკლამო მესიჯმა კინაღამ ოჯახი დაგვინგრია"
22-02-2016
"სარეკლამო მესიჯმა კინაღამ ოჯახი დაგვინგრია"
"დათოს ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე და "კვლავ მიყვარხარ" რომ წავიკითხე, ისევ გავცეცხლდი, ვლანძღავდი გამომგზავნ ორგანიზაციას, - ვის რა ოხრად სჭირდება თქვენი სიყვარული, ქმარს ვკარგავ-მეთქი"


საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაბეზრებულია სატელეფონო მესიჯებით, რომლებსაც კერძო კომპანიები თავიანთი პროდუქციის სარეკლამოდ გზავნიან. ერთ-ერთმა ასეთმა რეკლამამ ოჯახი კინაღ­ამ დაანგრია. ნატას და დავითს 15 წლის ბედნიერი ოჯახი აქვთ. ცოლ-ქმარი არასდროს დაეჭვებულა ერთმანეთის ერთგულებაში, თუმცა, ცოტა ხნის წინ კინაღამ ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ნატა: -
აგარაკზე მივდიოდით. იქ ჩემი
ქმრის მოხუცი მშობლები ცხოვრობენ. ქალ­ა­ქიდან გასვლის წინ მარკეტში შევიარე. ტელეფონი მანქანაში დამრჩა. ვიფიქრე, დათოს დარეკვა რომ დასჭირდეს, ვერ მომძებნის-მეთქი, მაგრამ დაბრუნება დამეზარა... დათო გაღიზიანებული დამხვდა. შემომ­იღ­რინა, - სად ხარ აქამდე, ვიღაცა გირეკავდაო. ვნახე, არავის უპასუხო ზარი არ იყო, მაგრამ შეტყობინება მომ­ივიდა უცნაური მისამართიდან. "მიყვარხარ" -
ეწერა­ ტექსტის ავტორის ნაცვლად. გავოგნდი, ცოტა ავღელდი კიდეც და ტექსტი გავხსენი. ერთ-ერთი ელექტრონული საქონლით მოვაჭრე, აბეზარი მაღაზიათა ქსელი მწერდა: 50%-მდე ფასდაკლება, მხოლოდ კონკრეტულ რიცხვებში, სიყვარულით თქვენი (ორგანიზაციის სახელი იყო მითითებული)... ცხადია, მესიჯი წავშალე და რატომღაც ჩუმად­ ჩავილაპარაკე, ამან სულ გააფრინა-მეთქი. ცხადია, ის ორგანიზაცია ვიგულისხმე. დათოს თურმე­ ყურები აქვს დაცქვეტილი. ვინ გააფრინაო? არავინ, იდიოტობა იყო, წავშალე-მეთქი. ხმა აღარ ამოუღია. იჯდა მოღუშული.
აგარაკზე ბევრი ვიმხიარულეთ, მაგრამ ვერ მივხვდი, ჩემს ქმარს რა ბუზანკალმა­ უკბინა - ვერაფრით გავახსნევინე წარბი. რამდენჯერაც მოვეხვიე, ცივად მომიშორა.

- არ ჩაეძიე უგუნებობის მიზეზს?
- როგორ არა, მაგრამ სიტყვა ბანზე ამიგდო და საერთოდაც გამეცალა. იმ ღამი­თაც ისეთი ცივი იყო, თითქოს ყინულის­ ლოდი მეწვა გვერდით. დილა რომ გათენდა,­ არც გამოუხედავს ჩემკენ.

საგონებელში ჩავვარდი. ვერ მივხვდი, რამ გააცივა ჩემი 15 წლის განმავლობაში ნაფერები კაცი. ძალიან უბედური ვიყავი. ვიფიქრე, სხვა ქალი ხომ არ გაიჩინა და სანამ მე მარკეტში ვვაჭრობდი, იმ დედაკაცმა­ დაურეკა, ისეთი რამ უთხრა, რომ თვალის დახამხამებაში შეუცვალა გუნება-მეთქი. მერე შევეცადე, გამომეცნო, რა უნდა ყოფილიყო ის, რის გამოც ქმარმა ამითვალწუნა და დავასკვენი: ალბათ იმ ქალმა უთხრა, შვილს ველოდებიო და ახლა საგონებელში ჩავარდნილი დათო ცდილობს, უხეშად მომექცეს, რომ მერე განშორება უფრო იოლად გადა­ვიტანო-მეთქი. მოკლედ, ერთ დღე-ღამეში გავუბედურდი აბსუ­რდული ფიქრების გამო.

