"დედაჩემს რომ ვუთხარი, ძიძად ვაპირებ მუშაობას-მეთქი, გაგიჟდა, - სად კაცი და სად ძიძაო"
29-02-2016
"დედაჩემს რომ ვუთხარი, ძიძად ვაპირებ მუშაობას-მეთქი, გაგიჟდა, - სად კაცი და სად ძიძაო"
მსიამოვნებს ბავშვებისთვის სუფრის გაშლა, მათი მოვლა, ზღაპრების კითხვა. თავდაპირველად კითხვებს რომ მისვამდნენ, პასუხის გაცემა მიჭირდა, ახლა ყველა ზღაპარი ვიცი და ვეღარ "მჭრიან"

გსმენიათ რამე ქართველ კაცი-ძიძის შესახებ? მე ის მეგობრის ოჯახში გავიცანი. ვაკო ისე უვლის ორ ბავშვს, რომ მთელი ოჯახი აღმერთებს. ძლივს დავითანხმე მოეთხრო, როგორ გახდა ძიძა, მაგრამ მთხოვა ჩემი გვარი არსად­ ახსენოო.

ვაკო: - ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ ორგანიზაცია უცებ გაკოტრდა და შავ დღეში ჩავცვივ­დით... ერთი თვე ვეძებდი
სამსახურს. სად არ ვგზ­ავნიდი სამოტივაციო წერილებს,­ მაგრამ ამაოდ. ერთ დღესაც გატანჯული­ რომ ვბრუნდებოდი შინ და გონებაში ვითვლიდი, რამდენ ხანს მეყოფოდა დანაზოგი, ისიც გზის ფულად (რადგან ოჯახის პროდუქტით მომარაგება­ მამაჩემის კისერზე იყო), ლიფტის კარზე გაკრული განცხად­ება წავიკითხე - "ვეძებ ძიძას". თავში გამიელვა, ბავშვის მოვლა საპასუხისმგებლოა, მაგრამ
ამასთან სასიამოვნოც-მეთქი და ამოვწერე ტელეფონის ნომერი. შინ მისულმა­ დედაჩემს ვუთხარი, ძიძად ვაპირებ მუშაობას-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა,­ სად კაცი და სად ძიძაო.

- მალე დაიწყე მუშაობა?
- განმცხადებელს დავურეკე. გიჟი ხომ არ ხარო და გამითიშა ტელეფონი. მერე ჩემს მეგობარ გოგონებს ვთხოვე, დამეხმარეთ-მეთქი. მომიძებნეს ორბავშვ­იანი ოჯახი. ძალიან საყვარელი ბავშვები­ არიან, განსაკუთრებით პატარა ტასო. როცა მუშაობას ვამთავრებ, შინ არ მიშვებს...

- იცოდი, როგორ უნდა მოგევლო ბავშვებისთვის?
- უამრავი პროგრამაა ინტერნეტში, რომელიც გასწავლის, როგორ გაზარდო ბავშვი. ჩავუჯექი და ერთი კვირის თავზე ნებისმიერი გამოცდა შემეძლო ჩამებ­არებინა. ახლა ვფიქრობ, ჩემი პროფესიით სამსახურს თუ ვიშოვი, როგორ შეველიო ამ პატარებს.

- ეძებ სხვა სამსახურს?
- ცხადია.

- "სივიში" წერ, რომ ძიძად მუშაობ? ამაზე რა რეაქცია აქვთ?
- ზოგიერთმა სწორედ ამის გამო დამიბარა გასაუბრებაზე. ცნობისმოყვარეობა­ კლავთ - როგორია კაცი-ძიძა. ზოგს ეგონა, რომ არატრადიციული ორიენტაციის ვარ და ამიტომ ავირჩიე ძიძობა. არადა, ეს არაფერ შუაშია - საცოლე მყავს, დაქორწინებას ვაპირებთ და ორივეს გვინდა,­ ბევრი შვილი ვიყოლიოთ. მეტიც, ამ ახალმა პროფესიამ მიბიძგა, თბილისში საბავშვო ბაღი გავხსნა, სადაც არა მხოლოდ ქალი, კაცი მომვლელები და პედაგოგები იმუშავებენ. ბედნიერი ვარ, როდესაც ბავშვებთან ერთად ბაღში მივდივართ სათამაშოდ. ყველას ჰგონია, რომ ჩემი შვილები არიან. მეუბნებიან, რა მაგარი მამა ხარო. უნდა ნახოთ მათი სახეები, როდესაც­ ვეუბნები, მამა კი არა, ძიძა ვარ-მეთქი.

- როგორ მოახერხე ბავშვებისთვის­ თავის ასე შეყვარება, ან რას აკეთებ, გარდა იმისა, რომ მათ ართობ?

- მსიამოვნებს ბავშვებისთვის სუფრის გაშლა, მათი მოვლა, ზღაპრების კითხვა. თავდაპირველად კითხვებს რომ მისვამდნენ,­ პასუხის გაცემა მიჭირდა, ახლა ყველა ზღაპარი ვიცი და ვეღარ "მჭრიან".

ბავშვებს ვასწავლი წერა-კითხვას, ქართულად და ინგლისურად. კვირაში ორი ინგლისური დღე გვაქვს, როდესაც ვცდილობთ, მხოლოდ ინგლისურად ვილაპარაკოთ. ასევე გვაქვს სპორტის, ცეკვის, სიმღერის დღეები. მოკლედ, ჩემი პატარა საბავშვო ბაღი მაქვს. გაისად უფროსი­ - ანდრია, სკოლის მოსწავლე გახდება და შეგვეცვლება გრაფიკი, მაგრამ სულაც არ მაშინებს მოსალოდნელი სიახლე. აზარტულიც კი არის ასე მუშაობა...

- მეგობრები რას გეუბნებიან?

- ერთი-ორმა, უმუშევრობის გამო ძალიან რომ გაუჭირდა, მითხრა, ხომ არ მოგვიძებნი ძიძის ადგილსო, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, გაჭირვების გამო კი არ უნდა დაიწყო მუშაობა, ბავშვები უნდა გიყვარდეს. ბავშვებთან მუშაობა მაკეთილშობილებს, სხვა თვალით ვუყურებ ადამიანებს, სამყაროს, ცხოვრებას. ასე რომ, თუ ვინმეს, მამაკაცთაგან, სურს, რომ გახდეს ძიძა და გრძნობს, რომ ეს მისი მოწოდებაა, საზოგადოებრივი აზრი ნუ დააფრთხობს!

სოფო გამრეკელი
გიორგი
30 სექტემბერი 2017 09:35
ვაფასებ ამ ახალგაზრდას. არ ეზარება შრომა და ბავშვები უყვარს. რა არის ამაში ცუდი?
ხათუნა
26 მარტი 2017 15:16
მივესამების ასეთ ადამიანს..გაიხარე..შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება ხარ..შვილიშვილი მყავს 3 წლის...აი შენისთანა ძიძას თვალდახუჭული ავიყვანდი...წინსვლა და წარმატებებს გისურვებ...
თათა
25 მარტი 2017 15:54
და რამდენი ქალი აკეთებს კაცის საქმე ინისთვის რომ ბედოვლათი და უსაქმური ქმეები არჩუნონ ამას რატომ არ უფიქრდებიან ვინც მშრომელ ადამიანს დასცინებს უს თითონაა დასაცინი

რედაქტორის რჩევით