- როგორ დაადგინეთ თქვენი განსაცდე­ლის მიზეზი?
- გადავწყვიტე, ქმართან გამერკვია, რა ხდებოდა. მზად ვიყავი ყველანაირი საშინელების მოსასმენად, ოღონდ კი როგორმე დამერქმია სახელი იმ აუტანელი მდგომარეობისთვის, რომელშიც ჩემი ქმრის მოღუშული სახე და არიდებული მზერა მაყენებდა.
შუადღემდე ვითმინე. როგორც კი მოხუცები გარეთ დავიგულე, ავღრიალდი, - ასე გაძლება არ შემიძლია, ყველაფერი უნდა გავარკვიოთ-მეთქი. უნდა გენახათ, რა გაოცებული მიყურებდა. მერე უცებ იფეთქა, ჩემ­გან რის გარკვევას ითხოვ? აბა, დაიწყე, ვინ არისო... ჯერ ვიფიქრე, რომ მომეყურა, მერე გავცეცხლდი, - კიდევ მე მეკითხები, ვინ არის? ეს შენ უნდა მითხრა, ვინც არის. ალბათ, შვილს ელოდებით, ეგ გითხრა და ამიტომ გაგიჟდი, ამიტომაც არ მიყურებ, ხომ? ისეთ რამეებს ვამბობდი, აშკარად არ ვტოვებდი ნორმალურის შთაბეჭდილებას.

ჰოდა, უცებ ტელეფონზე მესიჯი მოვიდა.­ გაბრაზებულმა ტელეფონი მოვისროლე, ახლა არავის ნერვები არ მაქვს, ყველამ თავი დამანებეთ-მეთქი. დათომ ტელეფონი აიღო, დახედა და იყვირა, - აი, კიდევო. მერე კიდევ კარგი, ტექსტი გახსნა და წაიკითხა. უნდა გენახათ, რა ისტერიული ხარხარი აუვარდა. გაშტერებული მივაჩერდი, - რა მოხდა-მეთქი. ისევ ის ორგანიზაცია იყო, ისევ მწერდა, მიყვარხარო...

დათო ძლივს დაწყნარდა. ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე და კვლავ "მიყვარხარ" რომ წავიკთხე, ისევ გავცეცხლდი. ვლანძ­ღავდი გამომგზავნ ორგანიზაციას, - ვის რა ოხრად სჭირდება თქვენი სიყვარული, ქმარს ვკარგავ, მის სიყვარულს ვკარგავ-მეთქი. მოთქმით ვტიროდი.

დათომ ჩამიხუტა და დამამშვიდა. გამო­მიტყდა, - შენ რომ ავტომობილიდან გადახვედი და ტელეფონი დაგრჩა, მესიჯი მოვიდა, თვალი გამომექცა და მესიჯის ავტორის სატელეფონო ნომრის ნაცვლად, მიყვარხარ რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ვიღაც ასე გყავდა ჩანიშნული და ეჭვიანობამ ამიტანა. ვერც ის ვაკადრე თავს, რომ ტელეფონი ამეღო და მესიჯი წამეკითხა, არადა,­ რა აღარ ვიფიქრეო. მეც გადავუშალე გული... ბედნიერებისგან ორივე ერთმანეთს ვეხვეოდით..
ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენს სიყვარულს საფრთხე არ ემუქრებოდა. არადა, ერთმა სარეკლამო ტექსტურმა შეტყობინებამ კინაღამ თავდაყირა დააყენა ჩვენი 15 წლის ნაფერები ოჯახი.

სოფო გამრეკელი
kiss
16 იანვარი 2017 08:53
Mesmis qalisac da kacis,gamoricxuli araa rame pataraa provokaviuli gaelveba da bzari chndeba urtiertobashi..
irina
30 აპრილი 2016 10:33
Es sms sataurit miyvarxar siyvarulis dgestan dakavshirebit ert dges modioda da ara mteli tve
მაკა
17 აპრილი 2016 20:37
მაგ ტექნობუმმა გამიშრო სისხლი, ჰოდა ერთხელაც მითითებულ ნომერზე დავრეკე და ვლანძღე უბედურად, უკანასკნელი სიტყვებით, მას შემდეგ აღარ მოსულა მესიჯი...

რედაქტორის რჩევით